“ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო” - ხათუნა ლაგაზიძე

“არა მგონია, ოპოზიციამ მაჟორიტარი კანდიდატების­ შესახებ საქართველოს მასშტაბით მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - პოლიტიკური ლიდერების ამბიციები, როგორც ყოველთვის, განსხვავებულია; მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - მაჟორიტარული და პროპორციული სიის ხმები ერთმანეთზეა მიბმული.

მაგალითად, თუ სამგორის ოლქში “ნაცმოძრაობა” “ლელოს” მაჟორიტარს დაუჭერს მხარს, შესაძლოა “ნაცმოძრაობამ” პროპორციული სიით ხმები დაკარგოს. როგორ? შეიძლება­ ამომრჩეველი დაიბნეს, გაბრაზდეს, როდესაც მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა სხვა პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღარ მივიდეს საარჩევნო უბანში...” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო” / “მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისის სახით კლდიდან დაგორებული ქვა მოსდევს” / “მცირერიცხოვანი პარტიები პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არიან”.

 

“ამასთან, მაჟორიტარის აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე დიდად არის დამოკიდებული პარტიული ხმების მოგროვებაც მის მაჟორიტარულ ოლქში. ვთქვათ, მთაწმინდაზე “ევროპული საქართველოს” კანდიდატია ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი. ხომ ლოგიკურია კამპანიის დროს მან ამომრჩეველს “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერისკენ მოუწოდოს? დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ამ ოლქში შედარებით ნაკლებ ხმებს აიღებენ, ვიდრე მაჟორიტარის ყოლის შემთხვევაში. ამიტომაც ეს ყველაზე წონიანი არგუმენტია, რის გამოც ოპოზიცია უარს ამბობს გაერთიანებულ კანდიდატებზე; და მესამე - პარტიების ნაწილს ეშინია, რომ ამომრჩეველმა “ნაციონალებთან” გარიგებაში არ დაადანაშაულოს. ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ფაქტორიც. მმართველ გუნდს ხელს არ აძლევს გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები და ყველაფერს გააკეთებს მათი გაერთიანების ჩასაშლელად. შეეცდებიან, რაც შეიძლება ბევრმა წვრილმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და რაც შეიძლება ბევრი მაჟორიტარი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი ოლქებში. ამ ფორმით ოპოზიციური ხმები დაიქსაქსება და ხელისუფლებას მიეცემა ფორა, პირველივე ტურში გაიყვანოს საკუთარი კანდიდატები სატელიტი პოლიტიკური პარტიების საშუალებით. ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოვლენ ასპარეზზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

 

“არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი. წარმოუდგენელია ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ამ მოკლე პერიოდში შეძლებს საარჩევნო სტრუქტურებისა და ფინანსების იმგვარად მობილიზებასა და ხალხის მხარდაჭერას, რომ არჩევნებზე შედეგი მიიღოს ხელისუფლების ირიბი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე... ახალი პერსონები არა, მაგრამ ახალი დაჯგუფებები კი შეიძლება ვიხილოთ. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - ხელისუფლებამ 1%-იანი ბარიერის სახით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო. ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის ეს ე.წ. ბარიერი სულაც არ იქნება იოლად გადასალახავი. თითქოს 15 000 ხმის მოგროვება მარტივია, მაგრამ თავად განსაჯეთ, როგორ ჩაიშლება ხმები, თუ არჩევნებში 100 პარტია იბრძოლებს. არ დაგვავიწყდეს, რომ “ოცნებას” თავისი მყარი ამომრჩეველი ჰყავს, ისევე როგორც "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსს", ლეიბორისტულ პარტიას თუ ბურჯანაძეს... ახლა `ლელოც~ გამოვიდა ასპარეზზე. წვრილ-წვრილი პარტიებისთვის საიდანღა უნდა დარჩეს ხმები?” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“არჩევნებში ბევრი წვრილ-წვრილი პარტიის მონაწილეობა მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც ბევრი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, მით ნაკლებ დეპუტატს გაიყვანენ ისინი ცალ-ცალკე და მით უფრო იაფი დაუჯდება მათი ყიდვა ხელისუფლებას. მიკვირს, რატომ აპუტავენ ბუმბულს ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების გამო. რამდენი პარტია გეგულებათ საქართველოში ისეთი, რომელსაც 30 ოლქში კი არა, 6-7 ოლქში, კონკურენტუნარიანზე აღარაფერს ვიტყვი, მეტ-ნაკლებად ცნობილი პირის წამოყენება შეეძლოს? დიდი-დიდი, 3 ან 4-ის. რისი იმედი აქვთ პარტიებს, რომელთა კანდიდატებს მხოლოდ საკუთარი ლიდერშიპი­ და ოჯახი იცნობს? ვფიქრობ, აქ ქვედინებები უნდა ვეძებოთ - თუ შენ აპრიორი წაგებისთვის განწირული კანდიდატების დასახელებას ცდილობ, ესე იგი, ვაჭრობ. ვაჭრობის თემა ძალიან აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირერიცხოვანი პარტიები პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არიან”, - დაასკვნის ექსპერტი.

 

“ისინი ივაჭრებენ 500, თუნდაც 1000 ხმით, რომელთაც ეს უცნობი კანდიდატები საკუთარი საარჩევნო ოლქის მასშტაბით აიღებენ. ვინაიდან არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მომგებიანი კანდიდატისთვის შეიძლება 100 ხმაც გადამწყვეტი გახდეს. ასე რომ, იმთავითვე წაგებისთვის განწირული კანდიდატები ვაჭრობის ერთ-ერთი­ საგანია: ან ვაჭრობის შედეგად პირველ ტურშივე აღარ წამოაყენებენ კანდიდატებს, ან მეორე ტურში აღუთქვამენ მხარდაჭერას ფავორიტ პოლიტიკურ ძალებს, სანაცვლოდ კი ბენეფიტებს მოსთხოვენ... “ლელო" ის პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც არ სურს “ნაციონალებთან” თამაში დაჰბრალდეს და ამიტომ ემიჯნება ასე მკვეთრად საერთო-მაჟორიტარული კანდიდატების იდეას. თუმცა მგონია, რომ “ლელოს” ლიდერებს შორის გაურკვევლობაა. ზოგი ამბობს, ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი გვეყოლებაო, ზოგი კომპრომისზე წასვლას შესაძლებლად მიიჩნევს თბილისში. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაფი­ქრებს: პოლიტიკური სპექტრის მთელი ყურადღება გადატანილია მაჟორიტარ კანდიდატებზე, თანამდებობების გადანაწილებაზე, ამბიციების მოთოკვა-ვერმოთოკვაზე, ამ დროს კი უყურადღებოდ რჩება ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, ეკონომიკა, სიდუხჭირე, განათლება...” - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

 

“ოპოზიცია დღევანდელი სახით ვერა, მაგრამ “ოცნებას” ეკონომიკური კრიზისი მართლაც დიდ პრობლემას შეუქმნის. მმართველ გუნდს ეკონომიკური კრიზისის სახით კლდიდან დაგორებული ქვა მოსდევს. მშიერი ზამთარი და კიდევ უფრო მშიერი გაზაფხული გველის. ერთადერთი ხსნა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ამუშავებაშია. დღეს ქობულეთი და ურეკი “მკვდარია”, ტურისტების იმედზე იყვნენ კახეთი, საირმე, ბორჯომი... მთელი საქართველო. თუ ამ სექტორში დასაქმებულები სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში შიმშილის საფრთხის წინაშე დადგნენ, შესაბამისად, ხელისუფლების პოტენციური მოწინააღმდეგეები გახდებიან. ძალიან გართულდება მდგომარეობა, თუ ექსპორტზე ვერ გავა ქართული ხილი და ღვინო: ღვინის ქარხნებს ჯერ ისევ სავსე აქვთ მარაგები, შესაბამისად, ყურძენს ვეღარ შეისყიდიან, რაც კახელი გლეხისთვის დიდი დარტყმა იქნება... ვთქვათ, გაიმარჯვა “ოცნებამ”, სად წავა მშიერი და აგრესიული ხალხი? ალბათ, 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე - “ოცნებამ” ოქტომბრის არჩევნები რომც მოიგოს, კორონას გამო ეკონომიკის ჩამოშლას თუ ვერ გაუმკლავდა, მალევე შეიძლება ისეთი მასშტაბური პროტესტი მივიღოთ, რომ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის წინაშე დავდგეთ”, - დასძენს ლაგაზიძე.

წაკითხვა 740 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.