“ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული” - გიორგი გობრონიძე

“თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველომ დაიწყო გეოპოლიტიკური ვექტორის შეტრიალება რუსეთისკენ, უცნაურია და ყოვლად გაუგებარი, რა განაპირობებს ჩვენი ხელისუფლების ამგვარ სიხისტეს.

რა გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლექსიკა დასავლეთის შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, იმაზე ხისტი და მკაცრია, ვიდრე აქვთ ირანის ისლამურ რეჟიმს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთს ან რუსეთს, ან ოთხივეს ერთად. წარმოგიდგენიათ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ლაპარაკობენ ისე, როგორც კიმ ჩენ ინიც კი არ ლაპარაკობს. ეს ჩემთვის დიდი გამოცანაა. ფაქტობრივად, შეუძლებელია ამის რაციონალური შეფასება. ეს არ ზის არც დიპლომატიის ჩარჩოებში, არც პარტნიორობისა და არც კონკურენციის... მეტიც, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილების ჩარჩოშიც კი არ ჯდება. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ამას თვითონ ახსნიან, გვეტყვიან, რამ განაპირობა მათი იმგვარი ქცევა, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ დასავლეთთან დაპირისპირებული დიდი სახელმწიფო, ბირთვული იარაღით, საავიამზიდო ფლოტით და კოსმოსური პროგრამით... ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, ჩვენი სუვერენიტეტის გარანტია სწორედ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერაა”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკური კრიზისია, ძალიან საგანგაშო სიგნალები მივიღეთ...”.

“რატომ უარყო საქართველოს მმართველმა ელიტამ ყველანაირი დიპლომატიური ეთიკა და ეტიკეტი, რატომ გადავიდა ამგვარ დაპირისპირებაზე და რატომ საუბრობენ ასეთი შეურაცხმყოფელი ლექსიკით? ამის ახსნა მე არა მაქვს. იქნებ რამე ისეთი იციან, რაც ჩვენ არ გვესმის ან იქნებ რაიმე ისეთის იმედი აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით. ამ ვითარებაში მე საიმედოს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდნენ ამ ყველაფერს, თუნდაც მაშინ, თუ მართლაც რუსეთის ორბიტაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ძალიან საგანგაშო სიგნალები როგორც ევროპარლამენტისგან, ისე აშშ-ის სენატისგან. სამარცხვინოა თქმა, რომ თურმე ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მაკულატურაა. მშვენივრად იციან, რომ ასე არ არის და თუ კვლავაც ასე გააგრძელებს საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, დიდი საფრთხეა, რომ მართლაც შეგვიჩერონ ვიზალიბერალიზაცია და ზურგიც შეგვაქციონ. ამ რეზოლუციის გარდა, იყო ამერიკელი სენატორების არაორაზროვანი გაფრთხილებაც. ეს ყველაფერი საჭიროებს ძალიან სერიოზულ დაფიქრებასა და გაანალიზებას, თუ რას უქადის ამგვარი კონფრონტაცია საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ვიმეორებ, მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს აბრუნებს რუსეთის ორბიტაზე, მას, როგორც სახელმწიფოს, აქვს საერთაშორისო ვალდებულებები თავის პარტნიორებთან და უნდა შეასრულოს. ან საქმე გვაქვს გაუგებარ ეიფორიასთან, ან შიდა და გარე პოლიტიკას შორის წაშლილ ზღვართან, ან სრულ არაკომპეტენტურობასთან, ან საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დივერსიასთან. რაციონალური საზომითა და თეორიული ჭრილით საქართველოს ხელისუფლების ამ მოქმედებების ახსნა შეუძლებელია. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ განმარტავენ, საიდან და რის საფუძველზე გადაწყვიტეს საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი ტონით საუბარი. ვიმეორებ, ამგვარად დასავლეთთან რუსეთის ფედერაციაც კი არ ლაპარაკობს, რომელიც, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია დასავლურ კოალიციასთან. სამწუხაროდ, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ იზოლაციამდე, როდესაც მმართველი ჯგუფი სრულიად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის და ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუღებლად იქცეს რუსეთისთვისაც. საქმე ის არის, რომ ღმერთმა დაიფაროს და, თუ დასავლეთმა მართლაც ზურგი შეგვაქცია, კრემლმა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ უფრო ყურმოჭრილი მონების მოყვანა მოინდომოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა პეშკოვმა, კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა... მეტიც, დუმის დეპუტატები საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქციებზე არ გახვიდეთო, რაც ნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერით კიდევ უფრო აღვივებენ ეჭვს, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი შეიძლება იდგეს. შესაბამისად, ძირს უთხრიან “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. კრემლში მშვენივრად იციან, რა რეაქციას იწვევს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დუგინის, პესკოვის თუ ლავროვის მხარდაჭერა. ფაქტია, მთელი ამ პროცესით კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით მმართველმა ძალამ უპირველესად საკუთარ თავს მიაყენა დიდი ზიანი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე ისეთი ვითარება შეიქმნას საქართველოში, რაც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი გახდა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, საზოგადოების პოლარიზაციასა და დემორალიზაციას”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საფრთხესა და რისკებზე, ეს უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. დემორალიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ანექსია. შეიძლება პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობა არ წაართვან, მაგრამ იქნება უკიდურესი ფორმალიზებული რუსული მმართველობის ქვეშ. რისი იმედი ჰქონდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, როდესაც აბსოლუტურად არაფრისგან, ხელოვნურად შექმნა ეს პოლიტიკური კრიზისი? საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი დიპლომატიური წარმატება როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ შევძელით გაგვეჭრა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ჩინეთისკენ, ასევე შევძელით მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და მეტიც, უფრო წინ შეიძლებოდა წავსულიყავით ამ გზაზე და გაგვეხსნა გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები წელსვე. ამასთანავე, ბოლო წლებში ეკონომიკამ ცოტა წინ წაიწია და განწყობა საზოგადოებაში პოზიტიური იყო. ცოტა გაზვიადებულად თუ ვიტყვით, ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა, როგორ წასულიყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ და აი, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნეს პოლიტიკური კრიზისი, თან არჩევნების წინ, რამაც ქვეყანაში შექმნა იმგვარი ტურბულენტობისა და რისკების საფრთხე, რომ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკიც აღარც იყოს, ისე მძიმედ განვითარდეს მოვლენები”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“როცა ხელისუფლება თავის პოზიციაში დარწმუნებულია, მას კონტრაქციების ორგანიზება არ სჭირდება. გვახსოვს 2003 წელი, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ აქცია გამართა პარლამენტის წინ, ჩამოიყვანა აჭარიდან ხალხი და მხარდაჭერის იმიტაცია სცადა. გვახსოვს, ბატონი ჯემალ გოგიტიძე როგორ ეხვეწებოდა შევარდნაძეს, არ გადადგეო, ასევე კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა შევარდნაძემ. გვახსოვს 2012 წელიც, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერად სტადიონი გადაავსეს, ჩაატარეს გრანდიოზული თავყრილობა, მაგრამ ვნახეთ, რა მოხდა მალევე, ოქტომბერში. ამგვარი აქციები შესაძლოა ხელისუფლებისთვის ერთგვარად დამამშვიდებლად მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ასახავს რეალობას. ჩვენ პოლიტიკური კლასის პრობლემა გვაქვს. ჩვენთან ხომ არ შეუძლიათ კონსენსუსზე, კომპრომისზე, სამოქალაქო თანხმობაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. ეს ყველაფერი, რაც, წესით, უნდა იყოს პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელი, აღქმულია სისუსტედ, უკან დახევად. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინას, არა აქვს იმის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ხელისუფლებამ ერთჯერადად შეძლოს კანონპროექტის გატანა, ძალის დემონსტრირებაც, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქმნის იმგვარ რისკებს, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“მოდი, შევხედოთ ამ ე.წ. აგენტების კანონპროექტს და გამჭვირვალობის ყბადაღებულ თემას. უკვე ნათლად იკვეთება, რომ ხელისუფლებას რეალურად გამჭვირვალობა კი არ სურს, არამედ უნდა ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარ ხელში და პოტენციური კრიტიკოსების გაჩუმება. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ - საქართველოს არა აქვს იმის რესურსი, რომ დიდძალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კაპიტალი დახარჯოს საზოგადოების ნების დათრგუნვაში. ამას გაჭირვებით ახერხებენ ისეთი ქვეყნები, როგორიც ირანი, რუსეთი და ჩინეთია... ვიმეორებ, საქართველოს ამის რესურსი არა აქვს, ამიტომაც არ არსებობს ჩვენთვის განვითარების სხვა ალტერნატივა, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობაზე. თუ ხელისუფლება უშვებს ამგვარ შეცდომას, ის ცეცხლს ეთამაშება. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებაში რამდენად გაცნობიერებული აქვთ თუ არა. სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და განვითარების ხელშეწყობა, თუნდაც ძალაუფლების დათმობის ფასად. სახელმწიფო არ არის ბავშვი, რომელიც ორმა ქალმა შუაზე უნდა გაგლიჯოს. სახელმწიფო არის ყველასი და ეს უნდა ესმოდეს უპირველესად იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია”, - განმარტავს ექსპერტი.

“მართლაც გასაოცარია, მაშინ, როცა ხელისუფლების პოლიტიკურ პოზიციას არაფერი ემუქრებოდა, მეტიც, მას მომავალ არჩევნებზე, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, რატომ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი მოწმენდილ ცაზე? იგივე ლგბტ თემასაც რომ შევეხოთ, ანუ მათ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მკვდრადშობილია, რადგან მისი მიღებისთვის საჭირო ხმები არა აქვთ, შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე პოპულიზმი და არავითარი კავშირი არა აქვს არც ეკლესიის დაცვასთან, არც ოჯახის სიწმინდეზე ზრუნვასა და არც სხვა მაღალფარდოვან ტერმინებთან. თუ მართლაც ვინმეს აწუხებს ოჯახური ფასეულობების ბედი და მოზარდების დაცვა ამ ქვეყანაში, უპირველესად იმაზე იფიქროს, რომ ამ ქვეყანაში ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია, რომლის წევრი ქალები ემიგრაციაში არიან, ბავშვები კი უდედოდ იზრდებიან. იფიქრონ იმაზე, რომ ახალგაზრდები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ დაოჯახებას ან ამის ნიადაგზე რომ ინგრევა ოჯახები. თუ ბავშვის დაცვა უნდათ მავნე იდეოლოგიისგან, რატომ ერთხელ არ უთქვამთ, რომ მათ დაიცავენ ქუჩის კრიმინალური იდეოლოგიისგან, რომელიც მოზარდებს სიძულვილისკენ, ძალადობისა და ნარკოტიკის მოხმარებისკენ უბიძგებს ანუ ყოველივე იმისგან, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას უპირისპირდება”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“თუ მაინც მიიღეს ეს კანონპროექტი და დასავლეთმა გადადგა ის ნაბიჯები, რაზეც უკვე დაიწყეს ლაპარაკი, მათ შორის თუ მართლაც გადახედეს ეკონომიკური დახმარების საკითხს, დაიწყება ისეთი ეკონომიკური რყევები, რაც აიძულებს ხელისუფლებას მოეგოს გონს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს არ დასჭირდებათ, თუმცა თუ საქმე საქმეზე მიდგა და ამათ არ შეწყვიტეს ეს გაუგებარი პოლიტიკა, ისინი იძულებული იქნებიან გადადგან ეს ნაბიჯი. საქართველოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ: პირველი - დათრგუნონ მოსახლეობის ნება, მეორე - ქვეყანამ გაუძლოს საგარეო ეკონომიკურ-პოლიტიკურ წნეხს და მესამე - შენარჩუნდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით სტაბილურობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ველზე. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რისი იმედით აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ”, - დასძენს გობრონიძე და შეკითხვაზე - “ერთი ვერსიით, როდესაც უკრაინაში აშშ-ის დახმარებამ დააგვიანა და თითქოს რუსეთს წარმატების შანსი გაუჩნდა, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა თავი დაეზღვია და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკიდან ერთგვარად მაამებელ პოზიციაზე გადასულიყო. თუმცა უკვე უკრაინის დახმარების პაკეტს ბაიდენმა ხელი მოაწერა...” - პასუხობს:

“უკრაინაში რუსეთის წარმატებას სად ხედავენ, არ ვიცი, სულელიც კი ხვდებოდა, ალბათ, რომ აშშ დახმარებას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოყოფდა და ომის მიმდინარეობაც ვერაფრით შეიცვლებოდა რუსეთის სასარგებლოდ. თუნდაც ასე ყოფილიყო, რატომ ჯდება ჩვენი ხელისუფლება დენთის კასრზე და თვითონვე უკიდებს ცეცხლს?! არა აქვს მნიშვნელობა უკრაინის მოვლენებს, რუსეთი რომც იგებდეს და კიევი ალყაში იყოს, საქართველოს ხელისუფლება ასე მაინც არ უნდა იქცეოდეს. შესაბამისად, არანაირი რაციონალური ახსნა არა აქვს იმას, რაც დღეს ხდება. ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული”.

წაკითხვა 265 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2024

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.