Financial Times: სამხრეთ კავკასიაში დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა მწვავდება

ბრიტანულმა გავლენიანმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმს“-მა («Financial Times») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სამხრეთ კავკასიაში დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა მწვავდება // საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში იმ პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც მსხვილი დასავლურ ინვესტიციების მოწინააღმდეგეა“ (ავტორი - ტონი ბაბერი).

 გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა წარმატება მოუტანა ბიძინა ივანიშვილს - ოლიგარქ მილიარდერს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. მისი პარტია, ქვეყნის მმართველი „ქართული ოცნება“ აშშ-ში და მის მოკავშირეებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს თავისი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებით უცხოური ინვესტიციური პროექტების მიმართ, რაც, როგორც ჩანს, დასავლეთის ინტერესების დარღვევისაკენ არის მიმართული. ამრიგად, არჩევნების შედეგები ნიადაგს უქმნის და ამწვავებს გარეშე ძალების სახიფათო კონკურენციას სამხრეთ კავკასიაში - რეგიონში, სადაც უკვე ომი მიმდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

 

საქართველო, ისევე როგორც თავისი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამყოფ გეოპოლიტიკურ საზღვარზე მდებარეობს. ენერგორესურსებითა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით ცნობილ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება მასში ჩინეთს, ევროკავშირს, ირანსა და თურქეთს, ასევე რუსეთსა და აშშ-ს ითრევს.

 

ყურადღების ცენტრშია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. მან თავისი ქონება და ფული რუსეთში საქმიანობით დააგროვა, იქაურ საბანკო სფეროში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მან დაარსა და აფინანსებს, საქართველოს 2012 წლიდან მართავს. საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა, მმართველმა პარტიამ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა - 48% მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს (ცალკეული დარღვევებით), ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები მაინც გააპროტესტეს და გაყალბებულად გამოაცხადეს.

 

ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი თავისი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. თავის გამარჯვებას. მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2012-2013 წლებში ჰქონდა დაკავებული, მაგრამ ამჟამად ქვეყნის მართვას კულისებიდან ამჯობინებს. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები და ინვესტორები თითქმის დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სწორედ მან [ბიძინა ივანიშვილმა] შეასრულა [დიდი] როლი მიმდინარე წელს მთავრობის მიერ მიღებულ ორ საინვესტიციო გადაწვეტილებაში, რომლებიც საფრთხის წინაშე აყენებენ საქართველოს დაახლოებას აშშ-სთან და ევროკავშირთან, საითაც საქართველო 2003 წლის შემოდგომაზე მომხდარი პროდასავლური „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ისწრაფვის.

 

პირველი გადაწყვეტილება ეხება ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობის შეჩერებას მიმდინარე წლის იანვარში. ამ პროექტმა ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოების მთავრობების მხრიდან, მაგრამ მის რეალიზება არ სურდა რუსეთს, რომელმაც 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად საქართველო დაანაწილა და თავის კონტროლქვეშ მოაქცია ქვეყნის ორი რეგიონი - აფხაზეთი, რომელიც ანაკლიის ჩრდილოეთით მდებარეობს და აგრეთვე სამხრეთ ოსეთი. გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დასავლეთი ანაკლიის პროექტის რეალიზებით მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული. მან საქართველოს მთავრობას მიანიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები უნდა შეიზღუდოს: „ამ თვალსაზრისით საქართველოს მეგობრებს კეთილი განზრახვა ამოძრავებთ“, - აღნიშნა აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა.

 

მეორე გადაწყვეტილება ეხება ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს (Caucasus Online), რომელიც ევროპას და აზიას საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით აკავშირებს და რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი დასავლელი ინვესტორები. ეს პროექტი თავისი მნიშვნელობით - ციფრული ექვივალენტით ნავთობსადენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს“ უტოლდება, რომელმაც მუშაობა 2006 წელს დაიწყო. ამ მილსადენით კასპიის ზღვის ფსკერიდან ამოღებული ნავთობი დასავლურ ბაზრებს მიეწოდება. მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა იმ კონსორციუმზე, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი. კონსორციუმს ახალი ციფრული ქსელის შექმნა აქვს განზრახული. ზეწოლის შედეგად დანიშნულ სამთავრობო მენეჯერს უფლება აქვს  Caucasus Online-ს დრიექტორთა საბჭოს წევრები გაათავისუფლოს. თბილისის ასეთმა მოქმედებამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტი აიძულა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შემცირების წინადადება შეემუშავებინა იმ შემთხვევისათვის, თუ ხელისუფლება უცხოური ბიზნესის შევიწროვებას არ შეწყვეტდა.

 

ისევე როგორც ანაკლიის პორტის მიმართ, აქაც რუსეთი არის დაინტერესებული: მოსკოვს არ სურს, რომ ციფრულ ქსელზე კონტროლი დასავლეთმა განახორციელოს.

 

უდავოა, საქართველო რთული არჩევანის წინაშე დგას. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა მოსკოვის ჩრდილში იმყოფებოდა - 1801 წლიდან, როცა მეფის იმპერიამ საქართველოს ანექსია მოახდინა. დასავლეთი მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას 1991 წლიდან. ჩინეთიც აცხადებს, რომ საქართველოში მასაც გააჩნია თავისი ინტერესები და ფსონი ბევრ რამეზე აქვს დადებული. შეიძლება დარწმუნებით ითქვას: იწყება მეტოქეობის ახალი ეტაპი საქართველოზე და მთლიანობაში სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ft.com/content/aca1bb20-0eb3-4af5-bbbb-b4c6eb5f4e31

წაკითხვა 530 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.