"საქართველოში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მყიფე და გაურკვეველია" - ფრიდონ შუბითიძე
თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები უკვე 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე ესაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მყიფე და გაურკვეველია.
"ერთის მხრივ, არსებობს არალეგიტიმური და არაღიარებული მთავრობა, რომელიც, განზრახ თუ არაკომპეტენტურობის შედეგად, ქვეყანას რუსული (საბჭოთა) გავლენისკენ აბრუნებს. მეორე მხრივ, არის საქართველოს მოსახლეობა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 35 წლის მანძილზე იბრძვის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის.
ამ ვითარებამ გააჩინა შემდეგი მწვავე კითხვები: როგორ მივიდა საქართველო აქამდე? რა მოვლენებმა გამოიწვია ეს კრიზისი და რატომ? ნება მომეცით, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ რთულ კითხვებზე.
ისტორიული კონტექსტი: საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა
საქართველო ყოველთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო. რუსეთი ისტორიულად კავკასიას, განსაკუთრებით კი საქართველოს, განიხილავდა, როგორც აუცილებელ რეგიონს ენერგორესურსების კონტროლისთვის და კასპიის ზღვისა და ყოფილი საბჭოთა ტერიტორიებიდან ენერგიის ნაკადების კონტროლისათვის. როგორც ენერგიის განაწილების მნიშვნელოვანი მოთამაშე, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსული მეთვალყურეობისა და გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით КГБ-ის მხრიდან.
საბჭოთა კავშირის დაშლისას КГБ დაიშალა და დაკარგა კონტროლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. თუმცა დროთა განმავლობაში, КГБ-მა თავისი ძალაუფლების აღდგენა დაიწყო, 1995-დან 2005 წლამდე პერიოდში რუსეთში კონტროლის განმტკიცებით. ამ პერიოდში რუსეთში მოხდა სრულად დემოკრატიული მოძრაობების ჩახშობა და ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია. სამწუხაროდ, ამ პერიოდში საქართველომ ვერ შეძლო მთლიანად თავის დაღწევა რუსეთის გავლენებისაგან, როგორც ეს შეძლეს ბალტიის ქვეყნებმა ევროკავშირსა და NATO-ში შესვლით.
მიუხედავად უდიდესი შიგა და გარე პრობლემებისა ამ პერიოდში საქართველომაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა NATO-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. სამწუხაროდ КГБ-ის გაძლიერების შედეგად მოხდა მათი გავლენების აღდგენა და გააქტიურება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. საქართველოში ეს გავლენა აშკარა გახდა 2008 წლიდან, ხოლო 2012 წლისთვის საბოლოოდ განმტკიცდა მმართველობაში "ქართული ოცნების" მოსვლით.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო სისტემურად ქართველი ხალხის აზრის ფორმირება ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. 2019 წლიდან კი უკვე მმართველი პარტიის ზოგიერთი ფრაქციის პრორუსული დღის წესრიგი ყველასათვის აშკარა გახდა.
დემოკრატიული მისწრაფებების ღალატი
ქართველი პოლიტიკური ფიგურებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი ვერ აცნობიერებდა ან განზრახ უგულებელყოფდა პროევროპულიდან პრორუსულ პოზიციაზე გადასვლას. ამ ღალატმა დღევანდელ მოცემულობამდე მიგვიყვანა, სადაც დემოკრატიულმა მთავრობებმა მთელ მსოფლიოში უარი თქვეს საქართველოს ბოლო არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებაზე.
გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ თავისი მხარდამჭერების ნდობა პრორუსული დღის წესრიგის გასატარებლად გამოიყენა და დაიწყო საქართველოს ჩამოშორება ევროკავშირის ინტეგრაციის გზიდან.
სასწრაფო მოქმედების აუცილებლობა
საქართველოში არსებული მყიფე მდგომარეობა დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. პოლიციამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინება და მისცეს მოქალაქეებს თავისუფლად გამოხატონ სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების მოთხოვნები. დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან საქართველოს არჩევნების არაღიარება ნიშნავს რომ "ქართულმა ოცნებამ" უღალატა/მოატყუა თავისი ამომრჩევლები. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი, ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
საქართველომ არ უნდა დაუშვას რუსეთის გავლენის ქვეშ კიდევ ერთი საუკუნით დაბრუნება. ასეთი რეგრესი განათლების, ჯანდაცვის, ტექნოლოგიის და სხვა მიღწევების განვითარებას შეაჩერებს. ქვეყანამ უნდა განაგრძოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ სვლა, რაც მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს უნიკალური იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
საქართველოს იდენტობის დაცვა
რუსეთის მხრიდან ქართული მემკვიდრეობის ჩახშობასა და დემოკრატიულ სამყაროში მის აღიარებას შორის განსხვავება აშკარაა. ერთი ასეთი მაგალითია, საქართველოს უძველესი მეღვინეობის ტრადიცია, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო. ყველა დამეთანხმება რომ ეს ტრადიცია საბჭოთა მმართველობის დროს იგნორირებული იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს მიანიშნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სამყაროსთან პარტნიორობა ქართული კულტურის, ენის, იდენტობის, ეროვნული ტრადიციების და მემკვიდრეობის დასაცავად.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შედეგები
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა გაყალბებული არჩევნებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის გამო. ბოლო 35 წლის განმავლობაში, აშშ-ის მხარდაჭერას გადამწყვეტი როლი ჰქონდა საქართველოს მოდერნიზაციასა და განვითარებაში.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას სერიოზული შედეგები ექნება, მათ შორის ფინანსურ დახმარებაზე, განათლებაზე, სამხედრო თანამშრომლობაზე და საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერაზე. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული, ამ პარტნიორობის აღდგენის შანსი კიდევ უფრო მცირდება, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ეს კი საქართველოს განვითარებისა და მისწრაფებებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
საქართველოს მომავლის გზაჯვარედინი
საქართველო დგას არჩევანის წინაშე. მას შეუძლია აირჩიოს ნათელი მომავალი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზით, ან აირჩიოს სიბნელეში დაბრუნება რუსულ გავლენასთან ერთად. არჩევანი ცხადია: დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია უზრუნველყოფს მშვიდობას, კეთილდღეობას და საქართველოს იდენტობის შენარჩუნებას, მაშინ როცა რუსეთისკენ მიდრეკილება ამ ყველაფერს გაანადგურებს.
დროა ვიმოქმედოთ
რა მოხდება, თუ ქართველები იმას ვერ მიიღებენ, რაც ეკუთვნით? ყველას, ვინც დუმს, პირდაპირ უნდა ვუთხრა: დუმილი პირდაპირ ან ირიბად უჭერს მხარს რუსულ-КГБ-ს. დუმილი ძალას აძლევს რუსეთს, რათა საქართველო სიბნელეში დააბრუნოს.
რუსეთს სურს, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს 1783 წელს მიღებული გეორგიევსკის ხელშეკრულების პირობები. თვალსაჩინოებისათვის მინდა მოვიყვანო ამონაწერი ამ ხელშეკრულებიდან, სადაც ნათქვამია:
„ხელშეკრულების I, II, IV, VI და VII მუხლების თანახმად, რუსეთის იმპერატორი/მეფე ცხადდება ოფიციალურად და ექსკლუზიურად ქართლ-კახეთის მმართველთა იმპერატორად, რაც გარანტიას აძლევს ქართველებს შიდა სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჰპირდება, რომ „მათი მტრები მის მტრებად ჩაითვლება“. ამასთან, ქართული სამეფოს ყველა მეფე ვალდებული არის ცნოს რუსეთის იმპერატორების ძალაუფლება, ომში მხარი დაეჭიროს რუსეთს და არ განახორციელოს სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური კომუნიკაციები რუსეთის წინასწარი თანხმობის გარეშე“…..
როგორც ხედავთ, რუსეთს არ სურდა და არც ახლა სურს საქართველოს არსებობა დამოუკიდებელ ქვეყნად. მათი სურვილია საქართველო იყოს მათი ტერიტორიული დამატება. ეს ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას, მის წაშლას საგარეო ურთიერთობებიდან და ქართველების რუსეთის სამხედრო ძალებში მსახურს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რა შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის წარსულში რუსეთის გვერდით ომებში მონაწილეობას. ქართველი ხალხი თუ დღეს ვერ მოახერხებს რუსეთის გავლენებისაგან თავის დაღწევას მაშინ საქართველოს მოსახლეობის ბედი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის მსგავსად ჩამოყალიბდეს — რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების ბერკეტად, რომლის მოქალაქეებსაც გაუგებარ ომებში გააგზავნიან.
ახლა მოქმედების დროა. აღარ არის ადგილი გულგრილობის ან დაყოვნებისათვის. აუცილებელია მკაფიო გადაწყვეტილების მიღება: იქნება საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ კიდევ ერთხელ დაექვემდებარება რუსეთის დომინაციას? ეს არის გადამწყვეტი მომენტი — მეორე შანსი აღარ იქნება,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში ფრიდონ შუბითიძემ.
სიახლეები
- კიევის დაბომბვის საპასუხოდ ყაზანის „მანჰეტენის“ ცათამბჯენს „11 სექტემბერი“ მოუწყვეს
- "ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება"
- "პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის"
- "მძიმე სისტემური კრიზისიდან გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- "ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ბიულეტენების მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ" - შალვა პაპუაშვილი