,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
,,ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 3500 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი 500 მეტრი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: “ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა”.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში აყენებს საქართველოს და საფრანგეთს.
,,ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის.
ვინც ისტორია იცის და მის გაკვეთილებზე თვალს არ ხუჭავს, ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა. ეს ცხადი იყო 2022 წელსაც.
ამგვარი დაპირისპირებები კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დასრულებულა, ქვეყნები მორიგებულან, ცხოვრება გაგრძელებულა. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც, ბევრად ადრეც. ძალთა ბალანსის რყევა, ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბება დიდი სახელმწიფოების ბუნებაა. მათი შეხების წერტილებში მომხდარი ნგრევა და მსხვერპლი კი პატარა სახელმწიფოების ხვედრი.
2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით.
სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს; რომ ეს ჩვენი ბრძოლაა, ჩვენი ვალია, რომ მსხვერპლობა გვმართებს დიადი მომავლისთვის; რომ ომი მშვიდობაა და მზე დასავლეთიდან ამოდის. ამ დროშის ქვეშ აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე.
ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია.
გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს.
სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
