December 3, 2024

ოპოზიციურ პარტიებს ანტიკორიფციული ბიურო ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა, ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს და გამოთქვამს ეჭვს, რომ ისინი დაფინანსებას კანონდარღვევით იღებენ. კონკრეტული პარტიების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა.

„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ელენე ხოშტარია, ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის“. - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მან დღესვე, 27 აგვისტოს, გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალ მოძრაობას ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა.

„ანტიკორუფციული ბუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და მოძრაობის 24 წევრს დაევალა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ისინი ვალდებული არიან, ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით დადგენილი წესით წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო“. - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით“ ჩაატარა „დემოკრატიის ფესტივალი“, რომელსაც, მისი ვარაუდით, ჰქონდა პოლიტიკური შინაარსი და მიმართული იყო მასში მონაწილე პარტიების მხარდაჭერისკენ. ეს ფესტივალი 3 აგვისტოს გაიმართა თელავში და მასში ცესკოც მონაწილეობდა. ანტიკორუფციულ ბიუროზე ადრე ამ ფესტივალის გამართვაში საარჩევნო პრინციპების დარღვევა დაინახა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“.

ანტიკორუფციულ ბიუროს მოგვიანებით განცხადებით უპასუხა „თავისუფლების მოედანმა“:

„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების“.

დამატებით, რაჟდენ კუპრაშვილმა ყველა პარტიას დაავალა, უწყებას მიაწოდონ ინფორმაცია 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაწეული ხარჯების შესახებ.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არ უსაუბრია სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ საქმიანობის შესახებ ეჭვებზე.

წაკითხვა 201 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 27 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.