“მთავარია, ამერიკამ თქვას, საქართველოს “კრიშა” მე ვარო”- გია ხუხაშვილი

“ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში ძალთა ბალანსი. აშკარაა, რომ რუსეთმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია.

ამერიკას, რომელიც კავკასიაში დღემდე ფრთხილ და აუჩქარებელ პოლიტიკას აწარმოებდა, დღეს არაორდინარული, ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ არა, შესანარჩუნებლად მაინც. ქმედითი ნაბიჯი კი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. არის პრეცედენტები, როცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პენტაგონის ეგიდით, სამხედრო კონტინგენტს დროებით განათავსებენ. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს ამერიკის ინტერესი. კავკასიის რეგიონში ამ მანევრის ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ საქართველოში აქვს. აზერბაიჯანსა და სომხეთს ახლოსაც ვერ გაეკარება, ვერც დიპლომატიური და ვერც სხვა თვალსაზრისით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარია, ამერიკამ თქვას, საქართველოს “კრიშა” მე ვარო” / “არსებობს რისკი, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა დიდი გადანაწილება დაიწყონ”.

 

“ასეთი მანევრი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან კავკასიაში გადანაწილების ახალ პროცესში ჩვენ ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა გვჭირდება და დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ასეთ დროს ყოველთვის არის საფრთხე. მეც წინააღმდეგი ვარ, რომ რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე დავდგეთ, მაგრამ თავი ხომ უნდა დავიცვათ?! დიახ, რუსეთი გაბრაზდება და სწორედ იმიტომ, რომ გაბრაზებულ რუსეთს ხელი ცუდად არ წაუცდეს, სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება გვმართებს... დასანანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არათუ სახელმწიფო ინტერესების გააზრება, ერთმანეთთან დიალოგიც არ შეუძლია. ისევ გარედან თუ გვიკარნახებენ რაიმეს, თორემ ესენი არც რეგიონში მიმდინარე პროცესებს იმჩნევენ, არც პანდემიას, მხოლოდ ორმხრივი მონოლოგით არიან დაკავებული, დიალოგამდეც ვერ მიდიან. როდესაც ლაპარაკია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამერიკელებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ისინი წარმოადგენენ საგზაო რუკას რეგიონული რისკების პრევენციისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება შესაძლოა არ აღმოჩნდეს მზად ამერიკელებთან ერთად არაორდინარული და სწრაფი ნაბიჯის გადასადგმელად. შესაძლოა დასავლეთს და ამერიკას ძალიანაც უნდათ თავიანთ ქოლგაში შეგვიყვანონ ამ ძალიან სარისკო პერიოდში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები ჰქონდეს “არ გავაღიზიანოთ რუსეთი” ისტორიიდან. სამწუხაროდ, “არ გავაღიზიანოთ” პოლიტიკა ხშირად კაპიტულანტურ ნიშნებს შეიცავს... არსებობს რისკი, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა დიდი გადანაწილება დაიწყონ. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. თუმცა რისკები არის და ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს. სასწრაფოდ გვჭირდება ამერიკული სამხედრო ინტერესის ფიქსაცია, რათა რუსეთმა ასეთი სცენარების გათამაშება ვერ შეძლოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის ინტერვიუს - ის ამბობს, რომ ყარაბაღში რუსული ძალები უფრო ოკუპანტები არიან, ვიდრე სამშვიდობოები; რომ სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკელების იმედი მაქვს. ჰოჯესი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გაზარდოს, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. მნიშვნელობა არა აქვს, რა მიმართულებით გაზრდის სამხედრო მხარდაჭერას, მთავარია, თქვას, საქართველოს “კრიშა” მე ვარო”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ყარაბაღის შეთანხმება ითვალისწინებს `ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გახსნას”... ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ გამოწვევად იქცევა? - პასუხობს:

 

“რა თქმა უნდა. ჩვენთვის საყურადღებოა ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ნახჭევანთან გზის გაჭრას ეხება. ეს ჩვენ ძალიან დაგვაზარალებს. მოგეხსენებათ, საქართველო გეოპოლიტიკურად სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია. ევროპისკენ ტრანზიტს თავი რომ დავანებოთ, თვითონ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტეგრაციის ხარისხია ძალიან მაღალი. ჩვენ ვიყავით ამ ინტეგრაციის უალტერნატივო კომუნიკაციის წყარო. თუ ნახჭევანის გავლით თურქეთზე პირდაპირი გზა გაიჭრა, ჩვენ თამაშგარე აღმოვჩნდებით”.

 

წაკითხვა 483 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.