რუსული “ენერგეტიკული შანტაჟი” გერმანიის ხელშეწყობით ევროპას ემუქრება

“კრემლი, მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა, მაინც შეძლებს ევროპაზე “ენერგეტიკული შანტაჟის” ბერკეტის მიღებას - გაზსადენი “„ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია.

რუსული გაზის ევროპაში ექსპორტი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხდეს, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რაც რუსეთს სრულად გაათავისუფლებს უკრაინაზე დამოკიდებულებისაგან. ხოლო უკრაინამ შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია მთლიანად დაკარგოს. გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2”, რომლის მშენებლობაც 2012 წლიდან დაიწყო და 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებაზეა გათვლილი, მომგებიან პროექტს წარმოადგენს, - ნავარაუდევია, რომ ის გაწეულ ხარჯებს 9 წელიწადში აანაზღაურებს. რუსეთმა თავისი მაინც გაიტანა და დღეს უკვე პროექტის 50%-ზე მეტი შესრულებული აქვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროპას რუსული “ენერგეტიკული შანტაჟი” ემუქრება - “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის ნახევარზე მეტი უკვე გაყვანილია.

 


“ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 1 290 კილომეტრიანი ნაწილი - სრული პროექტის 52,6%”, - აცხადებენ “გაზპრომის” ხელმძღვანელობაში. უკრაინამ ევროკავშირს პროექტის დაბლოკვა არაერთხელ სთხოვა, რასაც მხარს სხვადასხვა ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის პოლიტიკოსები, ევროპარლამენტი და აშშ უჭერდნენ. ამერიკის ხელისუფლება დღესაც ემუქრება პროექტის მონაწილეებს სანქციებით. ძირითადად ვინ ლობირებს პროექტს და ვინ არის წინააღმდეგი? ამ პროექტის შესრულება რა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას შექმნის და უკრაინისთვის რა შედეგის მომტანი იქნება? ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთის გაზზე გადასვლა ევროპას, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქცევს, ხოლო უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია გაქრება. მისი თქმით, ეს პროექტი, როგორც რუსეთის ინტერესს, ასევე გერმანიის ინტერესებსაც შეიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც რუსეთი ევროპის მიმართულებით ახორციელებს. ამ პროექტის გაყვანა, დამატებით, ევროპისათვის სამხრეთ ნაკადთან ერთად, წელიწადში 55 მილიარდ კუბომეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც, ფაქტობრივად, ევროპის სრულ ბლოკადაში მოქცევას გამოიწვევს, - მისცემს საშუალებას, რომ უკრაინა სატრანზიტო პოტენციალისაგან “ჩახსნას”. ბუნებრივია, რომ ეს ალტერნატიული ვარიანტია, რომელსაც რუსეთი აპირებს; პირველ რიგში, გერმანიას მიაბამს და შეეცდება რუსეთის გაზთან მიმართებაში ენერგეტიკული ჰაბი გახადოს. ეს უკრაინაზე იქნება ზეწოლის საკმაოდ მძლავრი ბერკეტი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ამერიკელებს კონკურენტუნარიანობიდან ამოაგდებს - თხევადი გაზის ტექნოლოგიების სისტემა გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ბუნებრივი აირის გაზი და რუსეთს შეუძლია რუსულ გაზზე ფასი დააკლოს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს, ფაქტობრივად, ევროპის მიმართულებით არის ჰიბრიდული შეტევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 


“ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის განხორციელება, რუსეთის გავლენებს ევროპაში და კერძოდ გერმანიაში, სერიოზულად გაზრდის - “გაზპრომს” თავისი სპეცსამსახური ჰყავს, რომელიც რუსული კანონმდებლობითაა მიღებული და რუსეთისთვის ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი აქტორი, რომლის მეშვეობითაც, გერმანიაში “გაზპრომის” შესვლა და გაძლიერება ხდება, რუსეთი შეეცდება უშუალოდ მოიყვანოს ხელისუფლებაში ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უფრო პრორუსულ პოლიტიკას გააძლიერებს, რაც შემდეგ შეიძლება საფრანგეთს გადაედოს”, - განმარტავს ექსპერტი.

წაკითხვა 833 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.