ნატოს "ღირსეული პარტნიორი-2020" VS რუსეთის "კავკასია-2020"
სექტემბრის შუა რიცხვები საქართველოში "ცხელი" იქნება არა ჰაერის ტემპერატურის გამო, არამედ სამხედრო-პოლიტიკურად, რადგან საქართველოს ხმელეთსა და ცაში ერთმანეთის პარალელურად გაიმართება ორი სამხედრო სწავლება, რომლებშიც მონაწილე მხარეები, ფაქტობრივად, დღეს ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონისგან, სადაც 7-18 სექტემბერს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი-2020" გაიმართება, პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 115 კილომეტრითაა დაშორებული ძარწემის პოლიგონი (ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი), სადაც 15-26 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალები "კავკასია-2020" სამხედრო სწავლების ერთ-ერთ ფაზას ჩაატარებენ.
საქართველოს ერთხელ უკვე ტრაგედიად შემოუბრუნდა ნატო-რუსეთის დაპირისპირებული ბანაკების სამხედრო სწავლებების დამთხვევა, როდესაც ვაზიანში 2008 წლის 15-31 ივლისს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლების "მყისიერი პასუხი-2008"-ის დამთავრებიდან ერთ კვირაში რუსეთი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე სამხედრო სწავლება "კავკასია-2008"-ს მართავდა, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოიჭრა.
აგვისტოს ომის შემდგომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე ქართული სოფელი ძარწემი, სადაც საბრძოლო შეტაკებები არ ყოფილა, სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს, მის ადგილას სატანკო-საარტილერიო პოლიგონი მოაწყვეს და მას შემდეგ იქ სისტემატურად გაისმის სასწავლო სროლების ხმა.
12 წლის წინანდელი დაძაბული ვითარებისგან განსხვავებით, საბედნიეროდ, ამჟამად არ არსებობს იმის წინა პირობა, რომ "კავკასია-2020" სამხედრო სწავლების საფარქვეშ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია განაახლოს, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
"ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაში გაიმართება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
სწავლების დაწყებამდე, 1-ლ სექტემბერს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის თავზე საჩვენებელი საჰაერო დესანტირება ჩატარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და I ესკადრონის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფმა პირველად რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა ჩაატარეს.
საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი ერთეული C-130 "ჰერკულესის" ტიპის თვითმფრინავით ჩატარდა. C-130 თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის ავიაბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდნენ. სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით.
საერთოდ, საჰაერო დესანტირების ოპერაციები ძალიან მომგებიანია და მოწინააღმდეგე მხარისთვის დიდ მოულოდნელობად შეიძლება იქცეს.
თავის დროზე, როდესაც გამართული სატრანსპორტო შვეულმფრენები ჰყავდა და ჯერ კიდევ გამოსადეგი ნაჩუქარი პარაშუტები ჰქონდა, ქართულ არმიასაც (მათ შორის იმდროინდელ შინაგან ჯარებსაც) ჩაუტარებია მცირე მასშტაბის სასწავლო-საჰაერო დესანტირება, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
მრავალეროვნულ "ღირსეული პარტნიორი-2020"-თან შედარებით, რუსული "კავკასია-2020" უფრო გრანდიოზულია - ის სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლების რანგში გადის.
რუსეთის გენერალიტეტი არ აკონკრეტებს სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის სრულ რაოდენობას. სამაგიეროდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან აპირებს თავი მოუყაროს 120 ათასამდე სამხედროს, 500-მდე ტანკს, 3 ათასამდე ჯავშანმანქანას, 300 თვითმფრინავს, 50 შვეულმფრენს, ხოლო უკრაინის შავი ზღვის სანაპიროებთან კი გადაიყვანოს 50 სამხედრო ხომალდი და 5 წყალქვეშა ნავი.
უკრაინელების შეშფოთება სავსებით გასაგებია - 12 წლის წინ ასევე სამხედრო სწავლების საფარქვეშ მობილიზებული საბრძოლო შენაერთები მოსკოვმა საქართველოში შემოსაჭრელად გამოიყენა და იმავე სამხედრო ხრიკის გამეორება ამჯერად უკრაინის წინააღმდეგ არ გაუჭირდება.
https://www.kvirispalitra.ge/