“ოცნება” თვლის, რომ ოპოზიცია უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადება და არა არჩევნებისთვის

“ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ოპოზიცია არა კონკრეტულად არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მიზანი “არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლაა”. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, ამაზე რამდენიმე ინდიკაცია მეტყველებს, პირველი ნიშანი, რაზედაც პაპუაშვილი საუბრობს არის ის, რომ “ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას საერთოდ არ აწამოებს”.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი და იგივე შინარსის განცხადება, ჯერ “იმედის” 22 ოქტომბრის ღამის ეთერში გააკეთა, 23 სექტემბერს კი, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ასეთი წინასწარი საუბრები, დიდი ალბათობით მიანიშნებს იმას, რომ თავად აპირებენ არჩევნების გაყალბებას, რაზედაც ოპოზიციას ბუნებრივად ექნება პროტესტი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ რამდენიმე ინდიკაციაა, რაც გაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ოპოზიცია მართლაც 27 ოქტომბრისთვის ემზადება, მაგრამ ამასთანავე, ოპოზიციას ბევრი ხმა სჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” თვლის, რომ ოპოზიცია უკვე 27 ოქტომბრისთვის ემზადება და არა არჩევნებისთვის.

 

“ერთი მხრივ ამით ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა, რომლის მიზანი არა ხალხის კეთილდღეობა და ვითარების გამოსწორება, არამედ დესტრუქციაა. თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ ოპოზიცია რეგიონებში კამპანიას ატარებს, მოსახლეობას აქტიურად ხვდება. ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს - მოსახლეობის დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, თანხის სანაცვლოდ აქციებზე ხალხის მიყვანა(23 ოქტომბერსაც ამას აკეთებენ), თუ სხვა. როგორც ჩანს, გაყალბებას ცდილობენ, ამას ბუნებრივია ოპოზიციისგან პროტესტი მოჰყვება და წინასწარი საუბარი ზუსტად ამის წინაპირობაა - იტყვიან, რომ აი, ხალხს ხომ ვაფრთხილებდითო. 26 ოქტომბერს არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს, დაახლოების ათი საათისკენ გამოცხადდება და თუ ოპოზიციამ და ხალხმა იგრძნეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ქუჩაში გამოვლენ. დღეს ფიქსირდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მრავალი მაგალითი, პლუს პროპაგანდა, რაშიც ეკლესიაც ჩართეს და ა.შ.” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“მედიაში და მე მგონი ისევ ივანიშვილთან გაიჟღერა ამ ვერსიამ, რომ ეს ოპოზიცია არც ხალხს ხვდება, არც ბევრი ბანერი აქვსო - ესე იგი, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ 27-სთვის ემზადება. ეს არის სავარაუდო ნიშანი, მით უმეტეს, როცა სიების წარდგენები იყო, არც შემადგენლობები იყო ისეთი, იფიქრო, რომ კადრებზე კარგად იმუშავეს და ისეთები შეარჩიეს, ვინც ხმების მოზიდვაში გამოადგებათ. ამიტომაც ყველა ფიქრობს, რომ პასიურები არიან - არჩევნებისთვის ასეთი პასიური ოპოზიცია არ გვახსოვსო. თუმცაღა თუ საღი აზრით მივუდგებით, მათ ახლა ხმები ხელისუფლებაზე არანაკლებ სჭირდებათ. ხელისუფლებას ხმების სჭირდება იმისთვის, რომ დიდი სხვაობის შემთხვევაში, ვერავინ თქვას, რომ გაყალბდა - ამას თავის ზომა აქვს, რომლის იქით გაყალბებას ვერავის ვერ დააბრალებ, თუ 10%-ზე მეტი იქნა. ოპოზიციას კი სწორედ ამიტომ სჭირდება ბევრი მხარდამჭერი, რომ ხელისუფლების მაჩვენებელს მიუახლოვდეს და მერე გაყალბებაზე ლაპარაკი ადვილი იყოს. ვთვლი, რომ თუ 27-ისთვის ემზადებიან, მათ ასევე ხმების მოგროვებაზე უნდა იზრუნონ, როგორც ხელისუფლებამ. თუმცა, რადგან არ ზრუნავენ და პასიურები არიან, მე მგონი ეს უბრალოდ პოლიტიკური უუნარობა და მეტი არაფერი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “რა შესაძლო სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი” - პასუხობს:

 

“გავიხსენოთ 2003 წელი, მაშინაც ე.წ.-მა რეფორმატორების ჯგუფმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი უდავოდ სააკაშვილი იყო. მივიდნენ პარლამენტში და ის პროცესი დაიწყო, რასაც თვალს ვადევნებდით - პარლამენტის სხდომაზე შევარდნენ და სააკაშვილი შევარდნაძეს მთელი ხმით გადადგომისკენ მოუწოდებდა. ახლა ოპოზიციას ასეთი ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ იმისთვის, რომ მერე პროცესები ქუჩაში გადავიდეს, მაგისთვის ლიდერი დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს. აი ეს შეიძლება მოხდეს უკვე 27 ოქტომბერს, თუკი ხალხი დააჯერეს, რომ არჩევნები იყო უსამართლო. ეს დაჯერება კი ცოტა ძნელი იქნება, თუ დიდი სხვაობა იქნა”.

 

“პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კამპანია უცხოეთიდან იმართება, რაც პირდაპირი ჩარევაა არჩევნებში. “ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა. რა მიგვანიშნებს ამაზე: როცა საუბარია ესა თუ ის დარღვევა არის თუ არა, არსებობს უწყებათაშორისი კომისია, იუსტიციის სამინისტროს კოორდინირებით. არც ოპოზიცია დადის ამ კომისიაზე, არც “ენჯეოები”. თუკი რაიმე აქვთ პრეტენზიები, მივიდნენ, წარუდგინონ. კომისიაზე დადიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ეუთო/ოდირი ესწრება და ეს ყველაფერი აღრიცხული აქვთ მათ, რომ ისინი არ ესწრებიან. მათ რომ რეალური პრეტენზიები რაიმეზე ჰქონდეთ, მიიტანდნენ, გამოკვლეული იქნებოდა და საზოგადოება დაინახავდა. ახლა რას აკეთებენ? - გამოდიან, ატარებენ ბრიფინგს, მარცხნივ-მარჯვნივ მოისვრიან ბრალდებებს”, - ამბობს პაპუაშვილი, რომლის თქმით, “მათი დაბალი სტანდარტი არის ის, რომ მათი ბრალდებები ჭორ-მართალზეა დაფუძნებული და რაოდენობაშიც არ აქვთ ბევრი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ვუყურებთ, რომ კამპანიას საერთოდ არ აწარმოებენ. ნებისმიერს ჰკითხეთ, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, ოპოზიცია რეგიონებში საერთოდ არ ჩანს, არანაირი კამპანია არ აქვთ. “ქართული ოცნება” ერთადერთი პარტიაა, რომელსაც დელეგატები ჰყავს დასახელებული, არც ერთ სხვა პარტიას არ დაუსახელებია იმიტომ, რომ რეგიონში არ ჰყავთ ადამიანები, ავტორიტეტები, რომლებსაც მიესვლებათ მოქალაქეებთან და სათქმელი ექნებათ რამე. მათი მთელი კამპანია, ყველაზე კარგ შემთხვევაში არის ის, რომ ტელევიზიიდან ესაუბრონ ხალხს და ყველაზე ცუდი, რაც სინამდვილეში ხდება არის ის, რომ მათ კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში. ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს მომხდარა. ეს არის საერთო ჯამში სამწუხარო მდგომარეობა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეები დარაზმულად, მობილიზებულად მოვიდნენ 26 ოქტომბერს და მათი სიმრავლე არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ “იმედის” ეთერში გადაცემაში “არჩევანის პირისპირ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 76 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.