რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ
“ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი “ვერ მოასწრეს”. თუმცა, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ და რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან? ანალიტიკოსების აზრით, 7-8 ნოემბრის ბუდაპეშტის შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერთა მთავარი სასაუბრო თემა ორი დღით ადრე აშშ-ში გამართული არჩევნები და პრეზიდენტად დონალდ ტრამპის დაბრუნება იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი გვერდზეა გადადებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს, როცა ევროპას “არ სცალია”? - საქართველოზე ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში იმსჯელებენ.
“პირველ რიგში, ევროპის ლიდერებმა იმ სამიტის ფარგლებში ყურადღება მიაქციეს აშშ-ის არჩევნებს, დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა საგარეო ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ “რეზონანსთან”. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირის პრიორიტეტების ჩამონათვალში საქართველო წამყვან პოზიციებზე არ არის. ფრანგი ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო ამბობს, რომ სანამ ევროპას “არ ეცალა”, საქართველოსთვის რუსეთმა “გამონახა დრო”. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 8 ნოემბერს ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა არც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ევროპული თანამეგობრობის სამიტს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებობდა, სწორედ უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პირველ რიგში, ევროპის ლიდერებმა იმ სამიტის ფარგლებში ყურადღება მიაქციეს ამერიკის არჩევნებს, დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ თემამ ბევრი სხვა საკითხი გადაფარა, მათ შორის საქართველოსიც, რადგან ევროპული უსაფრთხოებისთვის ეს უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე სხვა თემები. თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს არ მიუბრუნდებიან. რაც შეეხება თავად აშშ-ს, ტრამპამდე საქართველოს საკითხის განხილვა ისვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს. ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - არჩევნების და მისი ლეგიტიმურობის შესახებ - ამ ადმინისტრაციის პირობებში მიიღება. ტრამპის ადმინისტრაცია კი იანვრიდან შეუდგება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. შესაბამისად, საქართველოს საკითხს უკანა პლანზე არ გადაუწევია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“როგორც ჩანს, საქართველო მათ პრიორიტეტების ჩამონათვალში არ არის წამყვან ადგილზე და შესაბამისად, იმსჯელეს მათთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ ალბათ, საქართველო ბოლოსთვის მოიტოვეს და შემდეგ დრო არ ეყოთ. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გადაიწია თუ არა საქართველომ უკანა პლანზე, ჩემი აზრით, ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია და ვინც ამაზე პროგნოზირებას აკეთებს, მგონია, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ჯერ ტრამპის ადმინისტრაცია არ ჩამოყალიბებულა, გარდამავალი პერიოდია, ჩვენ არ ვიცით საკვანძო თანამდებობზე ვინ დაინიშნება და ა.შ ამიტომ ამაზე საგნობრივად მას შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოაყალიბებს თავის ადმინისტრაციას და საქმეს შეუდგება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“26 ოქტომბრის არჩევნებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს იმსჯელებს. “საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის”, - აღნიშნულია საბჭოს დღის წესრიგში. საბჭოს სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა და ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ზაალ ანჯაფარიძე კი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის საბოლოო დასკნას დაელოდება და გადაწყვეტილების მიღებისას ამით იხელმძღვანელებს. საქართველოს ხელისუფლებას კი, მისივე აზრით, ვითარებიდან გამომდინარე შიძლება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ შეხვედრის ფარგლებში საუბარი იქნება აბსოლუტურად ყველაფერზე. რა თქმა უნდა, წამყვანი თემა არჩევნები იქნება. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ფაქტების დამდგენი კომისიის საკითხიც დადგეს, რადგან, როგორც ჩვენ ვხედავთ, ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ევროპაში ოპოზიციის ლობისტებს წარმოადგენენ, ძალიან აქტიურად ლობირებენ ამ საკითხს. ავიღოთ თუნდაც ის, რომ იქითა კვირაში აქ ჩამოდიან ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები. თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენად მიიღებენ ამ საკითხს განსახილველად და თავისთავად, რამდენად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, ამის თქმა რთულია, რადგან ევროკავშირში საქართველოზე ერთსულოვნება არაა. შესაბამისად, შანსები 50/50-ზეა. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ეუთო/ოდირის დასკვნებს დაელოდება და სწორედ ამ დასკვინდან გამომდინარე, იმოქმედებს ევროკავშირი ამა თუ იმ მიმართულებით”, - ამბობს ანჯაფარიძე.
“ჩემი ვარაუდით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯი გადადგას, ისევ და ისევ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოესი კვირების განმავლობაში. შესაძლოა საერთაშორისო საგამოძიებო კომისია საქართველოშიც მოიწვიოს. მე შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა, ევროკავშირის დავალებით შეიქმნა ფაქტების დამდგენი კომისია და სხვათა შორის, ეს საქართველოს ინიციატივა იყო. ეს კომისია როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. მერე მათ ამ კომისის დასკვნები არ მოეწონათ, მაგრამ ამ კომისიის შექმნის იდეა ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. თუ ევროკავშირიდან წამოვიდა ამ კომისიის შექმნის იდეა, რა თქმა უნდა, საქართვეელოს ხელისფლებასთან უნდა შეათანხმონ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"