May 18, 2024

“თბილისის მერი ძმაკაცებს “კრიშავს” - ალეკო ელისაშვილი

“თაბორის მთაზე 3 ათასი კვმ მიწის სანაცვლოდ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის მერიისგან მუხიანში 35 000 კვმ მიწის ფართობს მიიღებს - ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის საკრებულომ კენჭი უკვე უყარა.

ამ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე. თავად ბექა ოდიშარიას თქმით, პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანასკნელი ათწლეული მუშაობდა, არც ერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიუღია. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს კორუფციას უწოდებს და ამბობს, რომ “ქალაქის მერი კახა კალაძე მეგობრების “კრიშაა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “ქალაქის მერი ძმაკაცებს “კრიშავს” / “მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი?!” / “თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე”.

 


“კალაძე გამოვიდა და გულის ამაჩუყებლად თქვა, ჩემს მეგობარსაც არ მივცემ ამ ქალაქში უკანონო რაღაცებით სარგებლობის უფლებასო. აცრემლებული ვიყავით, ქალაქს როგორი გადაფოფრილი მერი ჰყავსო, მაგრამ თურმე ერთი პატარა მიწის სანაცვლოდ ნახევარი თბილისი უჩუქებია ბექა ოდიშარიასთვის. კორუფციის გარდა, ამას სხვა რა უნდა დაარქვათ?! სამხარაულის ბიუროზე ამბობენ, მაგან შეაფასაო და მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი. ასე ვაჭრობენ ჩვენი ქალაქითა და მიწებით... ამბობენ, ოდიშარია კალაძის მეგობარია, ერთ პარტიაში არიან და რაღაცას ჭუკჭუკებენ ერთად, თუ სადმე ყანწებით ვახტანგურადაც სვამენ, არ ვიცი. კალაძე ძმაკაცებს “კრიშავს”... ნარმანია ბოთე და უღიმღამო იყო, კალაძე უფრო ენერგიულია, შესაბამისად, კორუფციაშიც უფრო ენერგიულად არის ჩაფლული. ნარმანიას თავისი ჩრდილისაც ეშინოდა და ფეხის წვერებზე დადიოდა, კალაძეს არაფრის ეშინია და კორუფციაშიც თვალის დაუხამხამებლად მონაწილეობს,” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

 


“კალაძის უახლოესი მეგობარია “არქი ჯგუფის” მფლობელი ილია წულაია, დიდუბის მაჟორიტარი “ოცნებიდან”. სამტრედიელები არიან, ბავშვობის მეგობრები. კალაძე “არქი ჯგუფის” პირდაპირი “კრიშაა”,­ შეგიძლიათ ამოყაროთ სამშენებლო ნებართვები, როგორ ნებართვებს აძლევს და მფარველობს. ყველა დეველოპმენტი პარლამენტშია მოკალათებული, მაგალითად, სონღულაშვილი, და ყველას მფარველი კახა კალაძეა. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხეირობს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამისთვის კალაძე ხომ გიგი უგულავასა კრიტიკებდა, გამოდის, იმავეს აკეთებს? ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” აშენებაც ხომ ამის გამო შეაჩერა?”, - პასუხობს:
“უგულავამდე იყო ზოდელავა, კიდევ უფრო ადრე ლეკიშვილი - თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე”.

 


“ოცნებაში” ერთადერთი რომან კაკულიას პოზიცია მომწონს. როგორც ჩანს, ისიც თანდათან ემიჯნება "ოცნებას". ვისურვებდი, მისი წევრი აღარ იყოს. ლევან კობერიძე ბესელიას დამქაში გახდა და ჩემთვის ძალიან გაუგებარი და გულდასაწყვეტია... რაც შეეხება ტაქსების რეფორმას - ეს უსინდისობაა. ამ ქალაქში სხვა მოსაგვარებელი პრობლემა ვერ ნახეს? თითქოს ყველაფერი გალამაზებულია და ერთი ტაქსებიღა დაგვრჩა. ეს ხალხი რა, კარგი ცხოვრებისგან ტაქსაობს? სახელმწიფო რომ სამსახურს ვერ აძლევს, იძულებული არიან თვითონ დაისაქმონ თავი, რომ ოჯახები არჩინონ. იმის მაგივრად, ხელი შეუწყონ, ადგნენ და ეძგერნენ ტაქსისტებს. სამარშრუტო ტაქსებს რომ მუხრუჭი არ იჭერს იმას მიხედონ... მეტრო ყოველდღე რომ ჩერდება, მაგას მიხედონ. მეტროს მოდერნიზება სჭირდება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში პირველი მეტროს მიხედვა იყო. მეტროს შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს და ამისთვის მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო. მჟავანაძის დროიდან ამორტიზებულია, კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია. კოსმეტიკურ რაღაცებს უკეთებენ. გამოვიდა მწყობრიდან, 70 წელია დაუღალავად მუშაობს. რადგან დადის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. კალაძესა და ქალაქის მერიას თუ რამის გაკეთება უნდათ, ტაქსის ფერი კი არ უნდა შეარჩიონ, მეტროს გასაუმჯობესებლად დახარჯონ ფული”, - დაასკვნის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი.

წაკითხვა 1061 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.