4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს
“რა ელის "ქართული ოცნების" იმ 4 დეპუტატს, ვინც 91 თანაგუნდელის წინააღმდეგ წავიდა და ოთხშაბათს მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, მიიღებენ თუ არა ისინი მკაცრ გაფრთხილება-საყვედურს პარტიის ლიდერებისგან? პარტიის შეკრებაზე „ურჩ" დეპუტატებს რას ეტყვიან, ეს უცნობია, თუმცა, საჯაროდ რიგი თანაგუნდელებისგან საყვედურები უკვე მიიღეს. ითქვა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნისას "ქართულ ოცნებას" გუნდურობა ეჩვენებინა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ „გუნდის წევრებმა მათი გადაწყვეტილება უნდა ახსნან", რადგან მელიას იმუნიტეტის თემა არ იყო რიგითი კანონპროექტი, არამედ იყო ძალიან პრინციპული საკითხი იყო, სადაც გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 4 - 91-ის წინააღმდეგ - რა ელით “ურჩ” დეპუტატებს.
"დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, როცა გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს. „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა 4 „ურჩ" დეპუტატს პარტიიდან გაშვება, თქვა, რომ „ოცნების" ადგილას „ნაცმოძრაობა" რომ ყოფილიყო, ეს დეპუტატები უკვე გუნდიდან გარიცხულებიც იქნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დიდი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ოთხშაბათს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს „ნაცმოძრაობის" დეპუტატის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ - „ოცნების" დეპუტატებმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს. წინააღმდეგი არ ყოფილა არავინ. დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ რეგისტრაცია არ გაუვლია და შესაბამისად თავი შეიკავა „ოცნების" 4-მა დეპუტატმა - რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვანიამ და ბიძინა გეგიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"სწორედ ამ 4 დეპუტატითაა უკმაყოფილო მმართველი პარტიის სხვა წევრები და თვლიან, რომ თანაგუნდელებმა პრინციპულ საკითხში ერთსულოვნება დაარღვიეს და გადაწყვეტილება უნდა აუხსნან გუნდს. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებს გუნდში არა მარტო „გადაწყვეტილების განმარტება" მოსთხოვონ, არამედ დასაჯონ კიდეც, მაგალითად საყვედურით, ან უფრო მეტიც -გუნდიდან გაშვებით. ემუქრება თუ არა „ოცნების" 4 „ურჩ" დეპუტატს გუნდიდან გაშვება ან რაიმე სხვა სასჯელი? ამ 4 დეპუტატიდან ორი საპარლამენტო თანამდებობას იკავებს. რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო მარიამ ჯაში - განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ბიძინა გეგიძე კი არის პოლიტსაბჭოს წევრი. რომან კაკულია ამბობს, რომ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ „არ მოეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა, რომელიც მისი აზრით დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს". კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ უმრავლესობას დატოვებს, დეპუტატი პასუხობს, რომ "დღეს ამის სურვილი არ აქვს", თუმცა თუ მისი წასვლის საკითხს დააყენებს გუნდი, ის პრობლემებს არავის შეუქმნის”, - განაგრძობს გამოცემა.
"როცა გუნდის საწინააღმდეგო გამოდის შენი გადაწყვეტილება, ცხადია, მზად უნდა იყო ყველაფრისათვის, არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც უკმაყოფილება მექნება, თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იქნება განხილული... მე ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისათვის, პოლიტიკური კარიერის აგებას ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ", - განაცხადა კაკულიამ. ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირა, რადგან მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, გადაწყვეტილება არ იყო მომგებიანი არავისთვის - არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის. გარდა ამისა, თვლის, რომ პროცესის წარმართვა მოუმზადებელი იყო. „ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, უბრალოდ, პოლიტიკოსს მისი პრინციპებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და თავისუფლების ხარისხი უნდა ჰქონდეს,"- განაცხადა გეგიძემ. მარიამ ჯაში ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორად მიაჩნია. მისი თქმით, იმუნიტეტის მოხსნას მხარი პრინციპების გამო არ დაუჭირა - პირველი პრინციპი პარლამენტარიზმი და თავად პარლამენტის წევრის იმუნიტეტის პატივისცემაა, მეორე კი ის, რომ პირადად მან საკმარისი არგუმენტები ვერ მიიღო”, - დასძენს გამოცემა.
"შესაძლოა თუ არა, მისი გუნდიდან წასვლის საკითხი დადგეს, - ჯაში ამბობს, რომ თავად ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. „თუკი ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩაითვლება გუნდურობის პრინციპის საწინააღმდეგო ნაბიჯად, მზად ვარ, შედგეს საუბარი. მზად ვარ, მოვისმინო ნებისმიერი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ჯაშმა. ყველაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა ალექსანდრე ერქვანია. „ესე ჩავთვალე საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო. დამთავრდა,"-განაცხადა ერქვანიამ. კოლეგების განმარტებების მიუხედავად უკმაყოფილოა ნუკრი ქანთარია. მისი თქმით, ასეთი დაქსაქსვა მიუღებელია და ეს დეპუტატები, ალბათ, მონასტერში უნდა წავიდნენ.
"ჩვენი გუნდის წევრებმა მათი გადაწყვეტილება უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან - არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. არავის არაფერს არ ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად ვუჭერდით მხარს, ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს",-აცხადებს ქანთარია. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნაზე გუნდში იყო მსჯელობა და მაშინ არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. „როცა არის გუნდში მსჯელობა და ისინი შიგნით, გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება არის განსხვავებული, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს",- აცხადებს ხუნდაძე. რა ბედი ელით ურჩ დეპუტატებს - ამ კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. „დღეს, რომ ხელისუფლებაში იყოს "ნაციონალური მოძრაობა," დღესვე იქნებოდნენ გარიცხული. თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მით უმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში სარგებლობს თავისუფალი მანდატით არის თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი. ეს წარმოუდგენელია რიგი პოლიტიკური ძალებისათვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია," - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი