„მოქალაქეობის“ სანაცვლოდ 400-მა გალელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც აქამდე ქართველებად ითვლებოდნენ, “ძირძველი აფხაზურ გვარი დაიბრუნეს” და აფხაზებად ჩაეწერნენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს” თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ გააკეთა. სოხუმის რეჟიმი კი ე.წ. აფხაზურ მოქალაქეობას და ე.წ. ახალ პასპორტებს ჰპირდება ყველა გალელს, ვინც “აფხაზურ ფესვებთან” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და აფხაზურ გვარს მიიღებს. კონფლიქტოლოგების თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ახალი სქემით ქართული მოსახლეობის ასიმილაციას გეგმავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველთა მასობრივი ასიმილაცია - 400-მა გალელმა გვარი აფხაზურად გადაიკეთა / სანაცვლოდ სოხუმის რეჟიმი მათ „მოქალაქეობას“ სთავაზობს.

 

“რამდენიმე დღის წინ გალში ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს” ყრილობა გაიმართა, სადაც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ განაცხადა, რომ “გალის რაიონის 400 -ზე მეტმა მცხოვრებმა ძველი აფხაზური გვარი დაუბრუნა”. ზუხბა ამბობს, რომ საბჭოს არსებობის 5 წლის განმავლობაში, მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა აფხაზური გვარის დაბრუნების საქმეში დახმარების თხოვნით. მისი თქმით, საუბარია ადგილობრივ “მეგრელებზე”, რომლებსაც აფხაზური ფესვები აქვთ და საბჭოთა დროს აფხაზური გვარი იძულებით “მეგრულად” გადაუკეთეს, ახლა კი “სამართლიანობა აღიდგინეს” და ძირძველი, ორიგინალური აფხაზური გვარები დაიბრუნეს. ინფორმაციას აფხაზური გამოცემები ავრცელებენ. ედიშერ ზუხბა აცხადებს, რომ “საბჭო დაინტერესებულია, რომ გალის მცხოვრებლები რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ აფხაზეთის ცხოვრებაში და აღიდგინონ ძველი აფხაზური გვარები”. გარდა ამისა, მისივე ცნობით, გალის რაიონში დაგეგმილია სკოლა-ინტერნატის შექმნა, სადაც ბავშვებს აფხაზურ ენას და აფხაზეთის ისტორიას შეასწავლიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ორგანიზაცია “სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო” 2014 წელს დაფუძნდა. საბჭოს წევრების განცხადებით, მათი მიზანია მურზაყანელ აფხაზთა შთამომავლების ინტერესების დაცვა. საბჭო აცხადებს, რომ დღეს გალის რაიონის მოსახლეობის 95% ეთნიკური ქართველი, “მეგრელია”, თუმცა “ყველამ კარგად იცის საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ”. ბევრია ისეთი, რომლებსაც აიძულეს აფხაზური გვარი ქართულად გადაეკეთებინა. აფხაზური წარმომავლობის გვარებად დასახელებულია: ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, გვაძაბია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა”, - დასძენს გამოცემა.

 

“რაც ხდება, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გალში მცხოვრებ ძირძველ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ბინადრობის დოკუმენტი მისცეს. წლების წინ დაიწყო ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა ქართული მოსახლეობისთვის იმ მიზეზით, რომ ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ ე.წ. პასპორტის გარეშე გალელები ყველანაირი უფლებების გარეშე არიან, არასრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევიან. ამ ხალხს ნაკვეთები აქვს, ბინა, სახლები, მაგრამ არ აქვს უფლება, საკუთრება გაიფორმოს. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთი იძულებული გახდებოდა გვარი შეეცვალა. არის გვარები, რომელიც აფხაზურფუძოვანია, მაგრამ არასდროს ყოფილა იძულება, რომ გვარები ქართულად გადაეკეთებინათ. იმაზე რატომ არაფერს ამბობენ, ქართული ფუძის გვარები რატომ არიან დღეს აფხაზებად ჩაწერილები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძე.

 

“ძალიან ხშირი იყო, როცა ქართულ გვარებს აფხაზურად იკეთებდნენ ან აფხაზებად იწერებოდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, არ მიჰყავდათ ჯარში და მარტივად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამაზე არ საუბრობენ, იმიტომ რომ, არ აწყობთ. როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. დღეს იქ ასეთი პოლიტიკაა და ხალხს იძულებულს ხდიან აფხაზებად ჩაეწერონ”, - ამბობს კიკნაძე. მისი თქმით, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია ქართველია, გვარის ფუძეც ქართულია, მაგრამ აფხაზობს და ქართველებს ყველაზე სასტიკადაც ის ეპყრობა. “თუ ასე გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ზოგი ჩაეწერება აფხაზად, რომ ნორმალური უფლებები ჰქონდეს. ეს ტენდენცია წავა. სამწუხაროა, მაგრამ ასე იქნება”, დასძენს კიკნაძე, რომლის განმარტებით, “ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა, რომ გალში ეთნიკური სურათი შეცვალონ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1108 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.