რით დასრულდება საქართველოში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი

რუსული გაზეთი „იზვესტია“ («Известия») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყოფილთა რევანში: რით დასრულდება საქართველოში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი“, რომელშიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია არის განხილული (ავტორი - იგორ კარმაზინი).


გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:


უმრავლესობის ეპოქა


„არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიღებული ხმების უმრავლესობით პარლამენტში 76 მანდატი გაინაღდა საკანონმდებლო ორგანოში ადგილების ეს რაოდენობა საკმარისია, რომ პარტიამ მთავრობის შემადგენლობა ჩამოაყალიბოს, უწყებათა ხელმძღვანელები დაამტკიცოს, შეცვალოს ან მიიღოს ახალი კანონები და საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება მოახდინოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად აღიარეს“
პროტესტი და ბოიკოტი


თუმცა ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხმის მიცემის დროს გამოვლენილი უამრავი დარღვევა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ არჩევნები აღიარებული იქნეს. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს უკრაინის ხელისუფლების სამსახურშია, მაგრამ იმავდროულად ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ ხელმძღვანელობს და კიევიდან ცდილობს საპროტესტო აქციების მოწყობას. „სინამდვილეში „ქართული ოცნებამ“ კი არ გაიმარჯვა, არამედ დამარცხდა“, - ასე თვლის ექს-პრეზიდენტი. მოკლედ, ქართულმა ოპოზიციამ ქუჩის აქციები დაიწყო, ხოლო არჩეულმა ოპოზიციურმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე.


მშვიდობით, მიშიკო?!


ექსპერტთა თქმით, დღევანდელი კრიზისის ცენტრალურ ფიგურას მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს. საქართველოში დაბრუნებას იგი ვერ ბედავს - ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს განაჩენი გამოტანილი და მას საპყრობილე ელოდება, თუმცა იგი შორიდან, დისტანციურად მაინც ახდენს ოპოზიციის მოქმედების კოორდინირებას: 


„მიხეილ სააკაშვილს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. მას აქვს რევოლუციების, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ მოწყობის გამოცდილება, ცდილობს მსგავსი სცენარით ისარგებლოს. მისთვის ასეთი მოქმედება ერთადერთი შანსია პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. აშკარაა, რომ უკრაინაში იგი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს - ბოლო დროს იქაური მასმედიაც აღარ წყალობს, მედიასივრცეში მას ყურადღებას აღარ აქცევენ. მიხეილ სააკაშვილი აცნობიერებს იმას, რომ მას აქტიური პოლიტიკური საქმიანობისათვის მხოლოდ 5-6 წელი აქვს დარჩენილი, სწორედ ამიტომ მიდის იგი ვა-ბანკზე საქართველოში“, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში პოლიტოლოგი არტურ ატაევი.


ექსპერტის აზრით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში წარმატებას ვერ მიაღწევს: „თვითონ მიხეილ სააკაშვილმა ბევრჯერ აჩვენა, თუ როგორ დაუნდობლად არბევდა საპროტესტო აქციებს და სასტიკად უსწორდებოდა ოპოზიციას: მომიტინგეებს სცემდნენ, ხელ-ფეხს უმტვრევდნენ, ასახიჩრებდნენ, ცრემლდენი გაზით უმასპინძლდებოდნენ... 2007 წელს პოლიციის „სპეცნაზმა“ იმდროინდელი ოპოზიციის რუპორი - ტელეარხი „იმედი“ დაიკავა“, -  იხსენებს არტურ ატაევი.


ოპოზიციის უიმედო პერსპექტივა როგორც „მგიმო“-ს (რუს. აბრევიატურით - „მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის“) კავკასიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლაი სილაევი ამბობს, ოპოზიციას სულაც არ აქვს იმედი, რომ ხმების ხელახალი გადათვლა მოხდება და ახალი არჩევნები დაინიშნება. „ვფიქრობ, რომ წაგებულები, უბრალოდ, საკუთარი შეფასების თამასას სწევენ. ისინი ასეთი მოქმედებით მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობენ, რაღაც თანამდებობების დასაკავებლად ვაჭრობის დაწყების მიზნით. საეჭვოა, რომ მათი იმედები ახდეს. ეუთომ და ნატომ არჩევნების შედეგები უკვე აღიარა. საკითხი შეიძლება დახურულად ცაითვალოს“, - ხაზს უსვამს ნიკოლაი სილაევი „იზვესტია“-სთან საუბარში. 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://iz.ru/1082777/igor-karmazin/revansh-byvshikh-chem-zakonchitsia-politicheskii-krizis-v-gruzii

წაკითხვა 693 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.