ზელენსკიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცა - როგორ ხსნიან ფაქტს ექსპერტები
საქართველოსა და უკრაინას შორის "ურთიერთობის გამყინვარების" ახალი ეტაპი იწყება, - ასე ხსნიან პოლიტოლოგები უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის არადიპლომატიურ ნაბიჯს, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დღის არმილოცვასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი მეორე პოლიტიკური ლიდერია მსოფლიოში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ მიულოცა. პოლიტოლოგები ამის მიზეზად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს ასახელებენ და ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, დამარცხებული საქართველო აღმოჩნდება.
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ გამწვავდა, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი კიევში მიიწვია და საბოლოოდ, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. უკრაინის ხელისუფლების ამ ნაბიჯით განაწყენებულმა "ოცნების" მთავრობამ საქართველოში უკრაინის ელჩი დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. ხოლო მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გავლენა შემცირდა, ორ მეგობარ ქვეყანას შორის "გამყინვარება" დასრულდა და 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი პოროშენკოც კი სტუმრობდა.
"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსული აგრესიის შედეგი. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების ხელშეკრულებას. მეორე მხრივ კი, ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსი და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმყოფები აქ, რათა ვუთხრათ მათ, რომ ისინი მარტოები არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვართ", - განაცხადა მაშინ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მისამართით პეტრო პოროშენკომ.
თუმცა, ურთერთობის დათბობა დროებითი აღმოჩნდა. უკრაინაში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ბზარები კვლავ გაჩნდა. ამჯერადაც ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც "რეინკარნაცია" განიცადა და უკრაინაში მისაღებ პოლიტიკურ ფიგურად კიდევ ერთხელ იქცა. უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მისი ქართველი კოლეგა ინაუგურაციაზე მიიწვია და საქართველოსგან გულითადი მილოცვაც კი "დაიმსახურა". თუმცა, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზელენსკის რატომღაც არ გახსენებია საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ამ ჟესტს ცუდ დიპლომატიურ ნაბიჯს უწოდებს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი უჩნდება, მით უფრო, რომ ამას წინ უსწრებდა ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა უკრაინაში.
"ეს ძალიან ცუდი დიპლომატიური ნაბიჯია უკრაინის მხრიდან. უცნაურად გამოიყურება, იმიტომ, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციაზე მიიწვიეს. რამდენიმე დღეში რა შეიცვლა არ ვიცი. ან ზურაბიშვილმა ხომ არ თქვა რამე "სასწაული", კაცმა არ იცის. ინაუგურაციის მერე რამდენიმე დღეში არ გვილოცავს დამოუკიდებლობის დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ძალიან უცნაურია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. თუმცა იმან, რომ უკრაინაში სააკაშვილი სასურველ პერსონად მიიღეს, მაშინვე ვთქვი, რომ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა უკრაინასა და საქართველოს შორის, შეიძლება ეს ამის გამოძახილიც იყოს.
ის, რომ სააკაშვილის ფაქტორი იმუშავებდა, ამაზე ადრეც მისაუბრია. სააკაშვილი როდესაც ასეთი მისაღები ფიგურაა, გინდა-არ გინდა, მათ განწყობებზე აისახება. ეს ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ბოლო ინფორმაციით, უკრაინა სრულიად სხვა პოლიტიკურ წონას, როლსა და დანიშნულებას იძენს აშშ-სთვის. პირველ ივნისს უკრაინის საელჩო აშშ-ში აცხადებს, რომ ამერიკის კონგრესში შევიდა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინას უნდა მიენიჭოს აშშ-ის მნიშვნელოვანი სამხედრო მოკავშირის სტატუსი. ამავდროულად გავრცელდა ინფორმცია, რომ ტრაპმა ზელენსკი შეხვედრაზე მიიწვია. ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის როლში, უკრაინის დაკარგვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია. ეს ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება მოუტრიალდეს საქართველოს. მით უფრო, რომ ვაკვირდებით ანაკლიისა და ფოთის პორტის გარშემო დატრიალებულ ვნებათაღელვას და იმ უცნაურ უარს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის პორტს უთხრა. რომ არა უპრეცდენტო ზეწოლა საგარეო პოლიტიკური ძალის მხრიდან, დიდი ალბათობით ეს შერთებული შტატები იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ განცხადებას არ მოვისმენდით. ამიტომ მხოლოდ იმის განაალიზებას, რომ ზელენსკიმ არ მოგვილოცა, არ მივიჩნევ სწორად, ეს ყველაფერი ერთამენთთან კავშირიშია", - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ახალი ბზარების გაჩენაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც და ამაში გარკვეულწილად, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.
"უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობათა მომავლის ვექტორის საზომი იყო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა. ზელენსკი იდგა არჩევანის წინაშე - ან საქართველოსთან ურთიერთობის ახალ რელსებზე გადაყვანა-გაუმჯობესება, ან სააკაშვილის შეყვანა უკრაინაში. მან საბოლოოდ არჩევანი გააკეთა. ამით დამთავრდა ყველაფერი, ბრმა უნდა იყო, ან "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომ ამბობდე - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო. მათ არჩევანი გააკეთეს სააკაშვილის სასარგებლოდ, ეს "ოცნებისთვის" ძალიან ცუდია. ესენი უკანასკნელ ხიდებს ანგრევენ უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან. ის, რომ სააკაშილს მოქალაქეობა აღუდგინა, ნიშნავს, რომ ზელენსკის სულ სხვა ხედვები აქვს სააკაშვილთან მიმართებში. ამ დროს შენ რომ სააკაშილს ლანძღავ, კენჭს ისვრი ზელენსკის ბოსტანში. ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, შეიძლება იმიტომ, რომ ზელენკისთვის პრეზიდენტების რაოდენობას ჰქონდა მნიშვნელობა. "ოცნებას" მოსწონს თუ არა სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, ევროპაში ამ ადამიანს აქვს რეფორმატორის რეპუტაცია. ევროპას ნაკლებად ადარდებს, სააკაშვილმა საქართველოში რა შეცდომები დაუშვა. ჩემი აზრით, არ შეიძლება, ქვეყანაში ცუდი ფონი არ შეექმნა იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების მიმართ ხელისუფლება არც თუ ისე სიმპათიურად იყო განწყობილი და ზოგის ექსტრადირებასაც კი ითხოვდა. მერე ითქვა, რომ მათი მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურებს გაუგზავნეს. ბენებრივია, ეს "ოცნების" ხელისუფლების შეცდომაა და გარკვეულწილად აისახებოდა ორი ქვეყნის უერთიერთობაზე", - გვითხრა ცინცაძემ.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოში კი სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. პროკურატურა მის ექსტრადირებაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა.
ambei.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში