აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ „მედიკამენტოზურ ძილშია“
3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ დაშავებულს უგრძელდება „მედიკამენტოზური ძილი“:
„სასიცოცხლო პარამეტრები ამ მომენტისათვის სტაბილურია“, - თქვა ნინო ხარაიშვილმა. ალექსი თირქიას დემონსტრაციის დაშლისას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, 3 დეკემბერს ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული. ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეშუპების გამო შეჩერდა.
3 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს. თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება