"საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კადრები აჩვენებს, როგორ ჩატარდა ქვეყანაში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან.

„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ, საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხომ? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და სიმართლე გითხრათ, არ გამიგია არცერთი ასეთი პრეცედენტი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვუსმინე ჯოზეფ ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან, როგორც ჩანს, მასაც აქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რაც არის აღნიშნული უცხოელთა სადამკვირვებლო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე.

კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკო-ს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არ ვიცი, რატომ დისკრედიტაცია – ეს არის ფაქტები. ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა. ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკო-ს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას.

ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან სწორედ „საიამ“ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც, სხვათა შორის, „საიას“ ჰქონდა არჩევნებამდე, წინასწარ შეტანილი ეს შენიშვნა. ცესკო-ს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ ამისთვის ცესკო-ც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება.

„ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი როცა გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე, ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი არჩევანი გამოხატოს. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის. მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ – არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ამ მომენტში ცესკო-ში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი.

„შედეგების გაბათილების მოთხოვნა უშუალოდ ეხება 246 უბანს, რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის შედეგადაც 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არის და შეიძლება დადგეს ეს საკითხი. ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია პროკურატურას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.

მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ბევრი მხრივ ჩანს, რომ საზოგადოება, რომელიც, ნათელია, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს, რადგან  ხედავს, რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს, ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემ მიმართ, და ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

წაკითხვა 92 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.