კრემლის “ოცნების” თამაში? - რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი არჩევნებში

“ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენა თანდათან “ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ხდება, ხოლო მოსკოვი კი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში მიანიშნებს, რომ ეს შესაძლოა რეალური იყოს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამაში კოორდინირებულ მოქმედებას ხედავს და მიიჩნევს, რომ კრემლი, ამ და კიდევ სხვა მეთოდებით, ირიბად ეცდება ქართველ ამომრჩევლებზე “ოცნების” სასარგებლოდ გავლენის მოხდენას. მეორე ნაწილის აზრით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე “ოცნებას” კარტები ბოლომდე გახსნილი არ აქვს”. 28 სექტემბერს კახეთში ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდევ ერთხელ ახსენა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ “ურთიერთშენდობის საფუძველზეა” შესაძლებელი. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადება წამოეწია, სადაც ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონს ჩვენს “მეზობელ ქვეყნებად” იხსენიებს და დასძენს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მათთან “ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს”. ოპოზიციის შეფასებით, ეს კრემლის მორიგი პროვოკაცია, ხოლო „ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლის “ოცნების” თამაში? - რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი არჩევნებში.

 

“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე ისეთი განცხადება გაავრცელა, რომელიც მნიშნელოვან წილად იმეორებს “ქართული ოცნების” პროგნოზებისა და დასავლეთის მიმართ მათი ბრალდებების შინაარსს. მაგალითად, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აგვისტოში გაავრცელად განცხადება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აშშ “თბილისის მაიდანს” გეგმავს. ამის შემდეგ, 27 აგვისტოს, რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, თავიდან აიცილოს “ფერადი რევოლუცია” საქართველოში. 11 სექტემბერს კი რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-მა დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს და ამისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ეუთო/ოდირი) იყენებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ახალი ინსტრუმენტი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა აღკვეთოს “ქართული ოცნების” გამარჯვება, რომელიც ახლა “ვაშინგტონისთვის არასასურველია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იგეგმება, რომ ეუთო/ოდირი შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს, რომელშიც იქნება დასკვნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”, - აცხადებს დაზვერვის სამსახური. ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს, პირველადი შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, მათივე ცნობით, “წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ”. ამ კონტექსტში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური შეერთებულ შტატებს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ის საბაბს აძლებს “პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს, რომლის მიზანიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა”... აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პერიოდულად საუბრობს აჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეზე. ერთ -ერთი ასეთი განცხადება ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ქართული ოცნება"” ოპოზიციას, დამკვირვებლებს, პარტნიორებს აბრალებს ყველაფერ იმას, რასაც თვითონ აკეთებს. “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები - ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან “ქართული ოცნება” დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ კრემლის მთავარი ამოცანაა “ოცნებას” ხელი შეუწყოს და ხელი შეუშალოს სხვა ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ხელის შეშლის მეთოდები კი სხვადასხვანაირია”, - დასძენს გამოცემა.

 

“მაგალითად, შეიძლება კრემლმა “ოცნებას” მისცეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების საუბრების ფარული ჩანაწერები. როცა კრემლი სხვა ქვეყნის არჩევნებში ერევა, ის ხელს უშლის იმ ძალას, რომელიც შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს. ასეთი განცხადებები მოსალოდნელია, თუმცა ეს უფრო ხელის შემშლელია, რადგან “ოცნებას” არ უნდა აწყობდეს, როცა რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რუსეთი ამით “ოცნებას” ახსენებს, რომ თქვე საცოდავებო, ჩემს ხელში ხართო”, - ამბობს ზაქარეიშვილი. ანალიტიკოსი ზააალ ანჯაფარიძე კი გვეუბნება, რომ რუსეთს არჩევნებში ჩარევის დიდი რესურსი აქვს და შეუძლია მრავალი ფორმა გამოიყენოს. “რუსეთს რესურსები აქვს, რომ ჩაერიოს, მაგალითად, არჩევნების წინ რაღაც ისეთი სენსიტიური ინფორმაცია შემოაგდოს, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს. ბოლოს და ბოლოს მას რომელიღაც ცნობადი სახის ლიკვიდაცია შეუძლია, რაც საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ე.წ. ჰიბრიდული მეთოდებიც არსებობს - სხვადასხვა სახის ინფორმაციული შემოგდებები”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის აზრით, ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ორჯერ გააკეთა - რომ ამერიკელები აქ ფერად რევოლუციას ამზადებენ და ა.შ.” - წერს სტატიის ავტორი.

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს ჩვენს მეზობელ “ქვეყნებად იხსენიებს”. მისი თქმით, რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. ამავე დღეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა კახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ესაა შეთანხმებული ნაბიჯები, რომელიც მოახლოებული არჩევნების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეალურად კი რუსეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ეს ლავროვის სიტყვებშიც ჩანს. ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ როცა რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს, ეს არ მიანიშნებს, რომ “ოცნება” და კრემლი კოორდინიტრებულად მოქმედებენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“არავითარი შემთხვევითობა და დამთხვევა არაა. ნამდვულად კარგად სინქრონიზებული შეთანხმებული ვარიანტია. რუსეთი ვერაგულად, მაგრამ ცდილობს “ოცნებას” არჩევნებში დაეხმაროს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ლავროვი გაიძვერა, მაგრამ მაინც დიპლომატია და შეეძლო სხვანაირი სიტყვები შეერჩია - თამამად შეეძლო გამოეყენებინა სიტყვა “ხალხი” და არა “სახელმწიფო” ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. მოკლე ტექსტში ამაზე ხაზი ორჯერ გაუსვა, რომ აფხაზეთს და “სამხრეთ ოსეთს” საქართველო უნდა ელაპარაკებოდეს, როგორც სახელმწიფოებს და რუსეთი დაეხმარება, რომ საერთო ენა იპოვონ. ეს “ქართული ოცნების” ძალიან ვერაგული და ცინიკური მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად დამცირება, მათ შორის საქართველოსი. ლავროვი ამით ეუბნება, რომ თქვე უბედურო “ქართულო ოცნებავ”, უჩვენოდ გასაქანი არსად გაქვთ, ამიტომ რუსეთის პირობები უნდა მიიღოთ, თუ გინდათ არჩევნებში გაიმარჯვოთო. “ქართული ოცნება” კი ამაზე სამარცხვინოდ დუმს, მისთვის გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დამცირებას იტანს როგორც თავისას, ისე საქართველოსი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ოცნებაში არც კი ფიქრობენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ან სხვა ღონისძიებებზე. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობის” გასამართლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არანაირად არ სჭირდება. ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მართლა სჭირდება და ღმერთმა დაგვიფაროს, ესაა, რომ მათ კონსტიტუციიდან ამოიღონ ნატო-სა და ევროკავშირში გაწვერიანების ვალდებულება. ბოდიშის მოხდას რად უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა?! 84 მოღალატე ისედაც ჰყავთ პარლამენტში, რომ ბოდიში მოიხადონ. ეს ძალიან ფარისევლური ნაბიჯია და ღმერთმა დაიფაროს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ. გაყალბების გარეშე ამას ვერ შეძლებენ და თუ დასავლეთი გაყალბების გამო საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, ისინი იტყვიან - რა აზრი აქვს ასეთ ორგანიზაციებში ყოფნას, როგორიც ნატო და ევროკავშირია? ამიტომ ჩვენ ამოვიღებთ ამ მუხლს. გაღმა შეედავებიან. ეს ვერაგული ფორმულა და გათვლაა. ერთადერთი, რასაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლია, არის ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა და ხმის არმიცემა “ოცნებისთვის”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

 

“ეს მაინც არ მიანიშნებს კოორდინირებულ საქმიანობას. როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ის, რომ თითქოს მოსკოვი დაეხმარება საქართველოს ამ “ქევეყნებთან” ურთიერთობების დარეგულირებაში თუ მოგვარებაში, ამაში, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობენ ძალის არგამოყენების და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რაც ფაქტიურად გულისხმობს, რომ საქართველომ ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ თითქოს ამ საქმეში რუსეთს რაღაც პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. თუმცაღა მეორე მხარეცაა - რომ, სამწუხაროდ, რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, რადგან იქ რუსული ჯარი დგას და ეს რეგიონები რუსეთს აქვს აღიარებული. რუსეთმა ორი რამ უნდა გააკეთოს - უკან წაიღოს აღიარება და იქიდან ჯარები გაიყვანოს, რასაც არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ, რომ რაღაცნაირად კოორდინაციაა საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის. ჩემი აზრით, “ოცნება” კარტებს ბოლომდე არ შლის...”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 80 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.