როგორი იქნება პროტესტის დინამიკა 17 მაისამდე - რაზეა დამოკიდებული ხალხის რაოდენობის ზრდა და კლება
“ოცნება” ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები გარკვეული ჯგუფების მიერ მართულია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, 16 აპრილის აქციაზე იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც “ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ”, - ოპოზიცია კი პირიქით “ოცნებას” მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსთა ნაწილი “ოცნების” პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ილუზიის შექმნას ცდილობს იმ ხალხისთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწვეტია პროტესტში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ასევე, მცდელობაა იმის, რომ ჩამოაშორონ ისინი, ვისთვისაც პოლიტიკური ჯგუფების ჩართვა მიუღებელია. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი შესაძლოა ერთი თვე გაგრძელდეს, რადგან საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება პროტესტის დინამიკა 17 მაისამდე - რაზეა დამოკიდებული ხალხის რაოდენობის ზრდა და კლება.
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ჭანკოტაძემ თქვა, რომ “ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს აქციაზე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება”. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება, მოდიოდეს აგრესია. მისი თქმით, ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოუწოდებდნენ. “ისინი რომ ხედავენ, რომ არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, იმ წამსვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობისკენ წასვლა”. “დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინ ეს ბიჭები რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში” - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში “რუსული კანონის” რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე. ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. “არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული”, თქვა მანჯგალაძემ. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნება” ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს პროტესტი მართულია, თუმცა არავითარი რეალური არგუმენტი არ აქვს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი საუბარში აღნიშნავს, რომ ვიზუალური მასალებიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი ძალადობრივია, რაც ეჭვს ბადებს, რომ მართულია”, - განაგრძობს გამოცემა.
“ოცნებას” არავითარი არგუმენტი არ აქვს, ამიტომ ცდილობენ იმის ილუზია შექმნან, რომ თითქოს პროტესტი მართულია, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩამოყალიბებული არაა იმაში მიემხროს თუ არა ამ აქციებს - მათ შეუქმნან განცდა, რომ ეს მართულია, ნუ მოხვალთ და ნუ ჩაერთვებით. ეს უსუსური ხელისუფლების უსუსური ქცევაა, აბრალებენ იმას, რაც სინამდვილეში არაა. აქციაზე ვიყავი და ვნახე - იქ არიან გულანთებული ახალგაზრდები, რომელთა მართვა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ, დავდივარ ქუჩაში და ვერავინ ვერ მცნობს. ბრწყინვალეა, რადგან სულ სხვა თაობაა მოსული, რომელსაც არ ადარდებ არც შენ, არც ხელისუფლება, არც რომელიმე პოლიტიკოსი, მას მხოლოდ საქართველო ადარდებს. “ოცნებას” საქართველო არ ადარდებს, მას უნდა როგორმე სხვები ამ აქციებიდან ჩახსნას. თავის დროზე შევარდნაძეც და “ნაციონალური მოძრაობაც” ამას აკეთებდა. “ოცნებას” ეშინია ხალხის ზვავის, ამიტომ ვინც გამოდის, ცდილობს მათ დააბრალონ უსინდისოდ ის, რაც არ არსებობს ბუნებაში. ხალხი გამოდის თავისი სინდისით და არაფერი საერთო არ აქვს ვინმესთან, მათ არავინ არ ურეკავს და ფულს არავინ არ აძლევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ოცნებას” ამაზე აქვს გათვლა, რომ პროტესტი მილევადი იყოს, ჯერჯერობით არავითარი მილევადობა არ ჩანს, უფრო და უფრო მეტი ხალხია. 17 მაისამდე პროცესის გაწელვას თავისი ლოგიკა აქვს, ამ დღით არის ჰომოფობიოასთან ბრძოლის დღე და შესაძლოა დაამთხვიონ, რომ აჰა, შენ ლგბტ საზოგადოების მომხრე ხარ?! და ამით საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შეიტანონ. ამიტომაც 17 მაისს ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას არა, ჩვენ თანასწორობის, ევროპის და თავისულების მომხრე ვართ. ხალხის ზღვა - ოკეანე უნდა გამოვიდეს, რათა “ოცნება” მიხვდეს, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და მაშინ ალბათ ივანიშვილი ხელმეორედ ნაბიჯს უკან გადადგამს და ალბათ კობახიძის და ზოგიერთი პოლიციელის “თავებს გააგორებს”, რათა საოზოგადოებას აჩვენოს, რომ ვიღაცეები რაღაცეებში შეცდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არადამაჯერებელი იქნება, რომ მომავალში კიდევ ამ ტიპის უმსგავსოება არ განახორციელონ. საზოგადოების ისეთი მკაფიო სუნთქვა იგრძნობა, რომ კრიტიკულ დღეს მემგონი ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“აქციის უამრავი ვიზუალური მასალიდან ჩანს, რომ პროტესტის ყოველი დღის დამამთავრებელი ეტაპი არის ძალადობრივი, მართული და ორკესტრირებული. აშკარად ჩანს, რომ წინა ფლანგზე მყოფი აგრესიული ახალგაზრდების ნაწილი საკმაოდ მომზადებულია, ასევე ამას პროპაგანდისტულ გუნდრუკს უკმევს ის, რომ თითქოს ეს არის მშვიდობიანი. შერჩევით ვიდეოკადრებს ვხედავთ - პროტესტის აგრესიული გამომხატველები ხელებაწეულები დგანან სპეცრაზმელების წინაშე, თითქოს ეს მშვიდობიანია, მაგრამ ამავე დროს, ხდება პოლიციელებზე მიწოლა, მათი უშვერი გინება და დაბულინგება, ფიზიკურად შეხება, გარკვეული ნივთების სროლა და შემდეგ გაქცევა. მეინსტრიმ მედია, რომელიც თავის თავს კრიტიკულად მოიაზრებს, ამას არ აჩვენებს და აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ სადღაც ჩიხში თუ სხვა ქუჩაზე პოლიციელებმა ძალისმიერად დააკავეს პროტესტის ესა თუ ის გამომხატველი და ეს საღდება, როგორც დარბევა და ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, რაც ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა იმგვარად, როგორც თითქოს ეს კანონპროექტი რუსულია”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“დე ფაქტო პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო დასავლეთშია და არა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამის მიუხედავად, პარლამენტი, რომელსაც შიგნიდან და გარედან აბულინგებენ, ამ კანონპროექტს მაინც დაამტკიცებს. პროტესტი რაც უფრო მეტად ძალადობრივი იქნება, ეს არანაირად არ დაიმალება, რაც არ უნდა ტელემანიპულაციები იყოს, მით უფრო ნაკლები ექნება მას ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ იქ შეკრებილი ადამიანები არიან “ნაცსექტანტები” და ა.შ. იქ ზოგიერთები არიან ისეთები, რომლებმაც კანონპროექტის არსი და შინაარსი არ იციან და შეცდომაში არიან შეყვანილი და მეორენი არიან ისინი, რომლებსაც მმართველი პარტია არ მოსწონთ და ეს ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში და შესაბამისად, აპროტესტებენ ნებისმიერი საბაბისა და მიზეზის გამიყენებით ხელისუფლების ქმედებებს. პროტესტი მილევადი იქნება, თუ ასეთი აგრესიული ქმედებები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, ბურთი და მოედანი აგრესიული, დაზომბირებულ-დატრეინინგებული ახალგაზრდების მხარესა, რომელთა ინსტრუქტორები და პოლიტიკური მენტორები, რომლებიც იმალებიან არა მხოლოდ ვიდეო და ფოტოკადრებიდან, არამედ იმ კონკრეტული ლოკაციებიდან, როდესაც პოლიციელთა მხრიდან უკვე კანონიერი ძალის გამოყენება ხდება”, - დასძენს გია აბაშიძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო