“არეულობა და პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილს თავად აწყობს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად“

“ძალიან ბევრი მოსაზრება გავიგე, რომ პრორუსული პროექტია გახარია და რუსები არ აძლევენ უფლებას ბიძინა ივანიშვილს, რომ ის გაუშვას.

მე მგონია, რომ ეს ძალიან არასერიოზული მსჯელობაა, მე ცოტა სხვანაირად ვხედავ ამ პროცესებს, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს თვითონ აწყობს ასეთი არეულობა და ბევრი ასეთი მოზღვავებული პროტესტი, სწორედ ამიტომაც მან არ გადააყენა გახარია. მე ცოტა შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ შესაძლოა მას სჭირდებოდეს კიდეც პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომ გადმოსწიოს არჩევნების ვადა და იფიქროს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არც პროპორციული არჩევნები აწყობს და არც 2020 წელში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში მას წამგებიანი პოზიცია აქვს," - აცხადებს ჟურნალისტი და ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილს თავად აწყობს არეულობა და პოლიტიკური კრიზისი, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“ – მიროტაძე.

 

“ამიტომ თუკი მას პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით რაიმეს დათვლა შეუძლია, ყველაზე დიდი შანსი, რომ ახალ პარლამენტში უფრო მეტი მანდატით იყოს წარმოდგენილი “ქართული ოცნება” აქვს ახლა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას არგაშვება მას სჭირდებოდეს პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად. ხაზგასმით და მკაფიოდ ვამბობ, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, ამაში არავინ არ იქნება დამნაშავე, ეს იქნება თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების” მიერ ინსპირირებული, უბრალოდ იქნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას ხელს შეუწყობენ, პირველ რიგში ეს იქნება ალბათ “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება პროპორციული არჩევნების საკითხს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს და “ქართულ ოცნებას” გაფიქრებაც კი არ უნდოდა ამის, გახსოვთ, რომ ყველაფერი გააკეთეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომ ოღონდ 2024 წლამდე გადაედოთ პროპორციული სისტემის არჩევნების ჩატარება, მათ ზუსტად იცოდნენ, რამდენად საფრთხის შემცველია მათთვის ეს. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, შემოაგდო თემა თუნდაც ამ ეტაპისთვის ოპოზიციის გასანეიტრალებლად და მათში ბზარის შეტანისთვის ცდილობს, რომ დრო მოიგოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანი მიროტაძე.

 

“ივანიშვილზე დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო, რომ 2020 წლიდან არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და როგორც ჩანს, ეს განცხადება დასავლეთისთვისაც პასუხის გაცემა იყო იმ დაჟნებულ მოთხოვნაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამის ნათელი მაგალითი მაიკ პომპეოს განცხადებაა, რომელმაც ძალიან მკაფიო მესიჯი გამოუგზავნა ჩვენს ხელისუფლებას. ვერ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე დათმო, ზუსტადაც არაფერი ჯერ არ დაუთმია და პირიქით ახლა ცდილობს, რომ ყველაფერი, ეს მუხტიც კი “თვალებდათხრილი სიტუაციაც”, ეს უბედურებაც, რომელიც მათ დაატრიალეს 20 ივნისის ღამეს, ისევ სათავისოდ გამოიყენოს და მისთვის სასარგებლო შედეგებში გამოისახოს. პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება ხელისუფლების ქმედებას, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შესაძლოა შეშინებულია, მაგრამ ზუსტად ვიცი რამდენ რამეზე შეიძლება წავიდეს შეშინებული ბიძინა ივანიშვილი და შეშინებული “ქართული ოცნება”, რადგან მათ ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, ანუ წავლენ ყველაფერზე და შესაძლოა, მათ შექმნან ქვეყანაში კიდევ უფრო რთული ვითარება”, - განაგრძობს რესპონდენტ.

 

“მე დაველოდები რატომ მოითხოვა მაინცდამაინც 28 ივნისს შს მინისტრმა პარლამენტში მისვლა და რატომ გადადო კიდევ პროცესი, დაველოდები მის განცხადებას და კიდევ უფრო მკაფიო პოზიცია მექნება, რას აპირებს ხელისუფლება. რამდენიმე გზავნილით ნათელი გახდება, მიდის თუ არა ბიძინა ივანიშილი პოლიტიკურ კრიზისამდე, ან მიდის თუ არა იგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც დიდი ალბათობით შემოდგომაზე დაინიშნება. წელს ბევრად უფრო მარტივია ივანიშვილის გამარჯვება, ვიდრე 2020 წელს და ბევრად უფრო მარტივია მათი გამარჯვება შერეული სისტემით, ვიდრე პროპორციული სისტემით, ეს ორი არგუმენტია ჩემთვის ძალიან მყარი. ახლა თუ ვინმეს ინტერესებში შედის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ერთადერთი კაცი ბიძინა ივანიშვილი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება”… როდესაც გახარია არ გადადგება, ხალხის პროტესტი გადავა უმართავ ფაზაში, ბიძინა ივანიშვილი მერე გამოვა და იტყვის, რომ ვითომ იძულებული გახდა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. აქვე მინდა შეგახსენოთ მნიშვნელობანი დეტალი, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშილს ექვსთვიანი ვადა, როცა მას არ შეეძლო პარლამენტის დათხოვნა, ზუსტად 18 ივნისს გაუვიდა, ანუ ახლა ამ მოცემულობაში ზურაბიშვილსაც აქვს სრულფასოვანი უფლება პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტი”, - დასძენს ანი მიროტაძე.

წაკითხვა 743 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.