„დიასახლისის სტატუსი საჯარო მოხელისას უნდა გაუთანაბრდეს, ხოლო პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალებს საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება მიეცეს“
მეტი ქალი პოლიტიკაში – გენდერული კვოტირება თუ დაფასება უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით? – უკვე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის მიუხედავად, ამ საკითხებზე დღემდე აქტიურად მსჯელობენ, თუმცა… ფაქტია, რომ წლევანდელ პარლამენტში „სუსტი სქესის“ წარმომადგენლების გაზრდილ რაოდენობას ვიხილავთ.
მართალია, ყოველი მეოთხე ქალბატონი საარჩევნო სიაში პოლიტიკურმა სუბიექტებმა კანონის მოთხოვნით მაინც შეიყვანეს, მაგრამ უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ამ მხრივ საქართველოში ადამიანური რესურსების ნაკლებობაა. ამავდროულად, ქალბატონების დიდი ნაწილი მეტი ხელოვნური ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის და მამაკაცების მხრიდან მათი პოლიტიკური წინსვლის ხელშეშლის ფაქტებს საგრძნობლად ამცირებს, თუმცა ბევრი მათგანი იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანი არა სქესის, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეფასდეს.
„საქართველოს ქალთა პარტია – სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“ ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი საკუთარი მიზნების მისაღწევად ჯერ კიდევ არასაპარლამენტო სივრციდან იბრძვის. თვლის, რომ ძლიერი ქალები ყველა პარტიაშია და ადამიანური რესურსების ნაკლებობას ქვეყანა აღარ განიცდის. მისივე თქმით, სიის იძულებით დაკომპლექტებაზე საუბარი ნებისმიერი სქესის მხრიდან აბსოლუტურად არამართებულია.
ხათუნა მაჭავარიანი: ამ პროცესებში 2012 წლიდან ვარ ჩართული. 2013 წელს შეიქმნა ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მუშაობდა საარჩევნო კოდექსზე. „ქალთა პარტიაც’ ამ ჯგუფში იყო წარმოდგენილი. რაზეც მაშინ ვსაუბრობდით და რისთვისაც ვიბრძოდით, სწორედ ის ცვლილებები ხორციელდება დღეს. 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ვიყავი ქუთაისის მერობის კანდიდატი. მიზერული, მწირი რესურსი გვქონდა და ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. შემდეგ უკვე 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობდით, მაგრამ არა დამოუკიდებლად, არამედ როგორც პოლიტიკური კოალიცია. ზოგადად, რა სიტუაციაც იყო და რისი შესაძლებლობაც გვეძლეოდა, ისე ვმოქმედებდით. 2018-2019 წლებში მეტ-ნაკლებად ეროვნულ-კონსერვატორულ ჯგუფებთან ერთად ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხზე, როგორიც იყო ბავშვთა კოდექსი და „მიგრანტთა საერთაშორისო პაქტი“ … ახლა გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანებულიყავით მოძრაობაში „სოციალური სამართლიანობისთვის“. ცალკე გასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ჩვენ დაფინანსება არ გვაქვს. როდესაც ფინანსური პრობლემების წინაშე დგახარ, ადამიანებიც აღარ არიან… ჩვენთვის მთავარია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. მართალია, პატარა ნაბიჯებით მივდივართ, მაგრამ წინ მაინც მივიწევთ. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელიცაა ჩვენი არსებობა პოლიტიკაში. ჩვენ ჩვენი მისია გვაქვს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ კვოტების მნიშვნელობას, ჩვენ ვეთანხმებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ბევრად უფრო რთული დასაცავი იყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გვყოლოდა ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ჩვენს შემთხვევაში, მამაკაცი და პარტიის სახელიდან გამომდინარე, ეს რთული მისაღწევი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ყოველთვის კვოტირების მომხრე ვიყავი, რადგან ვთვლიდი და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდა თვისებრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს გამოიწვევს . დღეს ყოველი მე-4 უნდა იყოს ქალი, ანუ ოცეულში უნდა დასახელდეს 5 საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი. ეს არ არის დიდი მიღწევა, მაგრამ რაღაც მაინც არის. რომ გადახედოთ სიებს, ნახავთ, რომ პირველ ათეულში ყოველთვის 2 ქალია და მომდევნოში – 3. ადრეც ასე იყო, პირველ ათეულში იყო ორი ქალი, მეორეში – ორი. ანუ ახლა მივიღეთ ერთით მეტი შედეგი. 4-ის ნაცვლად პარლამენტში შევა ხუთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ეს დიდი მიღწევა არაა.
პროფესიით ფილოლოგმა საკუთარი პროფესიული კარიერა მასწავლებლობით დაიწყო და ქართული ენა და ლიტერატურა მოსწავლეებისთვის სხვაგვარად საინტერესო საგანი გახადა. შემდეგ სკოლა დატოვა, მაგრამ ერთ-ერთმა მოსწავლემ მასთან ურთიერთობა მაინც გააგრძელა – ხშირად სტუმრობდა, ესაუბრებოდა, ამბებს უზიარებდა. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა – ნაღმი აფეთქდა და… სამძიმარზე მისულს გარდაცვლილის დედამ უთხრა, – „თქვენ რომ ჩემი შვილის მასწავლებელი ყოფილიყავით, ის ახლა ცოცხალი იქნებოდაო“… ძალიან განიცადა… ხშირად იმასაც ფიქრობდა, რომ შეცდომა დაუშვა, თვლიდა, რომ სკოლაში დარჩენით, შესაძლებელი იყო, ეს ბავშვი მართლა გადაერჩინა.
„ეს ბავშვი, ფაქტობრივად, აიძულეს სკოლა დაეტოვებინა. ერთი წლის წინ „ობიექტივის“ ეთერში ვთქვი, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას გადავწყვეტდი, მას გიორგი ჩუბინიძეს მივუძღვნიდი. ეს ისტორია 2003 წელს მოხდა. მას შემდეგ რამდენი ბავშვი მოკლეს, ან რამდენმა მოიკლა თავი? რამდენია დღესაც დისკრიმინაციის, ძალადობის მსხვერპლი? ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენი საზოგადოებისთვის უპირველესი ამოცანაა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრება, მათი მომავალი. ამ ბავშვებს სიცოცხლის სიყვარული უნდა გაუჩნდეთ. მასწავლებლის, სკოლის როლი კი უმნიშვნელოვანესია ასეთ სიტუაციაში, ჩვენ უნდა მივცეთ მათ სიყვარულის, თავდადების, ერთგულებისა და ბრძოლის მაგალითი.
სკოლასაც თავი ამ მიზნით – სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო დაანება. 2008 წელს ქალთა პარტიას შეუერთდა და გარკვეული დროის განმავლობაში სხვადასხვა რეგალიას ირგებდა. 2012 წელს კი თანაგუნდელებმა პარტიის თავჯდომარედაც აირჩიეს.
ძალიან ბევრი რამ არის მისაღწევი, განსაკუთრებით შრომით ურთიერთობებში უფლებრივი თანასწორობის თვალსაზრისით. თუ მე შევალ პარლამენტში, როგორც ქალი პოლიტიკოსი მეტი რესურსით ვიბრძოლებ სოციალური სამართლიანობისთვის. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციების რატიფიცირების საკითხი. მათ შორის ერთ-ერთი პირველია 183-ე კონვენცია „დედობის დაცვის შესახებ“. ასევე მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტიის მთავარი მუხლების რატიფიცირება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი შრომითი მიგრაციის მაჩვენებლის პირობებში. საქართველომ ნაწილობრივ ჯერ კიდევ 2005 წელს მოახდინა ამ მუხლების რატიფიცირება, მაგრამ შემდეგ ეს აღარავის გახსენებია. აუცილებლად უნდა წამოვწიოთ ეს საკითხები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შევა პარლამენტში ჩვენი მოძრაობიდან. მთავარია, საქმე გაკეთდეს.
საზოგადოებაში განიხილება ინიციატივა აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. აბორტის წინააღმდეგი მეც ვარ, ვთვლი, ბავშვის უფლებებზე ზრუნვა მისი დაბადებისა და სიცოცხლის უფლების დაცვით უნდა დავიწყოთ. მაგრამ თუ ვიცავთ დედების უფლებებს, მაშინ უნდა მოვსპოთ საბაბი, რაც მას აბორტის გაკეთებისკენ უბიძგებს. 60-70% ამ მიზეზად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. ანუ მათ არ აქვთ საშუალება, არჩინონ, გამოკვებონ შვილები. ვთვლი, რომ ჯერ ეს მიზეზები უნდა მოვსპოთ და მოვამზადოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები.
რამდენიმე წლის წინ ინიციატივით გამოვიდა, დიასახლისებისთვის სოციალური სტატუსის მინიჭება, კონკრეტულად კი ქალების საჯარო მოხელეებთან გათანაბრება ითხოვა. აღნიშნული ინიციატივა მისი პარტიისთვის დღესაც აქტუალურია. თვლის, რომ მსგავსი სტატუსი ოჯახების სიმტკიცეს უზრუნველყოფს და მატერიალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ეს ინიციატივა 2014 წელს გავახმოვანეთ. დიასახლისისთვის სოციალური სტატუსის მინიჭება ვითხოვეთ. აღნიშნული წინადადების თანახმად, ქალები, რომლებიც მთელ თავიანთ დროს საოჯახო საქმეს უთმობენ, საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდებოდნენ, სახელმწიფოსგან კი ყოველთვიურ ფულად ანაზღაურებას მიიღებდნენ. ანაზღაურების ოდენობა შვილების რაოდენობაზე იქნებოდა დამოკიდებული. აღნიშნული სტატუსის ქალები უფასო სამედიცინო და საპენსიო დაზღვევას მიიღებდნენ. საუბარია არა მინიმალურ, არამედ შრომით პენსიაზე. ეს ინიციატივა დღესაც ძალაშია და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, მომავალში აუცილებლად გავააქტიურებთ…
– გასაგებია, რომ თქვენთვის პრიორიტეტული ქალთა და ბავშვთა უფლებებია… ხალხის ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად შეეხებით სხვა საკითხებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის?
– უპირველესი საზრუნავი გახლავთ ის, რომ საზოგადოება ჩამოშორებულია ქვეყნის მართვის სადავეებს. არ სრულდება საქართველოს მოქალაქეების მთავარი გზავნილი – რეფერენდუმით კანონის მიღებისა და გაუქმების უფლება. საქართველოს წინაშე არაერთი პრობლემა დგას , მათ შორისაა სიღარიბე, რომლის დასაძლევად აუცილებელია ისეთი დიდი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის ღარიბთა შემოსავლის ძირითადი წყარო, მათი საოჯახო და მინიმალური სამომხმარებლო კალათის მოცულობა. მიგრაციისა და უმუშევრობის შემცირება, განათლების სისტემის რეფორმა, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენი შიდა პოლიტიკის აქტიური საკითხებია.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ხუთი ქალი ოცეულში ბევრი არაა. გეთანხმებით, მაგრამ საუბრობენ რესურის არარსებობაზე… თქვენი პოზიცია მეტ-ნაკლებად ვიცი, მაგრამ… ნამდვილად არის ამდენი პოლიტიკოსი ქალი საქართველოში? რამდენად სწორია ადამიანის შეყვანა სიაში მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია? ან მამაკაცია? ხომ არის შესაძლებელი, რომ უფრო მეტი პოტენციალის მქონე ადამიანი (ხაზს ვუსვამ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სქესის წარმომადგენელია ის) იძულებული გახდეს, დაუთმოს ბევრად უფრო სუსტი რესურსების მქონე კადრს საკუთარი ადგილი და ამით მეტ-ნაკლებად აზარალოს ქვეყანა…
– აბსოლუტურად მესმის თქვენი და ობიექტური და მისაღებია ეს მოსაზრება ჩემთვის. მაგრამ მინდა გითხრათ, როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, რომ ყველა პარტიას ჰყავს ძლიერი ქალები. რესურსი არის ყველგან, პრობლემა არის ამ ქალების წარმოჩენის საკითხი. ძალიან საინტერსოა და მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რა პრინციპით და რა კრიტერიუმით სვამენ ქალებს სიაში. ზოგადად ეს ცნობილია, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არავინ მსჯელობს.
– ანუ ქალის პოლიტიკური კარიერისთვის ისევ მამაკაცია აუცილებელი?
– ქალის პოლიტიკური კარიერისთვის, უპირველეს ყოვლისა, ქალის ნება და დემოკრატიული სისტემაა საჭირო.მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ კაცები დომინირებენ პარტიის მენეჯმენტში , ფინანსების მოძიებასა და საარჩევნო სიების მომზადებაში. ძალიან ცოტა პარტიას აქვს ქალ ამომრჩველთან მუშაობის სტრატეგია. ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ცალსახად „მამაკაცური პროფილი“. ამ დომინაციის საშუალებით კაცები მართავენ და აწესებენ ფორმალურ და არაფორმალურ წესებს პარტიების შიგნით. ეს წესები ხელისშემშლელ ფაქტორებად გვევლინება, რომელთა გამოც ქალები ვერ ახერხებენ პოლიტიკური კარიერის შექმნას.
– და როგორ ფიქრობთ საზოგადოება რატომ ვერ ახდენს ზეგავლენას პარტიებზე?
– საზოგადოება თავად არის პატრიარქალური, ამიტომ ის ინერციით ირჩევს. თავდაცვითი რეაქციის სახით აღმოცენდა რადიკალური და აგრესიული მოძარაობები: ფემინისტურიც და ანტიფემინისტურიც. არადა, გვჭირდება ზომიერი მიმართულების აქტივობები. ფაქტია, როცა საქმე ქალებისთვის ნამდვილი ძალაუფლების გადანაწილებაზე მიდგება, მანდატების უმეტესობას ის პარტია ღებულობს, რომელსაც სიაში ყველაზე ნაკლები ქალი ჰყავს. მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ ქალებს ფულის საკუთარი ისტორია არ გააჩნიათ.
– და რა უშლის ქალს ხელს, შექმნას ფულის საკუთარი ისტორია?
– აქ კიდევ ერთი პრობლემაა. თუ კაცს კაცები ებრძვიან მხოლოდ, ქალს ებრძვიან კაცებიც და ქალებიც. ბუნებრივია, ყველაზე არ ვსაუბრობ. არსებობენ სხვა კატეგორიის ადამიანებიც – ერთგულები, მოტივირებულები… მაგრამ ასეთი ადამიანები ცოტანი არიან და ამინდს ვერ ქმნიან. ქალური სოლიდარობის დეფიციტია დღეს ქვეყანაში… ჩვენ ამ ნიშნულის ამაღლებას შევძლებთ ბრძოლით, ერთმანეთის გვერდით დგომით. აი, ეს მუხტია შესაკრავი. ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი, ისე, როგორც შეგვიძლია. ასე გაკეთდება საქმე. აი, ვისაც არ უნდა, ეს საქმე გაკეთდეს, სწორედ ისინი გვიშლიან ხელს. არადა, ჩვენ ხომ ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიბრძვით. ანუ მთავარი სამიზნე – მომავალია. ჩემი სლოგანიც ეს არის – ხმა მიეცით თქვენი შვილების მომავალს!. მეც სამი შვილი მყავს და პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ შევცვალო ჩემი და თქვენი შვილების მომავალი!
(NS)
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"