ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას
“28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია. თუმცა, აზერბაიჯანის მხრიდან ეს აქცია არ ჩატარდა და გარეჯში მხოლოდ ქართველი აქტივისტები ჩავიდნენ. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს აქციაზე სომხური დროშებით აპირებდნენ ადამიანები გარეჯში მისვლას. ამ ყველაფერს კი ანალიტიკოსები მესამე ძალის გავლენას და რუსული აგენტურის მიერ შემოგდებულ პროვოკაციად აფასებენ. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებები ლაპარაკობენ, ხოლო აქტივისტები ამ დრომდე დაუდგენელ საზღვართან აქციებს მართავენ, არსებობს თუ არა იქ ვითარების დაძაბვის საფრთხე და რამდენად აკონტროლებს მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება? არის თუ არა ამ დრომდე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმარისად მკაფიო?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნაღმი! - ვინ ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭებას / “რუსული აგენტურული ქსელი გარეჯის ირგვლივ აქტიურად მუშაობს”.
“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების პარალელურად უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. მათი აზრით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაძაბულობა მხოლოდ რუსეთს აწყობს, მათი აზრით, ყველაზე კარგად პატრიარქი მიხვდა, რომ ამ ყველაფერში მთავარ როლს მესამე რუსული ძალა თამაშობს და მან სასწრაფოდ განცხადება გააკეთა, რაც დროული იყო. აქციების პარალელურად, მუშაობას აგრძელებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, თუმცა საბოლოო შედეგამდე, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, წინ მოლაპარაკების კიდევ არაერთი რაუნდია. 28 მაისს კი დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტური კოშკამდე მსვლელობა ათასობით ადამიანმა გამართა. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. სამღვდელოების პოზიცია მოკლე და კატეგორიულია, ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აქ სადავო არაფერია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ხშირად ეს ადგილი მომლოცველებისთვის დაკეტილი არის, აზერბაიჯანული მხარე ჩიჩხიტურსაც და უდაბნოს მონასტერსაც კეტავს ხოლმე. ეს არის უძველესი ქართული წმინდა ადგილი, ამ ადგილზე ეწამა 6000 გარეჯელი ბერი და მიუღებელია ამ ადგილზე წვდომა არ იყოს”, - ამბობს ფიტარეთის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ექვთიმე. დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია მართალი არ აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები დავით გარეჯში დარჩენას დღის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა პატრიარქის მოწოდებით, მათ აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”, - ეს განცხადება კი პატრიარქმა გაავრცელა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას უნდა ვაცადოთ, რომ სიტუაციაში გაერკვნენ და მოლაპარაკების რეჟიმში გარკვეულ შედეგს მიაღწიონ. მისი აზრით, მსგავსი საკითხები ასე სწრაფად არ წყდება და გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტი აზერბაიჯანის მოსახლეობაშიც არსებობს. ამიტომაც ყველამ ნერვები უნდა დავიწყნაროთ და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაცადოთ, რომ გარკვეული პროვოკაციების გარეშე პრობლემა მოაგვარონ”, - დასძენს გამოცემა.
“ხუხაშვილის აზრით, ეს ყველაფერი რუსული აგენტურის ნამუშევარს ჰგავს და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არასახელმწიფოებრივია და გარეჯთან დაკავშირებით, რელიგიური კონტექსტიდან გამომდინარე, დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ზურაბიშვილი არის პრობლემების პანდორას ყუთი, რომელსაც ხელისუფლებამ ისეთ ქვეყნებთან, სადაც გარკვეული პრობლემების შექმნის საფრთხეები არსებობს კონტაქტი და განცხადებების გაკეთება უნდა აუკრძალოს”, - წერს სტატიის ავტორი.
“არ ვიცი ეს ქალი ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებს თუ გაუთვითცნობიერებლად, თუმცა ფაქტია, რომ რუსული აგენტურა ძალიან კარგად ჩაერთო ამ საქმეში და გარკვეული ინფორმაციების შემოგდებაც ვნახეთ. თითქოს იქ სომხური დროშები უნდა გამოჩენილიყო გარეჯში და ასევე აზერბაიჯანელები 28 მაისს საპროტესტო გამოსვლებს აპირებდნენ. ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ რელიგიური კონტექსტიდან გამომდინარეობდა. მსგავსი სადავო საზღვრები რუსთთან და სომხეთთანაც გვაქვს, რატომ იმ ქვეყნებზე არაფერი თქვა და მაინცდამაინც გარეჯს მივარდა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც შესაძლოა მსგავს პროვოკაციებში ჩავებათ, ზურაბიშვილი არ გაგზავნოს და საერთოდ განცხადებების გაკეთება აუკრძალონ. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთს აწყობს. აღარ შევალ სიღრმეებში, უბრალოდ, საქართველოს და აზერბაიჯანის დაპირისპირებით ის სამხრეთ კავკასიაზე სრულ ბატონობას შეძლებს. ვიფრთხილოთ ძალიან და ასეთი თემებით თამაშს თავი დავანებოთ. იგივეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურსაც მოვუწოდებ, ფაქტია, აგენტურული ქსელი ორივე ქვეყანაში მუშაობს. სუს-მა ზურაბიშვილის განცხადებიდან დღემდე გამოძიება დაიწყოს. სხვაგვარად უფრო დიდი პრობლემები შეგვექმნება. ვაცადოთ ხელისუფლებას, რომ რაღაც დროის მანძილზე ეს აფეთქებული თემა დაალაგოს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი