"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით უნდა დავიწყოთ“
ენგურის ხიდი სოხუმის დაცემის მეორე დღეს, 28 სექტემბერს, მშობლებთან ერთად გადმოიარა. მაშინ 11 წლის იყო...
მას შემდეგ თბილისში, ისნის რაიონში სხვა იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად ცხოვრობს. სხვებივით ისიც ენგურს მიღმა დაბრუნებასა და ქვეყნის გაერთიანებაზე ოცნებობს. წლებთან ერთად მდგომარეობის სიმძიმეც უკეთ შეიგრძნო. თითოეული დევნილის პრობლემაც მეტად გაიაზრა და ქვეყნის განვითარებაშიც აქტიურად ჩაერთო - ჯერ ბიზნესმენის ამპლუა მოირგო, შემდეგ ინოვატორულ იდეებს შეეჭიდა, ბოლოს კი სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა პოლიტიკოსის რანგში დაიწყო.
გიორგი შერვაშიძე, პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ გენერალური მდივანი: „აფხაზეთი მეც ისევე მტკივა, როგორც ნებისმიერ პატრიოტს. ყველაზე კარგად მესმის დევნილთა ტკივილი, იმიტომ, რომ თვითონ ვარ დევნილი. რთულია, ატარო იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სტატუსი არ გაძლევს უფლებას, დაივიწყო, ვინ ხარ და რისთვის იბრძვი. ოჩამიჩირედან 11 წლის ასაკში წამოვედი. სოხუმის დაცემის შემდეგ ტერიტორიის დატოვება მეც ისევე მომიწია, როგორც სხვა დევნილებს. მას შემდეგ აფხაზეთისთვის თბილისიდან ვიბრძვი... ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც. ჩვენთან, ისნის რაიონში, 60 ოჯახი ცხოვრობს. კარგად ვიცი, ვის რა პრობლემები აქვს, ვის სად და რა უჭირს. ვხედავ, რამდენად უსამართლოდ დგას ქულების მინიჭების საკითხი, როგორ გვარდება ბინების გადანაწილების თემა საქართველოში და ა.შ. ბუნებრივია, რაღაც ძვრები არის, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას უკვე გადაეცა საცხოვრებელი სახლები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი. ზოგადად, როგორც ხდება ხოლმე, დევნილთა გარკვეული ნაწილი მოერგო რეალობას, ნაწილი კი ისევ ფინანსური და მორალური პრობლემებითაა დატვირთული. ამ ადამიანების სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ. უკვე 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული ნაწილი ისევ მძიმე მორალური პრობლემებით ცხოვრობს. ეს გასაკვირიც არაა, რუსეთ-საქართველოს ომში (არ ვთვლი, რომ ეს ომი აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის დაიწყო) მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგეს.“
პოლიტიკაში წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ მანდატი მეტის გაკეთების საშუალებას მისცემს, მაგრამ ამისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები ვფიქრობთ, რომ ვიღაც მოვა და გვიშველის, გვაქვს განცდა, რომ მესამე ძალა გვჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს აბსურდული განცდაა. არავინ არსად არ მოვა და არც სხვა გაგვიკეთებს არაფერს. ჩვენი პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია. ჩვენი გასაკეთებელი კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვების იმედად აღარ დავრჩებით. ბუნებრივია, ხალხის ნდობა და მანდატის მონიჭება გარკვეული უფლებამოსილების მიღებას ნიშნავს, ამ დროს ადამიანს მეტის თქმის და გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს გამარჯვების ტოლფასი არაა. გამორიცხულია, მანდატი იყოს გამოსავალი. მიზნის მისაღწევად ხალხის ნება, მონდომება, ერთად დგომა და ერთად ბრძოლაა საჭირო“, -განმარტა გიორგი შერვაშიძემ.
ქართველებსა და საქართველოზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს. თვლის, რომ ერთობა ძალიან დიდი ძალაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყველა პრობლემის დაძლევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.
„აფხაზებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი თვითონ უნდა გაუჩნდეთ. ამისთვის კი ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება გვჭირდება. სხვაგვარად, ოცნებები ოცნებებად დაგვრჩება. ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე სერიოზული პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. არადა, პირიქით უნდა ვცხოვრობდეთ. ძალიან მდიდარი ქვეყანა გვაქვს, გვაქვს უმაგრესი, სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ უბედნიერესი ადამიანები უნდა ვიყოთ წესით. უნდა გამოვიყენოთ ის სიმდიდრეები, ის სიკეთეები, რაც ბუნებრივად გვაქვს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, რომელიც ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ მთლიანად ჩააგდო. ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, თუმცა უამრავი ალტერნატივა არსებობს... ავიღოთ სოფლის მეურნეობა, წარმოება... პირველ რიგში მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებელ ქვეყნად უნდა გადავიქცეთ. დღეს საკუთარი თითქმის არაფერი გვაქვს. ყველაფერი შემოგვაქვს. ამ შემოტანილ ნივთებში მეორადი მოხმარების ნივთები სჭარბობს. ანუ მარტო მომხმარებლები კი არა, მეორადი საქონლის მომხმარებლები ვართ. ე.წ. სექენდ ჰენდ იუზინგ ქანთრი... რატომ? როცა გაცილებით მეტის პოტენციალი გვაქვს და გაცილებით მეტი ამბიციაც უნდა გვქონდეს, რატომ არ ვაწარმოებთ საკუთარს?
უმაგრესი მეცნიერები გვყავს, უნიკალური გამოგონების ავტორები, გამოგონების, რომელიც დღეს თანამედროვე მოთხოვნებს სრულად პასუხობს. რატომ არ ხდება ამ მიმართულების განვითარება? იმიტომ, რომ ამასაც ვერ ვიყენებთ... იმიტომ, ჩვენთან ინტელექტუალურ საკუთრებას ღირებულება არ გააჩნია... იმიტომ, რომ კარგ გამოგონებებს, კარგ იდეებს და ზოგადად, კარგ სტარტაპს ყურადღებას არავინ აქცევს. კი, აფინანსებენ, მაგრამ 10%-იან თანამონაწილეობას ითხოვენ. ეს კი საკმაოდ სოლიდური თანხაა. ანუ ამის შოვნას ეს ხალხი ვერანაირად ვერ ახერხებს. ეს 10% უნდათ „ქეშად“ თან... ჰოდა, არიან გამოგონების ავტორები გაჩერებულები.
თუ მე საკუთარი იდეით და რესურსით ავაწყე, მაგალითად, გარკვეული წარმოება, ჩავდეთ სერიოზული ფინანსური რესურსი, გავედი კიდეც მოგებაზე, დღემდე ვამუშავებ, ანუ მაქვს წარმატებული ბიზნესის კეთების ისტორია, რომელიც ახლა, ამ ეტაპზეც მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ მინდა ახალი იდეის განვითარება და ფინანსური დახმარება, რატომ მთხოვ ქეშს? რატომ არ მიმოწმებ პროექტებს? რა გავაკეთე, რისი უნარი მაქვს, როგორ განვავითარე? ასე გვინდა ავაწყოთ ქვეყნის ეკონომიკა? დავეხმაროთ სტარტაპს? განვავითაროთ წარმოება? რა თქმა უნდა, ეს ასე არ გამოგვივა. არადა, ძლიერი ქვეყანა ჰაერივით გვჭირდება. ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა.“ - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"