„კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია - აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“

რუსულ გაზეთ «Независимая газета»-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია // აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“, რომელშიც აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებული ქალის ზუგდიდში გადმოყვანის ფაქტს ეხება.

ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი თურმე აფხაზეთში რუსეთის მხრიდან შევიდა, გალის რაიონში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ჯერ ადგილობრივ  საავადმყოფოს მიმართა, შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხა. „ქართველმა ექიმებმა დაინფიცირებული მოქალაქე ზუგდიდის ახლოს მდებარე რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოათავსეს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, სამედიცინო მომსახურების მხრივ, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასაც დახმარებას უწევს. რუხის კლინიკაც, პრინციპში, არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენდა, არამედ გამიზნული იყო აფხაზეტის მოსახლეობისთვისაც. მისი მშენებლობა 15 მილიონი დოლარი დაჯდა. დღეს 200-ადგილიანი საავადმყოფოს 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი აქვს, რაც შეიძლება თბილისის კლინიკებსაც კი შეშურდეთ. აფხაზები წინა წლებში ხშირად გადმოდიოდნენ გამყოფ ხაზზე (ენგურის ხიდით) და რუხისა და თბილისის საავადმყოფოებში უფასოდ მკურნალობდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ნაბიჯს თბილისისთვის პოლიტიკური დივიდენდები მოჰქონდა - დიახ, გამოჯანმრთელებული აფხაზები ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდნენ, მაგრამ ამით სოხუმისა და თბილისის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა.

 

უეჭველია, ახლაც ქართველი ექიმები აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტის მკურნალობაში დიდ ძალისხმევას მოახმარენ, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებულმა ისტორიამ გაუგებრობა წარმოქმნა, - წერს გაზეთი. „სოხუმში ჯერ გაკვირვება გამოხატეს „რუსთავი-2“-ის სიუჟეტის გამო და განაცხადეს, კორონავირუსით დაავადებულები ჩვენთან არ არიანო, შემდეგ კი ოპერატიულმა შტაბმა განცხადება გააკეთა - აფხაზეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია ბოლო სამი დღის განმავლობაში არავის გადაუკვეთავსო. თავის მხრივ, თბილისი თავის პოზიციას იცავს. უფრო მეტიც, სამეგრელოში საკარანტინო ზომების გამკაცრება გამოცხადდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

სტატიის დასასრულს მოკლედაა მიმოხილული საქართველოში შექმნილი ვითარება კორონავირისის ეპიდემიის საკითხში, გადმოცემულია ქვემო ქართლში არსებული სიტუაცია.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-03-30/5_7830_abkhazia.html

წაკითხვა 1181 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.