November 23, 2024

"საქმე დახურვისკენ მიჰყავთ" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ძალიან დიდი დრო დაუთმო, თუმცა, მთავარ კითხვებზე პასუხი მაინც არ არის.

როგორც უწყებაში შევსლამდე ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას საქმის დახურვა და იმის თქმა სურს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ მოუკლავთ და რომ მან სუიციდი ჩაიდინა.

 

„დასკვნები ნამდვილად მოსულია, გამოძიებას ექსპერტიზები ჰქონდა დანიშნული იმ კუთხით, რომ თავისი თავდაპირველი ვერსია გაემართლებინა. საქმე ყველანაირად თვითმკვლელობისკენ მიჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ დასკვნებში არაფერი არ არის ცხადი. ფსიქოლოგიურ დასკვნაში ალბათობის დონეზე უშვებს ექსპერტი, რომ ბაჩალიაშვილს შეიძლებოდა თავი მოეკლა, თუმცა, კონკრეტულად რაიმე სახის მინიშნება, ან მასალა, რომ მან თავი მოიკლა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. ერთობლიობაში, რა მასალებიც არის, საქმე უფრო გვაქვს მკვლელობასთან, ვიდრე თვითმკვლელობასთან.

 

ოჯახი პროკურატურაში დაიბარეს იმასთან დაკავშირებით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების პირველადი ვერსია გააცნონ, საბოლოოდ მათ საქმე დახურვისკენ მიჰყავთ, ფიქრობენ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდებენ ინფორმაციას, რომ მკვლელობა ვერ იქნა დადგენილი და საქმე თვითმკვლელობასთან გვაქვს. თუმცა, ამდენ ბუნდოვანებაზე და ამდენ ბნელ მხარეებზე პროკურატურას დღემდე არ აქვს პასუხი.

 

მთავარი კითხვებია, სისხლის წვეთები როგორ მოხვდა მანქანაში, აბსოლუტურად აბსურდული დასკვნა დააწერინეს ექსპერტიზას, მთავარი არგუმენტია ის, თუ როგორ ვერ იპოვეს 4 დღის განმავლობაში მანქანა, სად იყო და ასევე, მედიკამენტებზე, თავდაპირველადვე განაცხადა პროკურატურამ ოფიციალურ განცხადებაში, რომ ბაჩალიაშვილმა შეიძინა და მისით განახორციელა სუციდი. თუმცა, საქმის მასალებში ვნახეთ, რომ მედიკამენტები, რომლითაც მისი გარდაცვალება მოხდა, ბაჩალიაშვილის მიერ შეძენილი არ არის. ძალიან დიდი დრო და საგამოძიებო მოქმედებები აქვს ამ საქმეს პროკურატურის მხრიდან დათმობილი, თუმცა, დღემდე არ ვიცით როგორ მოხვდა ეს მედიკამენტები ბაჩალიაშვილის ორგანიზმში“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

წაკითხვა 607 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.