"მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო" - როგორ ეხმაურება გიორგი გახარიასთვის მიწერილ კონგრესმენების წერილს გია ხუხაშვილი?
წერილით რეალურად ხომ გიორგი გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, "მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო". ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, უკვე გადალახულია ის ზღვარი, როდესაც ცალკეული წერილები უნდა განიხილონ. მის თქმით, თუ მთელს სურათს შევხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში კრიტიკა საკმარისზე მეტი იყო. ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ წერილზე, გამოხმაურებაზე აგდებით გასცეს პასუხი და ამით დახუროს თემა, სინამდვილეში, კი პრობლემა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.
"ჩვენ რომ ჩამონათვალი გავაკეთოთ საიდან რა გამოხმაურება იყო, რა პოლემიკა იყო და ა.შ. დავინახავთ, რომ მთლიანად დასავლეთში, სამწუხაროდ, უკვე ყალიბდება (მარტო კონგრესმენებზე არ არის საუბარი) წარმოდგენა, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემაა საქართველოში და ეს არის მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, თუ ჩვენ ყველაფერს შევაჯამებთ ამ რიტორიკას, ამ წერილებს პოლემიკას და ა.შ. ერთ რამეს დავინახავთ - დასავლეთი უკვე რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში არის გარკვეული ტიპის ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გახარიას წერილით მიმართა, წერილით რეალურად ხომ გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო". ანუ, ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს. ამიტომ ამ წერილს გახარია, როგორ გამოაქვეყნებდა, სანამ სხვაგან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება",-აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, მთავრობა ცდილობდა კონგრესმენების წერილი დაემალა, თუმცა ბოლოს მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა და სკანდალი მოხდებოდა.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი
