Deutsche Welle - არის თუ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება საეჭვო?
რა დაეხმარა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გამარჯვებაში? გამართლებულია თუ არა ოპოზიციის პროტესტი? რადიოსადგური „დოიჩე ველე“ («Deutsche Welle») სამხრეთ კავკასიაში არსებული გერმანული ფონდების წარმომადგენლებს ესაუბრება პუბლიკაციაში „საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები გერმანელი პოლიტოლოგების თვალით“.
არის თუ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება საეჭვო?
როგორც ეუთოს დამკვირვებლები აღნიშნავენ, არჩევნები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, თუმცა მთლად ხარვეზების გარეშე არ ყოფილა. „კრიტიკა დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ არჩევნების წინ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის საზღვარი თითქმის გაქრა“, - ამბობს ფელიქს ჰეთი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ახლოს მდგომი ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში. მისი თქმით, ეს შესამჩნევი იყო იმაში, რომ „მეოცნებეები“ საარჩევნო უბნებს აკონტროლებდნენ, აკვირდებოდნენ ვინ მივიდა ხმის მისაცემად და სიებს ადგენდნენ“. „მართალია, ეს მოქმედება „ქართულმა ოცნებამ“ კანონიერად ჩათვალა, სხვა პარტიებიც იგივეს აკეთებდნენ, მაგრამ ასეთი მიდგომით მაინც იქმნება ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე“. ფელიქს ჰეთი თვლის, რომ „ოცნების“ გამარჯვება ეჭვს არ იწვევს.
შტეფან მაისტერი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მოქმედ ჰაინრიხ ბიოლის ფონდს ხელმძღვანელობს (ახლოს დგას გერმანელი „მწვანეების“ პარტიასთან), „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკმაოდ მაღალ შედეგს „მოულოდნელს“ უწოდებს. მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ხმების რაოდენობა „სადღაც ოთხ პროცენტამდე“ გააყალბა. მისი თქმით, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები უფრო მეტად თავისუფალი და დემოკრატიული იყო, მაგრამ მას თან დარღვევებიც ახლდა.
რატომაა ფარდობითი ხელისუფლების გამარჯვება და ოპოზიციის მარცხი
პოლიტოლოგები თანხმდებიან იმაში, რომ :“ქართული ოცნების გამარჯვების ერთ-ერთი პირობას წარმატებული კრიზისული მენეჯმენტი წარმოადგენს, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში. თუმცა არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია გაიმარჯვებდა. თომას შრაპელი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავაკასიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თვლის, რომ ხელისუფლების გამარჯვება და ოპოზიციის მარცხი ფარდობითია: „თუ ყურადღებით შევხედავთ შედეგებს, დავინახავთ, რომ „ოცნებამ“ არჩევნები არსებითად წააგო“. პოლიტოლოგი ადარებს მმართველი და ოპოზიციური პარტიების შედეგებს პროპორციული სიებით: „ოცნება“ - 61 მანდატი, ოპოზიცია - 59. ეს დიდი ნახტომია ოპოზიციის მხრიდან იმ ფონზე, როცა „ოცნებას“ საჩუქრად პანდემია ჰქონდა მიღებული“. თომას შრაპელმა მმართველი პარტიის რაოდენობრივი წარმატების მიზეზად მოსახლეობისადმი გაწეული ფინანსური დახმარებაც მიიჩნია.
ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება
საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ძალის უკან ორი ლიდერი დგას - ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნება“) და მიხეილ სააკაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“). მათი დაუსწრებელი ურთიერთდაპირისპირება თითქმის ათი წელია გრძელდება.
ფელიქს ჰეთი ბიძინა ივანიშვილის როლს „პრობლემატურად“ მიიჩნევს, რადგან ბიზნესმენი საარჩევნო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა. მილიარდერი საკუთარ თავს უფრო „დამკვირვებელთა საბჭოს ხელმძღვანელად ხედავს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს კულისებიდან აკონტროლებს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ერევა“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, პოლიტოლოგების შეფასებით, პრინციპში, მან უკრაინიდან შეინარჩუნა გავლენა თავის პარტიაზე, მაგრამ მართვის ასეთი ფორმით „ნაციონალები“ ვერასდროს გაიმარჯვებენ. შტეფან მაისტერი თვლის, რომ საქართველოში მატულობს გაღიზიანება ექს-პრეზიდენტის სტილით და იმითაც, რომ იგი მმართველ პარტიას მუდმივად „პრორუსულობაში“ ადანაშაულებს.
ველოდოთ თუ არა ქუჩის მასშტაბურ აქციებს?
გასულ კვირას თბილისის ქუჩებში ოპოზიციამ არჩევნების შემდგომი პირველი საპროტესტო აქციები გამართა. „სამწუხაროდ, საქართველოში ქუჩის აქციები ერთგვარ აუცილებელ რიტუალად იქცა, - ამბობს ფელიქს ჰეთი - წარმოადგენელია, რომ წაგებულმა მარცხი მშვიდად აღიაროს“.
ახალი აქციები უკვე დაგეგმილია. რამდენად მასშტაბური იქნებიან ისინი, ექსპერტები ამის პროგნოზირებას არ ცდილობენ, მათ შორის იმიტომაც, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა ძლიერდება. შტეფან მაისტერი თვლის, რომ ადამიანთა მობილიზება საპროტესტო აქციებში მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ მიზნით, რომ დასავლეთს არჩევნების შედეგებში ეჭვი შეეტანა, მაგრამ ეს არ მოხდა, დასავლეთმა არჩევნები აღაიარა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://p.dw.com/p/3km6y
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"