შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
