"2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის გაფრთხილება იყო" - 12 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტ“-ის («The Jerusalem Post») 4 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლაშა ჟვანიას ინტერვიუ სათაურით „რუსეთთან მომხდარი ომიდან 12 წლის შემდეგ ქართველი ელჩი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის გაფრთხილება იყო“.
მასში ქართველი დიპლომატი რუსეთის აგრესიაზე, მის შედეგებზე და ისრაელის მიერ გაწეულ დახმარებაზე ლაპარაკობს. ქართველ დიპლომატს ჟურნალისტი ლაჰავ ხარკოვი ესაუბრება.
„2008 წელს საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ეს გამართლდა კიდეც. რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება განახორციელა“, - ამბობს ქართველი დიპლომატი და აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესია დღესაც გრძელდება უკრაინის მიმართ: „იმ დროს რომ დემოკრატიულ მსოფლიოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რადიკალურად დაეგმო, მსგავსი პრეცედენტი უკრაინის მიმართ არ განმეორდებოდა“.
ინტერვიუში ლაშა ჟვანია იხსენებს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვან ძალისხმევას, ცეცხლის შეწყვეტის საკითხში, აშშ-ის მხარდამჭერს პოზიციას საქართველოს მიმართ, რის გამოც რუსეთის ჯარები შეჩერდნენ და თბილისის მისადგომებიდან უკან დაიხიეს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების დემილიტარიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
ქართველი ელჩი საუბრობს აგრეთვე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებზე: კიბერშეტევებზე, ჰიბრიდული ომზე, მასმედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციებზე... დიპლომატი განსაკუთრებით შეეხო რუსული მასმედიის იმ ცრუ მასალებს, რომლებიც საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, რომ კონფლიქტის ესკალაცია მოახდინოს და ამ მიზნით ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთის საზღვარს“ საქართველოს სიღრმეში სწევს. ამჟამად [ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ოლქის“ ადმინისტრაციული] საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით არის გამოწეული“, - აღნიშნავს ელჩი.
ლაშა ჟვანია იხსენებს, რომ როცა იგი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და საგარეო ურთიერთობების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მას კონტაქტები ჰქონდა აშშ-ის ებრაული ორგანიზაციების ვიცე-თავმჯდომარესთან მალკოლმ ჰენლაინთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან, რომლებმაც რუსეთის მოქმედება მკაცრად დაგმეს. ასევე ელჩი საუბრობს იმაზეც, თუ რა მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ თელ-ავივის საავადმყოფოებში გადაყვანილ დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ისრაელის ექიმები და რიგითი მოქალაქეები, „ქართველი ებრაელები“.
„გიყვარდეს მოყვასი შენი“ - ისრაელის მიერ გაწეული დახმარება სწორედ ასეთი დამოკიდებულების ჭეშმარიტ გამოვლინებას წარმოადგენს. ასეთი ისტორიები ჩვენს ხალხებს შორის ძალიან ბევრია. ასეთი მაგალითები ჩვენს ურთიერთობას განამტკიცებს“, - აცხადებს ლაშა ჟვანია. მისი თქმით, საქართველოსა და ისრაელის მეგობრული კავშირების კიდევ ერთი დადასტურება იქნება იერუსალიმში დაგეგმილი ქართული კულტურის ცენტრის გახსნა. „ისრაელის ბევრმა მოქალაქემ იცის ქართული სამზარეულოსა და კერძების შესახებ, მაგრამ ქართული კულტურის გაცნობა მათთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება“, - დარწმუნებულია ქართველი დიპლომატი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"