"ვეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ, ადმინისტრაციული სასჯელი არ იყოს გამოყენებული" - ადვოკატი

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ აბსოლუტურად, უკანონოდ მოხდა ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაკავება და პოლიციის მხრიდან იყო პროვოცირება, ადვოკატის განცხადებით, ეცდებიან სასამართლო დაარწმუნონ, რომ მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი არ იყოს გამოყენებული.

მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილას, "ერთ-ერთი მაღალჩინოსანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და გამომწვევად იქცეოდა".

"სამივე დაკავებული, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლოში გადაიყვანეს. უახლოეს საათებში სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ველოდებით, სადაც თავისთავად, პოზიცია გვექნება, რომ გავეცნოთ იმას, თუ რა მტკიცებულებების ფონზე ითხოვს შსს ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევებად ცნობას. ჩვენი პოზიციაა, რომ აბსოლუტურად, უკანონოდ მოხდა დაკავება, პოლიციის მხრიდან იყო პროვოცირება, სიტუაციის ესკალაცია. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, შემთხვევის ადგილას საკმაოდ გამომწვევად იქცეოდა. როგორც ჩანს, მიზანი ჰქონდა თავიდანვე, რომ მელია და მისი თანმხლები პირები დაეკავებინა. ამიტომაც, ამ ყველაფრის შეჯერების შედეგად, ვეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ, რომ მათთან მიმართებით ადმინისტრაციული სასჯელი არ იყოს გამოყენებული. თუმცაღა, თავდაპირველად, უნდა ვნახოთ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა შსს. ამის შემდეგ, მრავალს მოწმეს ჩვენც წარვადგენთ, დაკითხვას მოვითხოვთ", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

„ქართული ოცნების“ წევრი, კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.

წაკითხვა 766 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.