December 21, 2025

21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაახალწლო და მომდევნო დღეებში - 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით - აქციის დროს მსვლელობის გამართვას ზღუდავს. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია აქციის გასამართი ადგილისა და ფორმის შესახებ მითითებები.

 

შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 19:00 საათი;
შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 24:00 საათი.

შსს აღნიშნავს, რომ ამ აქციის გამართვაზე პასუხისმგებელ პირად კახა წიქარიშვილი ჰყავთ განსაზღვრული.


“შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”, - წერია განცხადებაში.

 

10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.

​თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონი, რომელიც „ხალხის სავალ ნაწილზე“ აქციის გამართვაზე რეგულაციას აწესებს, შსს-მ ისე არ უნდა აღასრულოს, რომ დემონსტრაციის გასამართად ნებართვის აღებას დაემსგავსოს.

წაკითხვა 78 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.