April 7, 2025

"საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები" - ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია სამართალდამცველებმა ე.წ. რეიდის ფარგლებში გააჩერეს, რა დროსაც პირადობა და ჩანთის შემოწმება მოსთხოვეს.

ადვოკატის ცნობით, დაკავების დროს, მანქანაში მის მიმართ იყო ჰომოფობიური რეპლიკები იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა.

ადვოკატის განმარტებით, გეგმავენ, რომ სახალხო დამცველს მიმართონ.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ საბა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რომ მეგობრებს შეხვედროდა, რა დროსაც მასთან ორი პოლიციელი მივიდა და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით მის პირადობის მოწმობას ითხოვდნენ. საბამ პირადობის მოწმობა მიაწოდა, შემდეგ სთხოვეს, რომ ჩანთა გაეხსნა, რაზეც ჩანთაც გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რა დროსაც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა. ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და საპატრულო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს მის მიმართ იყო ჰომოფობიური სიტყვები გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტს ასევე ჩამოართვეს ვიდეოკამერა Go Pro, რის შემდეგაც სამართალდამცველებს რამდენჯერმე სთხოვა, რომ არ დაეკარგათ.

საბა სორდიას უფლებების დამცველის თქმით, მას კამერის დამტვრევითაც დაემუქრნენ.

„მითხრეს, თუ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ ამას, დავამტვრევთ შენს კამერასო, რაც პოლიციელების მხრიდან არის შეუსაბამო საქციელი. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველს მივმართოთ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიური მიმართვის თაობაზე. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუკი მას გაუგრძელებენ დამატებით 48 საათით ვადას, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში გადაიყვანენ ან ხელწერილით გამოუშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, როგორ გაგრძელდება შემდგომში საკითხი“, - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა.

მისი განმარტებით, დაკავებისას საბა სორდიას არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. როგორც  შსს-ს პრესსამსახურში აცხადებან, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

წაკითხვა 408 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.