"მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რადგან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ერმა საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები არის მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი.
„უპირველეს ყოვლისა, ბოლო სამი წელია, 2022 წლის თებერვლიდან, ფაქტია, რომ იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, ვერ იმუშავა. ამ სისტემამ არათუ წვრილმანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო, ამისი მაგალითი საქართველოც არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აირიდა თავიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა უნდა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ, სწორედ იმით, რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი „კეთილმოსურნისთვის“, დღეს საქართველო ნანგრევებში იქნებოდა. ყველა სახელმწიფომ, ყველა ერმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები ყველა ერისთვის არის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჰქონდეს მშვიდობა, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი. ამ ინტერესების თანხვედრის ძიებაა, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილიც და ამ მხრივ ჩვენ სრულად ვთანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერების ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი ხალხების კეთილდღეობის ინტერესით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ
