რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკადრო ცვლილებები, რაზეც ბოლო პერიოდში საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, “ქართული ოცნების” რეიტინგსა და იმიჯს წინასაარჩევნოდ დადებითად ვერ შეცვლის, თუმცა, ნაწილი თვლის, რომ ერთგვარი არაფორმალური მმართველობის დასრულების შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს, ხელისუფლების მიმართ შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას გააჩენს, მაგრამ, ამასთან, საჭიროა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს “ოცნებისთვის” არაფერს შეცვლის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილს პრემიერად დაბრუნება / “ივანიშვილზე შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდეს გარედან არაფორმალურ მმართველობაზე და სწორედ ამას მოუღოს ბოლო”.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა კვლავ ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს, თუმცა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს. “ეს ინფორმაცია ძირითადად მოდის ოპოზიციური პარტიებისგან, მათთან დაახლოებული ჯგუფებისა და მედია საშუალებებისგან. ეს არის მათი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილი, რომ საზოგადოებაში დათესონ შიშის, უნდობლობის და ნიჰილიზმის განწყობა, თითქოს “ქართულ ოცნებაში” არეულობაა, პარტია იშლება, გახარია მიდის და ამით თვითონ პოლიტიკური ქულები მოიპოვონ. არ გამოვრიცხავ არაფერს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი საუბრობს იმაზე, რომ ეს სცენარი მოხდება”, - თვლის ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გახარიამ თანამდებობა დატოვოს, თუმცა მისი შემცვლელი ივანიშვილი არ იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შესაძლებელია ივანიშვილმა არ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგან თავის დროზე, როდესაც ამ პოსტიდან გადადგა, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გათვლა ჰქონდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მოიხსნიდა, თუმცა, ამავე დროს დარჩებოდა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, არაფორმალური მმართველობის ფარგლებში. თუ მოხდა გახარიას გადადგომა, შესაძლოა ის ივანიშვილმა არ ჩაანაცვლოს, რადგან შემდგომში უკვე პირდაპირ ივანიშვილს დაბრალდება, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ის პრობლემები, რაც ქვეყანაში არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“თუმცა, არ არის გამორიცხული მეორე ვერსია - თვითონ ივანიშვილს თავისი გარემოცვა არწმუნებდეს, რომ “შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი და იქნებ აიღო პასუხისმგებლობა, რადგან “ქართული ოცნების” რეიტინგის ვარდნა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თქვენ არ გიკავიათ სახელმწიფო თანამდებობა”. აქედან გამომიმდინარე, ივანიშვილსაც ღრმად სწამს, რომ თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება, შესაძლოა “ქართული ოცნების” რეიტინგმა კვლავ მაღლა აიწიოს. ერთხელ მან თქვა, რომ მის გუნდში “პელეს” ეძახიან. ამიტომაც, ჰგონია, რომ თუ სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს, “ოცნების” რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ეს ორი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ გახარია გადადგება”, - თვლის ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს , რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება “ოცნების” რეიტინგს აამაღლებს, თუმცა, ამ ცვლილებას თავად არ ელოდება” - განაგრძობს გამოცემა.
“თეორიულ დონეზე, ერთადერთი ვარიანტი, რაც შეიძლება განვიხილოთ, არის ის, რომ ივანიშვილზე გარედან შესაძლოა გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდეს არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძირითადად მის სახელს უკავშირდება და სწორედ ამას მოუღოს ბოლო. შესაძლოა ეს იყოს განმაპირობებელი ფაქტორი, რომელმაც აიძულოს ასეთ კრიტიკულ მომენტში, როდესაც არჩევნების წელია, ისევ და ისევ საკუთარი პარტიის და ქვეყნის იმიჯისთვის, ფორმალური თანამდებობის დაკავება გადაწყვიტოს და პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს, მაგრამ ეს ვარიანტიც მაღალი ალბათობით არ გამოირჩევა. ივანიშვილს, რომ სდომოდა პრემიერ-მინისტრობა, ალბათ ამ თანამდებობიდან არ წავიდოდა და უფრო ადრეც დაბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, თუ რას წერენ და ამბობენ ივანიშვილზე, მას ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ჯერ კიდევ აქვს ნდობის მანდატი. ასე რომ, თუ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდა, ეს „ქართულ ოცნებას" დამატებით პოლიტიკურ დივიდენტებს მოუტანს, მოსახლეობაში გაჩნდება პოზიტიური მოლოდინები, რომ ქვეყანაში შეიძლება რაღაც დადებითისკენ შეიცვალოს”, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
“მიუხედავად იმისა, ვინ არის ჩვენთან მთავრობის მეთაური, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ყველაფერს ისევ ივანიშვილს უკავშირებს და მას მიაწერს. თუ დაბრუნდა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნებოდა მოსახლეობისთვის გარკვეული სტიმული, რომ “ქართული ოცნებას” კიდევ ერთი შანსი მისცეს. ავიღოთ ლამის ყველასგან გაკრიტიკებული “ენდიაის” ბოლო გამოკითხვა, სადაც “ქართული ოცნება” პოტენცური გამარჯვებული გამოდის. ის ლამის ორჯერ უსწრებს მის უახლოეს მდევარ “ნაციონალურ მოძრაობას”. პარტიაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც რამდენი წლის წინ იყო, როდესაც პარტია ერთიანი და კონსოლიდირებული გახლდათ, წამყვანმა წევრებმა პარტია დატოვეს, შიგნითაც არ არის სრული იდიალი, მაგრამ თქმა იმისა, რომ პარტია კრიზისშია, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი”, - დაასკვნის ზაალ ანაჯაფარიძე.
“ჩიტაძე კი თვლის, რომ ხელისუფლება დღეს კრიზისშია და ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაში არ არის. რაც შეეხება უშუალოდ გახარიას შესაძლოა გადადგომას, ეს მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება უკან იხევს და იმ ადამიანს უშვებს პოსტიდან, ვის გაშვებასაც საზოგადოების ნაწილი და მთელი ოპოზიციური სპექტრი მოითხოვდა”, - წერს სტატიის ავტორი.
“თუ გახარია გადადგება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად უკან იხევს, რადგან ვიცით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა იყო გახარიას პოსტიდან გადადგომა და შესაძლოა ეს აღქმულ იქნას, რომ დასავლეთის მხრიდან რაღაც ზეწოლა განხორციელდა “ქართულ ოცნებაზე”, რომ გახარია, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორი იყო, უნდა გადადგეს. თუმცა, საინტერესოა ვინ ჩაანაცვლებს. შესაძლებელია ერთ-ერთ ვარიანტად ივანიშვილი განიხილებოდეს, მაგრამ შესაძლოა პირიქით, - ივანიშვილმა თავი აარიდოს ამას. თუ რეალურად არ განხორციელდა რაიმე ცვლილება, პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით, ეს ცვლილებები არ მოიტანს რაიმე სასიკეთოს „ქართული ოცნებისთვის" და მთლიანად ქვეყნისთვის. ეს არ მოიტანს შედეგს, - განმარტავს ჩიტაძე.
“ქართული ოცნების” ხსნა შეიძლება იყოს შემდეგი: ივანიშვილმა უნდა დათმოს თავისი მნიშვნელოვანი ფინანსები, რომ “ქართულმა ოცნებამ” განახორციელოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონებში. ივანიშვილი რომც გახდეს პრემიერ-მინისტრი, სიტუაცია რადიკალური უკეთესობისკენ არ შეიცვლება, პირიქით შეიძლება გაუარესდეს. თუ ქვეყანაში ეს არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება, ქვეყანა ვერ განვითარდება და პრობლემის წინაშე დადგება. “ქართული ოცნება” კრიტიკულ მდგომარეობაშია, მისი რეიტინგი 20%-ია, თუმცა, ოპოზიციამ პირველ რიგში ის უნდა გაითავისოს, რომ მისი რეიტინგიც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არ არის ბევრად მაღალი”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი