October 5, 2025

"კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა დესტრუქციულ ქმედებებში" - გიორგი შარაშიძე

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე - ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, სახეზე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ბოიკოტისა და „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ავტორ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს“.

„ვეხმაურებით რუსთაველის გამზირზე და პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს! როგორც მოსალოდნელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე.

ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ როგორც „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზატორებს, ისე ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად!

სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ოცნებას“ ესარგებლა არაფრის მომცემი ბოიკოტით და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებით მიგვეღწია თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში „ოცნების“ დამარცხებისთვის და გვყოლოდა ოპოზიციური მერები და საკრებულოები, „ოცნება“ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო გაიფორმებს სრულიად დაუმსახურებელ ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას მუნიციპალურ არჩევნებში!

ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველას ერთად გვეზეიმა თბილისის გადარჩენა კალაძისა და „ოცნების“ კორუმპირებული კლანისგან, სახეზე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ბოიკოტისა და „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ავტორ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ!

ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია!

ჩვენი მხარდაჭერა ყველა ოპოზიციურად განწყობილ პროტესტანტს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული!

გპირდებით, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება ცვლილებები და ამას ჩვენი პოლიტიკური ძალა - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გონიერი, ზომიერი და პასუხისმგებლობიანი, მშვიდობიანი პოლიტიკური ნაბიჯებით მივაღწევთ“, - აღნიშნა შარაშიძემ.

წაკითხვა 140 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.