4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დააკავეს 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. პოლიცია კიდევ ოთხს ეძებს.
გიორგი ჩახუნაშვილის მეუღლემ დაკავებამდე მცირე ხნით ადრე, ბინაში პოლიციის ყოფნის დროს ვიდეო გადაიღო.
გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს:
„არ ვეთანხმები [წარდგენილ ბრალს]. მივყვები [პოლიციას]. არაფერი გულდასაწყვეტი არ არის. გასაგებია. სამშობლო მიყვარდა დღემდე. დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება“...
„მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდოდა, ამას არ ვეთანხმები“...
„ის 350 000 ოჯახი, რომელიც მე მყავს უფასოდ გასინჯული, თავის დასკვნებს გააკეთებს“...
„ბავშვებო, ახალგაზრდებო, არაფერი არ არის დაგვიანებული“...
„საქართველო აუცილებლად იქნება ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი. თქვენ რა შუაში ხართ. გასაგებია“, - ეუბნება ის პოლიციელებს.
„მე რა გზითაც გავიზარდე, კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი საქართველოს, გავიარე დიდი გზა, დღესაც შემიძლია, რომ გავიარო დიდი გზა. ასე რომ, მე დათრგუნული არა ვარ. სამშობლოსათვის ვიბრძოდით, დღესაც ვიბრძოლებ. რამდენსაც მომისჯიან“...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებში იმყოფებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ბინაში.
მისი ვაჟი, კოტე ჩახუნაშვილი, - რომელიც აქციების აქტიური მონაწილეა, - წერს, რომ გიორგი ჩახუნაშვილს აპატიმრებენ.
ბინასთან უკვე შეკრებილები არიან ჟურნალისტები და ჩახუნაშვილის მხარდამჭერები.
71 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი არის პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
