“ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება”

“ტექნოლოგიურად ამ არჩევნებზეც მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა - როდესაც ხელისუფლება ბოროტად იყენებს ხოლმე ადმინისტრაციულ რესურსს, ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და გარკვეულწილად მზად არის იმისთვისაც, წითელი ხაზები გადაკვეთოს და მოახდინოს ძალაუფლების სრული უზურპაცია.

ეს არ არის სიახლე, მსგავსი რამ ადრეც გვინახავს, თუმცა განსხვავება, ჯერ ერთი, ის არის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ძალადობის, შანტაჟის, მოსყიდვის და ა.შ. მასშტაბი არნახული იყო, და მეორე - ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, რომელშიც ხელისუფლებას ვირჩევდით. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს ანუ უნდა გარკვეულიყო, საით მიდის ქვეყანა - დასავლეთისკენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამან შესძინა დიდი სიმძაფრე მთელ ამ პროცესს და ამიტომაც არის, რომ დღეს საზოგადოება მიღებული შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოდის. სხვა მხრივ, ახალი არაფერია, როგორც უკვე ვთქვი, ყველა ხელისუფლება ეპოტინებოდა ძალაუფლებას და ყოველგვარ მამაძაღლობაზე აწერდა ხელს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ცესკოდან ამერიკის არჩევნებამდე - დღე, რომელსაც მსოფლიოს “ამოტრიალება” შეუძლია.

“არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაყალბება არ მოდიოდა მხოლოდ ხელისუფლებისგან და საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლით დაინტერესებული ძალები ამაში პირდაპირ მონაწილეობდნენ. კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ დასავლურ მიმართულებაზე ვერ ჩამოყალიბდა ერთი ლიდერი, რომელიც რეფერენდუმის თემას გაუძღვებოდა. ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველი განიხილავდა უფრო ცვლილებების ინსტრუმენტად და არა ლიდერად. დიდი შეცდომა იყო ისიც, რომ ოპოზიციამ არ მოახდინა სრული კონსოლიდაცია ამ სარეფერენდუმო განწყობილების გათვალისწინებით პრეზიდენტისა და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო... რატომღაც ოპოზიციამ მიიჩნია, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ჩემი აზრით, ორი რამ იყო გასაკეთებელი, რა შემთხვევაშიც ხელისუფლებას რაც არ უნდა ემამაძაღლა, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. ეს იყო წინასაარჩევნოდ სწორი კონფიგურაცია, რისი ცდებიც იყო, პრეზიდენტიც ჩაერთო, მაგრამ არაფერი გამოვიდა, და მეორე - ეს არჩევნები რეალურად უნდა ქცეულიყო არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების არჩევანად ანუ ყოველი ამომრჩეველი უბანზე უნდა მისულიყო იმ განცდით, რომ ირჩევდა გზას დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამას სჭირდებოდა სრული კონსოლიდაცია პრეზიდენტის ირგვლივ, რაც არ მოხდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“საპროტესტო მოძრაობა, საერთაშორისო გამოძიება, დასავლური სახელმწიფოების საბოლოო ვერდიქტი, ეს ყველაფერი ცალ-ცალკე ვერ იმუშავებს, მაგრამ თუ შიგნიდან და გარედან წნეხი სინქრონული იქნება, მაშინ ამ ყველაფერს აქვს პერსპექტივა. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნო არჩევნების შედეგი და ვერდიქტი ნეგატიური გამოიტანა, ამის მერე მოსალოდნელია სასანქციო პოლიტიკის გაფართოება, უვიზო რეჟიმის შეჩერება და ა.შ. ეს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. კი ამბობენ, არ გვაინტერესებს, რა სანქციები იქნებაო, თუმცა რეალურად ძალიან ეშინიათ. საქმე მხოლოდ პოლიტიკური ელიტის შიშს არ შეეხება, მთავარი ის არის, სისტემურად რა მოხდება. პოლიტიკური ელიტა ხომ თვითონ არ ახდენს ძალაუფლების ინსტრუმენტებით საზოგადოებაზე ზეწოლას, ამას აკეთებს სისტემის ხელით. სისტემაში კი მუშაობენ პირები, რომელთა უმრავლესობის არჩევანი ევროპაა. დღეს ხელისუფლება ამ ხალხს ეუბნება, აი, არჩევნები გადავაგორეთ და ყველაფერი კარგად იქნება, აშშ-სთანაც დავლაგდებით და ევროპასთანაცო. შესაბამისად, სისტემაც თავის კონფორმისტულ პოზიციას ინარჩუნებს. მაგრამ თუ დასავლეთმა ცალსახად თქვა, მე ამ ხელისუფლებასთან არ ვლაპარაკობ და მის წინააღმდეგ გამოვიყენებ ყველა საჭირო ბერკეტსო, ჩემი აზრით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება რყევები და სისტემა ჩუმი საბოტაჟის რეჟიმში გადავა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გამოეცლება საფუძველი, რისი საშუალებითაც ახდენს ძალაუფლების უზურპაციას. პარალელურად, თუ ქვეყანაში საპროტესტო ტალღაც აგორდება და წნეხი შიგნიდან და გარედან გაძლიერდება, შედეგი მიიღწევა. ბიძინა ივანიშვილს აქვს მანევრის საშუალება. ის აკვირდება ვითარებას და ფიქრობს, რომ მას შეუძლია დასავლეთის რეაქციის შერბილება. მაგალითად, “რუსული კანონის” უკან წაღებით. ე. წ. რუსული კანონი, რითაც საერთოდ დაიწყო დაპირისპირება დასავლეთთან და ქვეყანაში, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოშია. დიდი ეჭვი მაქვს, ეს თემა მათთვის უკვე არის სავაჭრო სივრცის გახსნა და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შესაძლოა ეს დათმონ ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვისას მიიღოს გაუქმების გადაწყვეტილება. შესაძლოა ასეთი ბარტყების გადაყრა დაიწყონ იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული სტაბილიზაცია და საზოგადოებაში არსებული აღქმა, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიისწრაფვის, რაღაცნაირად შერბილდეს. გარდა ამისა, კიდევ რაღაც იღონოს, რომ გარკვეულწილად თვითონაც სახე შეინარჩუნოს და დასავლეთის ნეგატიური განწყობაც შეარბილოს და პარალელურად, მოახდინოს ოპოზიციის მარგინალიზაცია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია რამდენად ადეკვატური იქნება ამ პროცესში”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ახლა ჩვენ ვართ ამ საჭადრაკო პარტიის სადღაც მიტელშპილში ანუ დებიუტი უკვე გავლილია და მიდის მანევრები, დაწყებულია პოზიციური ბრძოლა. ენდშპილამდე კი დიდი დროა და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორი დასასრული ექნება ამ ყველაფერს. დღეს რაიმე კონკრეტულის თქმა რთულია, თან ვიცით, რომ აშშ-შიც იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, მაინცდამაინც ჩვენთვის არ სცალიათ, რომ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. ამერიკის არჩევნებს მარტო ჩვენ კი არ ვუყურებთ, ევროპაც. ჩვენი არჩევნები დიდი გლობალური თამაშის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის განვითარებაც დიდწილად დამოკიდებულია, თუ როგორ დალაგდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ფორმირების პროცესში ამერიკის არჩევნებს ძალიან დიდი როლი ექნება. ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ვიდრე დასავლეთი დალაგდება, აქ ვითარება არ გაცივდეს, ჩვენმა თემამ აქტუალურობა არ დაკარგოს. ეს დიდწილად პოლიტიკური ოპოზიციის ამოცანაა. ძალიან რთული ერთი კვირა გვექნება, ამ კვირის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, თუ საით წავა ეს ყველაფერი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ოცნება” ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. გვარწმუნებენ, რომ დაპირისპირება დასავლეთთან თურმე დროებითი პროცესია, მოილაპარაკებენ, გადატვირთავენ და ა.შ. მაგათი თამაში გასაგებია, ახლა საჭიროა დასავლეთისგან იმ ტიპის განცხადებები, გადაწყვეტილებები და ქმედებები, რომ “ქართულ ოცნებას” მანიპულაციის საშუალება მოესპოს. ასეთი გადაწყვეტილება იქნება სანქციების დაწესება პირდაპირ პოლიტიკური ელიტისთვის. მაგალითად, კობახიძეს თუ დაასანქცირებენ, ხომ ვეღარ დაიწყებს მტკიცებას ევროპაში მივდივართო? დღეს ვიღაცებს ტვინს ურეცხავენ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რის მერეც ეს ტყუილები ვეღარ გაჭრის. აი, ასეთი გადაწყვეტილებებია დასავლეთისგან საჭირო. იმ კრიტიკულ წერტილამდე უნდა მივიდეთ, როდესაც ყველა გააცნობიერებს, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რათა გარდამტეხი პროცესები დაიწყოს. საფრთხე კი ძალიან რეალურია... როდესაც რაღაც მესამე არჩევანზე გველაპარაკებიან, ტყუილია. ჩვენ არა გვაქვს არანაირი მესამე არჩევანი ანუ ე.წ. ნეიტრალიტეტი. უნდა გვესმოდეს, თუ არ მივდივართ დასავლეთისკენ, ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში. სხვა არჩევანი არა გვაქვს”, - ამბობს რესპონდენტი.

“ან შუალედურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს “3+3” ფორმატი, ეს კი იგივეა, რაც რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. ყოველ შემთხვევაში, უკეთესი არაფრით არ არის. ჩვენ მოგვიწევს შესვლა კვაზიდემოკრატიის სივრცეში. მე თუ მკითხავთ, ეს ფორმატი მოგვცემს გეორგიევსკის ტრაქტატის წინ არსებულ მოცემულობას. ზუსტად იმავე მოთამაშეებზე გვაქვს ლაპარაკი - თურქეთი, ირანი, რუსეთი... სამივეს იმპერიული ამბიციები აქვს და ალტერნატივა რაღაც მომენტში, ალბათ, იქნება ისეთი, როგორიც 1783 წელს იყო - ტრაქტატზე ხელის მოწერა ერთმორწმუნეობაზე აპელირებით. ამ ყველაფერში ჩინეთის ინტერესებიც შემოდის. დააკვირდით, სწორედ ამ სახელმწიფოებმა მიულოცეს “ქართულ ოცნებას” გამარჯვება. როგორც ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს გახდეს ერეკლე მეორე, რომელსაც შეიძლება ძალიანაც არ სურდა ტრაქტატის დადება, მაგრამ, როგორც დღეს ჩვენში ამბობენ, აბა, სხვა რა გზა ჰქონდა? მას ასე ამართლებენ, აბა, ირანის და თურქეთის საჯიჯგნად ხომ არ გახდიდა ქვეყანასო. მან გააფორმა ტრაქტატი, რასაც სახელმწიფოებრიობის გაუქმება მოჰყვა. ახლაც იგივე არ ხდება? ჩემი შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს ქვეყანა, როდესაც საუკეთესო არჩევანი რუსეთი იქნება”, - განმარტავს ექსპერტი.

“შესაბამისად, ივანიშვილი შესაძლოა ერეკლე მეორედ კი არა, რეალურად მეორე სერგო ორჯონიკიძედ იქცეს. უბრალოდ, ეცდება ამოეფაროს ერეკლე მეორის ავტორიტეტს. შემთხვევითი კი არ არის, ასე მწვავედ რომ აღიქვამენ ერეკლეს ნებისმიერ კრიტიკას. მთელი ტროლების არმია ერთვება ხოლმე, თუ ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ერეკლე უყვართ, ბიძინასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერეკლე მეორის ჰეროიზაცია, რადგან თვითონ აქვს დაგეგმილი მისი გზის გამეორება”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ორიოდე სიტყვით აშშ-ის არჩევნებსაც შევეხოთ. ჩვენი ექსპერტთა ნაწილის აზრით, საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ გაიმარჯვებს, ტრამპი თუ ჰარისი, თუმცა ჩვენი ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს და აშკარად ტრამპს გულშემატკივრობს” - პასუხობს:

“აშშ-ის სახელმწიფო ინტერესები საქართველოში, რა თქმა უნდა, იგივე დარჩება. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თეთრ სახლში, ტრამპი თუ ჰარისი. განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ დემოკრატიულ პარტიაში დემოკრატიულ განვითარებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ეს რესპუბლიკელებისთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ის ინტერესებს რამდენად მოემსახურება ესა თუ ის ქვეყანა. ვნახოთ, რა იქნება. ხომ ვთქვი, უახლოესი ერთი კვირა უმნიშვნელოვანესი იქნება და მეტ სიცხადეს შეიტანს ქართულ თუ მსოფლიო პოლიტიკაში”.

წაკითხვა 72 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.