რუსები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ხელს უშლიან

ერგნეთში მორიგი, რიგით მეექვსე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შუამდგომლობით.

 

საკითხი იგივეა, რაც წინა ხუთი ტექნიკური შეხვედრისას - დამატებითი საგუშაგოს გახსნა და მას შემდგომ გააქტიურებული რუსული ძალები ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი და უპრეცენდენტო ამბავი დაემატა: რუსმა სამხედროებმა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დააკავეს. მართალია, მათი შეფერხება რამდენიმე საათით მოხდა, თუმცა ინციდენტი ყველა შემთხვევაში მასშტაბურია, რადგან საოკუპაციო ძალები იმ ორგანიზაციას შეეხნენ, რომელიც სრულიად მშვიდობიან მონიტორინგს ახორციელებს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან. ეს საქმიანობა კი გათვალისწინებულია 2008 წლის „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტით, რომელზეც ხელი რუსეთის ფედერაციას აქვს მოწერილი.

 

 

„შეხვედრაზე მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების ქმედებების წაღვლსა და ჩორჩანას მიმდიბარედ არსებულ ტყის მასივში. ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს, როდესაც რეგიონში ერთადერთ სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ შესაბამისი მონაწილეების მიერ გაკეთდება სათანადო დასკვნები, რომ ასეთი ქმედება მიუღებელი და ის უაღრესად აზიანებს როგორც ფორმატს, ასევე პროცესს. ამ ტერიტორიის საკითხი გახდა განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. არანაირი კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ხარჯზე მიუღებელია და არ მოხდება“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდგომ.

 

 

ოსური მხარე კი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, ცხინვალი კვლავ მკაცრად მოითხოვს „არაკანონიერი“ პოსტის აღებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. „ამ მომენტისთვის ქართული მხარე კომპრომისზე არ მოდის. არადა ერთადერთი ქმედება, რაც ამ საკითხს მოაგვარებდა, ეს აღებაა პოსტისა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული,“- აცხადებს იგორ კოჩიევი, დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ერგნეთის შეხვედრებზე.

 

 

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პროკურატურამ საქმე აღძრა საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე ქართული სამხედრო ფორმირებების მიერ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა განცხადება, რომლშიც დაადასტურა, რომ ჩორჩანას მიმდებარედ რუსი სამხედროები 1300 მეტრის დარღვევით, იმ ტერიტორიაზე გადაადგილდნენ და დაიკავეს, რასაც მანამდე ქართული მხარე აკონტროლებდა. 24 აგვისტოს კი რუსულმა ძალებმა პასუხის გაცემა უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებთან სცადეს და ისინი რამდენიმე საათით დააკავეს ჩორჩანასთან პატრულირებისას.

 

 

ოსური ინფორმაციის საგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომელის თანახმად, „როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრის დამრღვევებს შორის აღმოჩნდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები“. ეს საკითხი ასევე განიხილეს ტექნიკურ შეხვედრაზე. „ოსურმა მხარემ ჰკითხა ევროავშირის წარმომადგენლებს იმის შესახებ, თუ რატომ დაარღვიეს მათ სახელმწიფო საზღვარი. მათი სიტყვებით, მისიის დაკვირვებლებს გზა აებნათ. თუმცა ეს ფაქტი მრავალ კითხვას ბადებს. იმედი გვაქვს, რომ სხვა დროს მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ ოსური მხარე მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, - აცხადებს დე ფაქტო ადმინისტრაცია.

 

 

ორი დღის წინ კი სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ადგილობრვმა უშიშროების სამსახურმა ადმინისტრაცია ომის რისკის თაობაზე გააფრთხილა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარზე.

 

 

„საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები აქტიურ მზადებაში არიან სახელმწიფო საზღვართან მასშტაბური პროვოკაციის მოსაწყობად. სპეც-სამსახურების წარმომადგენლები, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ არა მხოლოდ თავისი მოსახლეობა, არამედ, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობაც,“- ნათქვამია განცხადებაში. დე-ფაქტო ადმინისტრაციის უშიშროების სამსახური ღია საომარი შეტაკების შესახებაც საუბრობს: „ქართული პოსტის არსებობა სამხრეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, არსებითად ზრდის ომის საშიშროების რისკს და შესაძლოა, საქმე მივიდეს ღია საომარ დაპირისპირებამდე“,- ასეთი გახლავთ გზავნილის ტექსტი.

 

 

ამერიკის ხმასთან საუბრისას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ვინც საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ახორციელებენ მონიტორინგს, აწვდიან ინფორმაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების თაობაზე. სწორედ მათ უნდა მიიტანონ ინფორმაცია წევრი ქვეყნების მთავრობებამდე იმის შესახებ, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებულ საზღვართან რუსები ხელშეკრულებას არღვევენ ან შეგნებულად, ან მათ არავინ ემორჩილება იქ (იგულისხმება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია).

 

 

„საქართველო ხელშეკრულებას არ არღვევს და მშვიდობიან პროცესშია ჩართული. ამავე დროს ვხედავთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ამ ყველაფერს არად აგდებს. ესაა პრეცენდენტი, სადაც ჩანს, რომ ის სტრუქტურები, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, ხელს უშლის საერთაშორისო მისიას, ხოლო რუსეთი, ვინც ამ ყველაფერს ყურადღებას უნდა აქცევდეს, ამას არ აკეთებს ან შეგნებულად, ან არ აქვს საკმარისი გავლენა რეაგირების მოსახდენად. ჩემი აზრით, ეს გახლავთ მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი სპეკულაციური მომენტები და მანიპულაცია, სხვა არაფერი“,- გვეუბნება დიმიტრი სანაკოევი.

 

 

დე-ფაქტო ადმინისტრაციის გააქტიურებასა და მკვეთრ განცხადებებს ნატოს წვრთნებს უკავშირებს შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი. „მე მგონი, ყველაზე სწორი რეაქცია იქნება ის, რომ სიმშვიდე არ დავკარგოთ,“- გვეუბნება უტიაშვილი.

 

 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ამერიკის ხმასთან რუსულ თამაშს და პოლიტიკის რუსულ სტილს უწოდებს იმ მანევრებს, რასაც ადგილი აქვს კონფლიქტის ზონაში და რაც გულისხმობს მაქსიმალურ მიწოლას, ნერვების გატეხვას და იძულებას, მოწინააღმდეგემ თავი აარიდოს ვითარების გამწვავებასა და კონფლიქტს. „ეს ხულიგნურ-კრიმინალური სტილი, რომელიც რუსეთს ბევრჯერ გამოუყენებია, აქაც იყენებს. მიზანი დაშინებაა. არა პროვოცირება უარესისკენ, რადგან ვფიქრობ, რუსეთს ომი არ უნდა. სამაგიეროდ, დაშინებით ცდილობს მაქსიმალურად გაიმყაროს პოზიციები, არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ თბილისშიც. მას სურს თბილისი დააშინოს. ევროპელებს კი საერთოდ ხალისი დაუკარგოს სამხრეთ კავკასიაში რამის კეთების. თუ ამას გაუგებენ და პირიქით, საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადადგამენ, როგორც დიპლომატიურ დონეზე, ისე ადგილზე, მე მგონი, რუსეთი უკან დაიხევს თავისი მარიონეტული ოკუპაციური რეჟიმის ჩათვლით. თუ ამ შანტაჟს აჰყვებიან, უფრო გართულდება ვითარება“,- გვეუბნება დავით დარჩიაშვილი. მისი აზრით, უცხოელები საქართველოს მთავრობის რეაგირებას დააკვირდებიან. „თუ საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ არაფრის თავი არ აქვს და არაფერზე რეაგირება არ უნდა, მაშინ უცხოელებიც შესაბამის დასკვნებს დააკეთებენ“,- გვეუბნება დარჩიაშვილი.

 

 

დღესვე ჩორჩანა-წნელისთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა ჟან კრისტოფ მელიარმა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. „ეს სერიოზული ინციდენტია“- თქვა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ამბავი არ მიჩუმათდება და სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში რუს კოლეგებთან გაარკვევს საკითხს.

 

 

საგანგებო განცხადება მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში უშლიან ხელს“.

 

 

წაკითხვა 801 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.