აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების ნაწილი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ. ომის ზონაში იშვიათი ვიზიტის დროს, ამერიკის მინისტრთა კაბინეტის ორმა წამყვანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ შორის არის საქართველოც.
„საქართველო მიიღებს 35 მილიონ დოლარს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერთავდაცვა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „ნატო-ს მოკავშირეების დახმარება, შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა ნატო-მ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“.
უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება ინვესტიციას, რომელიც გააძლიერებს „შესაძლებლობების ფართო სპექტრს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამაში შედის „არანატო-ს სტანდარტის იარაღის სისტემები; უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება, გადავიდნენ ნატო-ს გრძელი რადიუსის სისტემებზე, როგორიცაა საარტილერიო ცეცხლი; და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები“.
დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრენინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი