დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
“2025 წლის ზაფხულისთვის ასეთი სიტუაცია გვაქვს: 6 ოპოზიციონერი ლიდერი (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ზურა “გირჩი” ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია) და 2 ყოფილი ლიდერი და ამჟამად პოლიტიკისგან დისტანცირებული (ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე) ციხეში არიან, კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი კი, გიორგი გახარია, საქართველოდან წასულია გაურკვეველი დროით. ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ასეთია: გამოცხადებულიყვნენ საგამოძიებო კომისიაზე და არავის დააკავებდნენ. “არ ვცნობთ ამ საგამოძიებო კომისიას”, - ასეთია ოპოზიციის პასუხი. რა თქმა უნდა, ოპოზიციონერების დაკავებას საპროტესტო მუხტის “აფეთქება” არ გამოუწვევია - ეს ხალხი ციხეშია და ამიტომ აღარ დავიწყებთ თავიდან იმის განხილვას, ოპოზიციამ როგორ ჩაიგდო საკუთარი თავი ასეთ დღეში. თუმცა ჩვენ სურათს ფართოდ უნდა შევხედოთ - კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. დაძაბულობა ჰაერშია ჩამოკიდებული, გინდა საშინაო, გინდა საგარეო კუთხით. დენთის კასრზე ვსხედვართ - ნებისმიერ დროს შეიძლება იბუთქოს და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც პოლიტიკური მიზეზის გამო”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
“პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა კრიზისის განმუხტვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. რაც შეეხება გახარიას, იურიდიული ფორმულირებებით რომ არ დაგღალოთ, ხელისუფლება მას ედავება დაახლოებით ასეთ რამეს: უცხოური ძალების დავალებით ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგა, რათა ესკალაცია გამოეწვია, საბოლოო ჯამში დაიკარგა მილიონი კვადრატული მეტრი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2019 წლის აგვისტოში მაშინდელი შს მინისტრი გახარია თვითნებურად მოქმედებდა, ჩორჩანის ამბავი არ იყო შეთანხმებული სუს-სთან (სპეცსამსახურის მაშინდელმა შეფმა ვახტანგ გომელაურმა პროკურატურიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ მან მართლაც არაფერი იცოდა გახარიას გეგმების შესახებ), რომელსაც შსს-სთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ და ეთქვა, რამდენად უსაფრთხო იყო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის ესაუბრა მთავრობის მაშინდელ ხელმძღვანელს მამუკა ბახტაძეს, რომელმაც უთხრა, რომ არაფერი იცოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური დოკუმენტი შსს-დან არ შემოსულა. თუმცა კახიშვილმა გაიხსენა ერთი ნიუანსი, აგვისტოს ბოლოს უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ბახტაძე პრემიერობიდან მიდიოდაო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, რომელი მხარეა მართალი, გახარია თუ ხელისუფლება. თუმცა სულაც არ არის გასაკვირი, რომ გახარიას მართლაც არავისთან შეეთანხმებინა ჩორჩანის ამბავი. გახარია იყო სუპერძალოვანი და სუპერუფლებებით აღჭურვილი შს მინისტრი. ეს ამბავი ხდება 2019 წლის აგვისტოში, 2019 წლის სექტემბერში კი მიდის ბახტაძე და მთავრობის ხელმძღვანელი გახარია გახდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ვიღაც უცხოური ძალების დაკვეთით მოქმედებდა. პროკურატურამ 1000%-იანი ფაქტები უნდა დადოს, რომ ეს ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯეროს. ეს არის მუხლები, რომლებიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის გახარიას დაკავებაზე ორდერი გაცემული არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი უფრთხის, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე პროკურატურა დააკავებს. რამდენ ხანს გაგრძელდება გახარიას ემიგრანტობა, ამას დრო გვიჩვენებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ოპოზიციური ელექტორატი დაყოფილია ბოიკოტისტებად და ანტიბოიკოტისტებად. იმასაც შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ/მხარს უჭერენ “ლელო” და გახარიას პარტია. კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ნაცმოძრაობა” აქტიური ბოიკოტის მომხრე არიან. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ ბოიკოტისტებმა იფიქრეს, რომ “ლელო” არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აზრს შეიცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მამუკა ხაზარაძემ დაკავებამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის თბილისის წართმევა მნიშვნელოვანი ამოცანაა. პოზიციის შეცვლას არც გახარიას პარტია აპირებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისის მერობისთვის მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სამჯერ იბრძოლეს, სამივეჯერ “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ ორჯერ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას უპირატესობა აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმასაც აჩვენებს, რომ ოპოზიციას თბილისისთვის "ჭიდაობა" შეუძლია”, - დასძენს გამოცემა.
“კი, მაგრამ ვინ შეუძლია დაუპირისპიროს ოპოზიციამ კახა კალაძის კანდიდატურას. ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში? ხაზარაძე და მელია გამოირიცხნენ, რადგან მათ სასამართლომ 2 წლით აუკრძალა პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. დიდი ალბათობით, გახარიაც გამოირიცხა, რადგან უცხოეთიდან (სავარაუდოდ, შემოდგომამდე მისი დაპატიმრების ორდერი მაინც გაიცემა) ონლაინ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ანტიბოიკოტისტები ამბობენ, რომ კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც არ არის პარტიული, აქტიურად პოლიტიკური, საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს ანუ “დიმიტრი გელოვანი”. დარჩა საქართველოში ვინმე ავტორიტეტი პოლიტიკასთან ახლო სფეროებში, რომელიც მასობრივად შეძლებს თბილისელების ხმების წამოღებას? ხაზს ვუსვამთ - საუბარია ავტორიტეტზე, თორემ საზოგადოების კეთილგანწყობით (“აქეთა მხრიდანაც” და “იქითა მხრიდანაც”) ჩვენი წარმატებული სპორტსმენები სარგებლობენ, მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებით მათზე საუბარი წყლის ნაყვა იქნება... სამწუხაროდ, ასეთი ავტორიტეტი არ არის. თუმცა შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მაინც ეფექტური იქნება. გახარიასა და ხაზარაძის ადგილას რომ ვიყო, შევეცდებოდი დამერწმუნებინა სალომე ზურაბიშვილი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. თუნდაც მხოლოდ გახარიასა და ხაზარაძის პოლიტიკურ თუ ფინანსურ რესურსებზე დაყრდნობით”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუ სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერად იყრის კენჭს, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ის შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის ხმების მაქსიმალურად წამოღებას. იმ პირობით, თუ ანტიბოიკოტისტები არ მოუწოდებენ საკუთარ ამომრჩეველს სახლში დარჩენისკენ (თუმცა თავად შეუძლიათ პასიური ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მოუგებს კახა კალაძეს (ცოტა მომხრე არც თბილისის ამჟამინდელ მერს ჰყავს), თუმცა ჭიდაობა შეიძლება. თუმცა... სალომე ზურაბიშვილი აშკარად ბოიკოტისტია. ელოდება დასავლურ ზეწოლას, რომელიც, მისი მტკიცებით, ხელისუფლებას ახალ საპარლამენტო არჩევნებს დაანიშვნინებს. ასე ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც - პროტესტი და დასავლური ზეწოლა. არადა, არ ითვალისწინებენ რისკს იმისა, რომ არჩევნების გარეშე დარჩენილი პარტიები მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. რაც შეეხება დასავლეთს, სცხელათ კი პარიზში, ლონდონში ან ბერლინში იმისთვის, რომ ქართული შიდაპოლიტიკით უფრო აქტიურად დაკავდნენ?!” - ამბობს სტატიის ავტორი.
“დასავლეთი კი ომისთვის ემზადება. ამაზე მხოლოდ ექსპერტები კი არა, ევროპის სახელმწიფოების მეთაურები საუბრობენ. ამაზე ნათლად არის მინიშნება Financial Times-ში დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: “მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს”. ავტორები, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არიან. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან: “ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენენ. 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს; შემდეგ - 2014 წელს მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია; 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმირ პუტინის მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ... ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, გერმანიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში”, - ნათქვამია სტატიაში. თავად განსაჯეთ, ვისთვის სცხელა ან არ სცხელა დასავლეთს”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"