სტალინმა ტროცკის, პუტინმა კი - ნავალნის... 80 წლის ინტერვალით!

"კრემლის ბინადრები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ყოველთვის "უკვეთავდნენ" და ტრადიცია გრძელდება"

1940 წლის 20 აგვისტოს ლევ ტროცკის, რომელიც სტალინის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გახლდათ, მექსიკაში ალპინისტის ყინულმჭრელი ცული კეფაში ჩაარტყეს. იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი - რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ოპონენტი, ქალაქ ტომსკში საბრძოლო შხამ "ნოვიჩოკით" მოწამლეს, მაგრამ თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გერმანელმა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
 
 
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: სად სტალინი და სად - პუტინი?
 
 
ან სად ტროცკი და სად - ნავალნი? მაგრამ ამ ორ, ერთმანეთთან ზუსტად 80 წლით დაშორებულ შემთხვევას ბევრი საერთო აქვს.
 

მაშინ, რვა ათეული წლის წინაც, კრემლი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ტროცკი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის 

 

დავალებით მოკლეს, თუმცა დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურები ამაყობენ, რომ ეს სპეცოპერაცია ბერიას ენ-კა-ვე-დეს დაგეგმილი და განხორციელებული იყო.

 
კრემლი დღესაც კატეგორიულად უარყოფს ტომსკში ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლას (ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმას), მაგრამ ხომ მოვა დრო, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ამას აღიარებენ?
 
 
პოლიტიკური მკვლელობების შეკვეთა ბოლშევიკებმა მეფის რუსეთის სახელმწიფოს დამხობისა და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყეს. თავდაპირველად ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ყველას თვალწინ ხვრეტდნენ (მათ შორის - ტროცკიც), მაგრამ მერე ფარულ მეთოდებზე გადავიდნენ და ევროპის ქალაქებში ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც სტალინის იმპერიას საზღვარგარეთ გაექცნენ, თუმცა იქიდან აგრძელებდნენ კრემლის პოლიტიკის კრიტიკას.
 

სტალინის სიკვდილის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმაც "შეუკვეთა" რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა საბჭოთა კე-გე-ბეს, მათ შორის - უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას, რომელიც 1959 წელს მიუნხენში კე-გე-ბეს აგენტმა კალიუმის ციანიდის შხამით სავსე პისტოლეტ-შპრიცით მოკლა.

 
ბრეჟნევის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგაც არ უთქვამს უარი კრემლს შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობებზე - 1978 წელს ლონდონის ქუჩაში მიმავალ ბულგარელ პოლიტიკურ დისიდენტ გიორგი მარკოვს გამვლელმა ქოლგის წვერი ვითომ შემთხვევით უჩხვლიტა. ის ოთხ დღეში გარდაიცვალა. გვამის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ ქოლგის წვერის ნაჩხვლეტ ადგილას ფეხში იმპლანტირებული იყო ლითონის კაფსულა, რომელიც მომწამვლელ შხამს - რიცინს შეიცავდა.
 
 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავად კე-გე-ბეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ მარკოვი მოსკოვში, კე-გე-ბეს საიდუმლო ლაბორატორიაში დამზადებული სპეციალური ქოლგით მოკლეს.
 
 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კრემლში მოკალათებულ ელცინსაც არ შეუწყვეტია პოლიტიკური მკვლელობების სერია, ოღონდ ახლა ეს უფრო თავხედური მეთოდებით ხდებოდა - პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შუა ქუჩაში, პირდაპირ მანქანაში, ავტომატის ჯერით ცხრილავდნენ, ჩეჩნეთის ლიდერი ჯოჰარ დუდაევი კი სატელიტურ ტელეფონზე კრემლთან მოლაპარაკების დროს სულაც ბომბდამშენიდან გაშვებული მართვადი რაკეტით ააფეთქეს.
 
 
2000 წელს, პუტინის კრემლში დაბინავების შემდეგ, პოლიტიკური მკვლელობების ჯაჭვი დაგრძელდა. გავიხსენოთ თუნდაც 2015 წელს მოსკოვში, კრემლის წინ ჩაცხრილული ბორის ნემცოვი, რომლის ოპოზიციური პოლიტიკური გამოსვლები პრეზიდენტ პუტინს ნერვებს უშლიდა.
 
 
პუტინის დღევანდელი პოლიტიკური ოპონენტი ალექსეი ნავალნი მოწამლულია "ნოვიჩოკის" კლასის საბრძოლო შხამით, რაც დასავლეთის არაერთმა სპეციალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა, თუმცა "ნოვიჩოკი" ნავალნისთვის არც აეროპორტში დალეულ ჩაიში ჩაუსხამთ (რაც ტექნიკურად ძალიან რთული და სახიფათო იქნებოდა) და არც სასტუმროს ოთახში დალეულ წყლის ბოთლში აღმოჩნდა.
 

"ნოვიჩოკის" შემცველი აეროზოლი, ალბათ, ისეთ ნივთს დაასხეს, რომელსაც ნავალნიმ 20 აგვისტოს დილას ტომსკის სასტუმროში მოჰკიდა ხელი, შემდგომ კი ეს შხამი კანიდან შევიდა მის ორგანიზმში - ამით აიხსნება წყლის ბოთლის ზედაპირზე აღმოჩენილი "ნოვიჩოკის" მცირე კვალიც.

 
ეს ძალიან ჰგავს დიდ ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლის სქემას. იქ, სავარაუდოდ, მათი სახლის კარის სახელურს მიაფრქვიეს "ნოვიჩოკის" აეროზოლი, რომელიც "ნინა რიჩის" ფირმის ფლაკონს მიმსგავსებულ სპეციალურ მოწყობილობაში იყო ჩატუმბული. ფლაკონი დივერსანტებმა მოგვიანებით თავიდან მოიშორეს და ურნაში ჩააგდეს, საიდანაც ის ერთმა იქაურმა ქალმა ამოიღო და ხელებზე დაისხურა, რადგან მართლაც პარფიუმერია ეგონა. სკრიპალებისგან განსხვავებით, იგი გარდაიცვალა.
 

80 წლის წინ მოკლული ტროცკი საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი მტერი გახლდათ და დასანანად არც ღირს, რაც მას სტალინმა გაუკეთა.

 
პუტინის გარემოცვაში გამეფებული ელიტური კორუფციის პროფესიონალური გამოძიება, რომელიც ნავალნის ჯგუფმა დაიწყო, რუსეთის მოსახლეობის გამოღვიძებად უნდა იქცეს, თორემ 2008 წლის აგვისტოში ეს ნავალნი იყო, ინტერნეტსივრცეში პუტინის პროპაგანდისტებზე არანაკლებ რომ გაჰყვიროდა საქართველოს დასჯის შესახებ და ჩვენს წინააღმდეგ რუსულ სამხედრო აგრესიას ამართლებდა.
 
 
არ შეიძლება დემოკრატად ითვლებოდეს ის ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც, ერთი მხრივ, გმობს კრემლის ელიტურ კორუფციას და, მეორე მხრივ, იწონებს იმავე კრემლის მიერ მეზობელ ქვეყნებში სატანკო კოლონების გაგზავნას...
 

ჩვენთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც სხვა რამეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - როდის შეწყვეტს კრემლი შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობებს მთელ მსოფლიოში?!

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 826 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.