November 22, 2024

ვინ რა მიიღო პარიზში შეხვედრით? - ნორმანდიის სამიტის შედეგები

პოლიტიკოსებს შორის შეხვედრების ან საერთაშორისო მნიშვნელობის სამიტების მნიშვნელობაზე გარდა ოფიციალური განცხადებებისა მეტყველებს ისიც, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკოსები, რამდენად მობილიზებულები ან დაძაბულები არიან, როგორ უჭირავთ თავი, როგორ აკეთებენ განცხადებებს და ა.შ.
 
 
 
 
ამ კუთხით 9 დეკემბერს, პარიზში ნორმანდიის სამიტი ძალიან საინტერესო იყო. პრესკონფერენციაზე მოხდა ის, რასაც ალბათ არავინ არ ელოდა - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი როგორც ჩანს დაიღალა და ფეხსაცმელი ცალი ფეხიდან წაიძრო და ცოტა ხნის განმავლობაში ასე ათამაშებდა, საფრანგეთის პრეზიდნტის გვერდით მჯდარი რუსეთის პრეზიდენტს კი კადრში სკამზე გადაწოლილს ვხედავთ, საკმაოდ კმაყოფილი იერით. რა თქმა უნდა, შეიძლება იმის თქმა, რომ 2,5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ლიდერები დაღლილები იყვნენ, თუმცა ეს დეტალი მაინც მეტყველებს ზოგად სურათზე, იმაზე, თუ ვინ როგორი განწყობით იყო მისული სამიტზე და ვინ დარჩა კმაყოფილი თუ უკმაყოფილო.
 
 
 
 
ეს იყო სამიტი, რომელსაც ელოდნენ, ამის მიზეზები კი მრავალია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო სამიტი სამი წლის წინ - 2016 წლის 19 ოქტომბერს ბერლინში გაიმართა. ამის შემდეგ პოლიტიკური რეალობა რადიკალურად შეიცვალა როგორც უკრაინაში, ისე ევროკავშირში და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. 2016 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდა ვინმე, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ს გააკრიტიკებდა და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფად მოიხსენიებდა, ან საჯაროდ გააკეთებდა განცხადებებს, რომ დიალოგი რუსეთთან აუცილებელია და მტერი არის არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ საერთაშორისო ტერორიზმი და ა.შ. 2016 წელს ასევე წარმოუდგენელი იყო ნატო-ს გენერალურ მდივანს ეთქვა, რომ "ჩვენ მტრების სიას არ ვადგენთ, რუსეთი ჩვენი მტერი არაა, რუსეთი არ არის იგივე, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო." ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ბუნებრივია, ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე გამართული სამიტი ინტერესს გამოიწვევდა.
 
 
 
ინტერესს აღვივებდა ისიც, თუ როგორ მოიქცეოდა ვლადიმირ პუტინთან პირველ შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორ პოზიციას აირჩევდა და რის დაფიქსირებას ეცდებოდა სხვა ლიდერების თანდასწრებით - იმისას, რომ ის არის მართალია გამოუცდელი, მაგრამ ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი თუ რომ არის სახალხო ლიდერი. ჩემი აზრით, მან ეს უკანასკნელი არჩია, რამაც დანარჩენი კოლეგების ფონზე შედარებით სუსტად წარმოაჩინა.
 
 
 

ინტერესს აღვივებდა გერმანიაში მომხდარი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც. ჩნდებოდა კითხვები, როგორ პოზიციას დაიჭერდა ანგელა მერკელი, გააკრიტიკებდა თუ არა რუს კოლეგას საშუალების ჩავარდნის შემთხვევაში, როგორ მოიქცეოდა პუტინი და ა.შ.

 

 

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული ინტერესის რეალურ საგანთან შედარებით - რა შედეგს მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით? როგორი იქნება სამიტის შედეგები და ვინ რას მიიღებს უკრაინის კონფლიქტიდან? რამდენს დათმობდნენ დასავლელი ლიდერები, რამდენად პრინციპული იქნებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი და რას მიიღებდა ვლადიმირ პუტინი?
 
 
 
 

 
 
 
 
სამიტზე მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც სულ სამი მუხლისგან შედგება. პირველი მუხლი ეხება ცეცხლის შეწყვეტას 2019 წლის ბოლომდე, მეორე მუხლში საუბარია იმაზე, რომ უნდა დაინერგოს მინსკის შეთანხმებები და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა აისახოს უკრაინის კონსტიტუციაში, მესამე მუხლში კი ნათქვამია, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას და ოთხი თვის ვადაში კიდევ შეიკრიბებიან, კერძოდ კი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.
 
 
 
 
რა თქმა უნდა, როგორც ცეცხლის შეწყვეტა, ისე მუშაობის გაგრძელება და დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი საკითხები, სადაო საკითხები მაინც ღიად დარჩა. პირველ რიგში, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის იმ ტერიტორიებზე, რომელზეც სეპარატისტებს აქვთ კონტროლი? საერთო პრესკონფერენციისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააყენა საკითხი, რომ ჯერ უკრაინის ხელისუფლებამ კონტროლი უნდა დაამყაროს რუსეთის საზღვარზე, შემდეგ კი უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამაზე ვლადიმირ პუტინმა უკვე მინსკის შეთანხმება გაიხსენა, სადაც ნათქვამია, რომ საზღვარზე უკრაინა კონტროლის დამყარებას არჩევნების შემდეგ დღეს დაიწყებს. ამას პუტინმა ისიც მოაყოლა, რომ ერთხელ მიღწეულ შეთანხმებაში საკითხების გადახედვა ან შეცვლა არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან ამას სხვა მუხლების შეცვლა მოჰყვება და ამით პროცესი ჩიხში შევა.
 
 
 
 
გამოდის, რომ ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, არჩევნების ჩატარებაზე, თანხმობა არ არსებობს. ძნელი სათქმელია, ემანუელ მაკრონს ან ანგელა მერკელს მინსკის შეთანხმების გადახედვა სურდეთ, შესაბამისად, არჩევნების საკითხზე მსჯელობა რუსეთისა და უკრაინის მოსაგვარებელი ხდება. ბუნებრივია, დაიწყება კულისებს მიღმა მუშაობა ორივე მხარის მიერ იმისთვის, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მხარდაჭერა მოიპოვონ საკუთარი პოზიციებისთვის. აქ უპირატესობა რუსეთის მხარეს იქნება. ახლანდელი რეალობის მიხედვით, ძნელი წარმოასდგენია ნორმანდიის ოთხეულის ორმა ლიდერმა რუსეთის ზედმეტად განაწყენება მოისურვონ, რუსეთისთვის კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩატარდება თუ არა არჩევნები, მთავარია რომ ის ინარჩუნებს კონტროლს ამ ტერიტორიებზე და ამით საკუთარი სურვის იკმაყოფილებს. არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც კი, სავარაუდო უპირატესობა მაინც რუსეთის მხარეს იქნება.
 
 
 
 
ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტიც, რომ 9 დეკემბრის ანუ სამიტის გამართვის თარიღის მონაცემებით, რუსეთის პასპორტის მისაღებად 160 000 ადამიანს ჰქონდა შეტანილი განცხადება, საიდანაც 125 000-მა უკვე მიიღო რუსული პასპორტი. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ამ რაიონებში მოსახლეობა ძირითადად რუსულენოვანია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში უპირატესობა, როგორი საარჩევნო კამპანიაც არ უნდა ჩაატაროს უკრაინის ხელისუფლებამ, მაინც რუსეთის მხარეს რჩება.
 
 
 
 
კონფერენციისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლას და ფედერალიზაციას. საინტერესოა ისაა, რომ ეს საკითხი და ყირიმის საკითხი კონფერენციისას მხოლოდ ზელენსკიმ გააჟღერა, სამი ლიდერიდან არც ერთს ეს არ უხსენებია და ამაზე კომენტარიც კი არ გაუკეთებიათ. ყირიმის საკითხს მინსკის შეთანხმება არ ეხება, შესაბამისად ეს ზელენსკის მხრიდან უკრაინის მოსახლეობაზე უფრო იყო გათვლილი (უკრაინაში კი პარალელურად აქციები იმართებოდა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტს წითელი ხაზების გადაკვეთის საშუალებას არ მისცემდნენ). რაც შეეხება ფედერალიზაციას. შტაინმაიერის ფორმულის დანერგვასა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე საუბარი შეკითხვებს აჩენს ბევრ ექსპერტში და ხელაღებით ძნელია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს განსაკუთრებული სტატუსი, მით უმეტეს ამას ართულებს ისიც, რომ სამიტის დეკლარაციაში ან კონფერენციაზე ამაზე დამატებით არაფერი უთქვამთ. არსებობს ვარაუდი, რომ განსაკუთრებული სტატუსი გულისხმობს ფართო ავტონომიას. ამ შემთხვევაში ქვეყნის ფაქტობრივი ფედერალიზაცია მოხდება, თუმცა ეს არ აისახება კონსტიტუციაში.
 
 
 
 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სამიტის შემდეგ რუსეთისთვის არაფერი არ შეიცვლება, მით უმეტეს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების რბილი მიდგომების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტს კი შეუძლია ეს სამიტი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენოს და აჩვენოს, როგორ პრინციპულად დაიცვა ქვეყნის ინტერესები, მიაღწია ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შეთანხმებას და ა.შ. ფართო სურათს თუ შევხედავთ, ბევრი არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ფაქტი, რომ მოლაპარაკებები პირველი პირების დონეზე მიმდინარეობს მაინც მისასალმებელია.
 
 
 
 
და ბოლოს, საკითხი, რომელზეც სამიტის შემდეგ უფრო მეტი ბუნდოვანება გაჩნდა, ვიდრე აქამდე იყო - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა. კონფერენციაზე ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ჯერ გამოძება მიმდინარეობს და რუსეთის მხრიდან თანამშრომლობას ელოდებიან, რუსეთის პრეზიდენტმა ხანგოშვილი დაასახელა ტერორისტად, რომელმაც მოსკოვის მეტროში ტერაქტში მიიღო მონაწილეობა და 98 ადამიანი მოკლა, გერმანია კი მისი რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნისას თანამშრომლობაზე უარში დაადანაშაულა. თავის მხრივ, სამიტიდან ორი დღის შემდეგ გერმანიის მთავრობაში აღნიშნეს, რომ ამ მოთხოვნაზე არაფერი იციან. "დოიჩე ველე" წერს, რომ ხანგოშვილმა 2016 წელს ითხოვა თავშესაფარი გერმანიაში, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს და მის დეპორტაციას გეგმავდნენ.
 
 

თუ გავითვალისწინებთ მერკელის პოზიციას და პუტინის თავდაჯერებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მკვლელობას სკრიპალების საქმის მსგავსი რეაგირება არ მოჰყვება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიდგომები რუსეთთან და სხვა გამოწვევებთან მიმართებით იცვლება, ამ ცვლილებას კი ძალიან კარგად გრძნობენ და იყენებენ არა მარტო რუსეთში...

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 556 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.