ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი: ახალი დეტალები
“ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 63 წლის ჯუმბერ მილაძე, რომელიც სამკურნალოდ ახალგორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში არ გადმოუშვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.
ის დიდი მცდელობის შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რეგიონიდან წითელ ჯვარს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა, როდესაც გზაში დაიღუპა. 63 წლის ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე იყო. ამის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი მას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, რაც საბოლოო ჯამში, ფატალური შედეგით დასრულდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - რა გახდა 63 წლის ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი: ახალი დეტალები.
“ადგილობრივები “რეზონანსს” უყვებიან, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ნათესავებს არ აძლევდა ე.წ. საზღვარზე პაციენტის გადაყვანის უფლებას. მათივე ინფორმაციით, 19 მაისს მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იქ მისი დახმარება ვერ მოხერხდა. მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს “წითელი ჯვრის” მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა. თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა და საქართველოში ის ცოცხალი ვეღარ გადმოიყვანეს. “ოჯახმა ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა არა ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რეალურად იქ არც არაფერი უმკურნალეს. ელემენტარული მედიკამენტების დეფიციტია და კვალიფიციურ ექიმებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ვერაფერი გაუგეს. ალბათ შეეშინდათ და ოჯახს უფლება მისცეს, რომ “წითელი ჯვრის” დახმარებით გადაეყვანათ. თუმცა უკვე დაგვიანებული იყო და ის გზაში გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახალგორში საშინელი მდგომარეობაა და რეგიონი ჰუმანიტრული კატასტროფის წინაშე დგას“,- უყვება “რეზონანსს” ერთ-ერთი ადგილობრივი. ჯუმბერ მილაძეს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების მორიგი მსხვერპლს უწოდებს ახალგორის რაიონის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი,” - აღნიშნავს გამოცემა.
“გარდაცვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოეშვათ... ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში გამოეშვათ, დღეს ცოცხალი იქნებოდა. ახალგორში ეროვნებით ქართველ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ მკურნალობის და დროული სამედიცინო დახმარების საშუალება ჰქონდეთ. ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლეები ქართველს არ უშვეებენ და შედეგი ასეთი ფატალურია ხოლმე”, - ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი... “საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა”. როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, ახალგორელებისთვს შექმნილი პრობლემა არის კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოქმედებებს, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს”, - დასძენს გამოცემა.
“ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ... ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ, უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე... საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი, რომლის კომენტარსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში