"პრეზიდენტის მორიგი იმპიჩმენტი შოუა, რომლის მიზანიც საზოგადოების ყურადღების გადატანაა" - მათე ჩაფიჩაძე
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
სალომე ზურაბიშვილს „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე - იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არ დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, მეორე დღესვე გაიმართება.
ამ საკითხსა და ქვეყანაში არსებულ წინა საარჩევნო გარემოზე FirstNews.ge-ს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი მათე ჩაფიჩაძე ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ, ქართული ოცნების მიერ კიდევ ერთხელ დაანონსებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტს?
- “ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული პრეზიდენტის მორიგი იმპიჩმენტი ეს არის შოუ, რომლის მიზანიც არის საზოგადოების ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. "ოცნება" ხვდება, რომ მათი წინა საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად კრახით სრულდება, შესაბამისად ცდილობს, რომ ნაცად ხერხს მიმართოს და კვლავინდებურად ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხებზე, რომელიც მათი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმ ამომრჩეველს, რომელიც დარჩა „ ქართულ ოცნებას“, რომ მათ თვალში პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოახდინოს. საერთო სურათით რომ შევხედოთ, ეს აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიერაა ეს პრეზიდენტი არჩეული. ჩვენ გვახსოვს ბანერები, სადაც პრეზიდენტის გვერდით, ან მის გარეშე მათი პირველი პირების ფოტოები იყო გამოფენილი. ახლა ცდილობენ რომ გაემიჯნონ ამ ყველაფერს, რაც საბოლოოდ კომიკურად ჟღერს და მეტყველებს მათივე არაადეკვატურ საქციელზე.
- რა შანსები აქვს “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვების?
- „ოცნებას“ ამ წინა საარჩევნოდ ყველაზე ნაკლები შანსი აქვს და ამას განაპირობებს მათი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც კრახით დასრულდა. ასევე საგულისხმოა, რომ საგარეო ზეწოლაც მოქმედებს. ევროკავშირმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მაგიდაზე დევს. მეორე ის, რომ დასავლეთთან ასეთი ტიპის კონფრონტაცია ვეღარ შეიფუთება, როგორც ამბობდნენ ხოლმე - „გლობალური ომის პარტია გვებრძვისო“. ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები და პირველი პირები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება“ დაადგა ანტიდემოკრატიზაციის გზას. გუშინ ვიხილეთ რეზოლუცია, რომ სანქცირება უნდა მოხდეს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირველი პირების, რაც მოქმედებს და ვეღარ მოატყუებ ამომრჩეველს. ეს არის დასავლეთთან პირდაპირი კონფრონტაცია, რაც საზოგადოებისთვის გასაგებია. ეს საფრთხე რეალურია, ამიტომ საზოგადოება ცდილობს ოპოზიციურ სპექტრში მოძებნოს ძალა, რომელსაც არჩევნებში მხარს დაუჭერს.
- გვესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების შანსებზე? რომელი პარტიები შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში?
- დიდი ალბათობით ოპოზიციური სპექტრიდან ბარიერს გადალახავს და მაღალი პროცენტით წარმოდგენილი იქნება „ნაციონალური მოძრაობა, ასევე, „ძლიერი საქართველო“, „გახარია-საქართველოსთვის“ , „ახალი“ და ალბათობაა იმისა, რომ "გირჩი" - იაგო ხვიჩიაც იქნება. შესაბამისად ამ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ისინი გამოძებნიან ერთმანეთთან საერთო ენას, კოალიციის შესაქმნელად.
- როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტარების მესიჯებს "ქართული ოცნების" მიმართ?
- ევროპარლამენტარების მესიჯები “ქართული ოცნების“ მიმართ არის ერთმნიშვნელოვანი და პირდაპირ მიუთითებს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება ქართულ სახელმწიფოსა და მმართველ ძალას დაემუქროს. მმართველ ძალას იმ მხრივ, რომ სანქციები შეიძლება დაუწესდეს, ქვეყანას კი უვიზო მიმოსვლა შეუწყდება, რაც ჩვენი ბოლო წლების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს შეინარჩუნოს კორექტულობა, დიპლომატიური ენა. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ამ საზღვრებს გასცდა და საფრთხის შესახებ უკვე პირდაპირი მოწოდებებია, თუკი მმართველი პარტია წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი