მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ

2017 წელს დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი რეზონანსული საქმეა, რომელზეც საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ წყდება.

 

15 წლის მოზარდის, დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მომხდარიდან წელიწადნახევრის შემდეგ დაკავებული მიხეილ კალანდია უკვე 5 თვეა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა, პატიმარი, რომელიც ამასობაში სრულწლოვანი გახდა, ამტკიცებს, რომ მისი დაკავება საზოგადოების გავლენისა და პოლიტიკური ფიგურების ინტერესების შედეგია. კალანდიას, რომელიც ტრაგედიით დასრულებული, მოზარდებს შორის გარჩევის დროს თავადაც არასრულწლოვანი იყო, მედიასთან ამ დრომდე არასდროს უსაუბრია, თუმცა უკვე 19 წლის ბრალდებულთან პირველი ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა „ინტერპრესნიუსმა“ მოახერხა...

 

 

რას ნანობს, რას შეცვლიდა და რა აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის? - მიხეილ კალანდიას „ინტერპრესნიუსმა“ ამ და სხვა შეკითხვებით მიმართა...

 

 

- მიხეილ, როგორია თქვენი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში?

 

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ჩემი პოზიციითა და მდგომარეობით. მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ დამაკავეს აბსურდული ბრალდებით და უკვე 5 თვეზე მეტია ვიმყოფები პენიტენციურ დაწესებულებაში. თავს ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად ჯანმრთელად და მხნედ, არ ვკარგავ იმედს, რომ სამართალი იზეიმებს.

 

 

- ამბობენ, რომ 20 კილოზე მეტი დაიკელით...

 

- დიახ, დაახლოებით 20 კილო მაქვს დაკლებული. ნერვიულობის ფაქტორიცაა - ვნერვიულობ ჩემს ოჯახზე, ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ძალიან განიცდიან ჩემს აქ ყოფნას, განსაკუთრებით, ჩემი მცირეწლოვანი და-ძმები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი მიზეზი ჩემი წონაში დაკლების არის ის, რომ დაკავების დღიდან ვცდილობ მივყვე ცხოვრების ჯანსაღ წესს, ინტენსიურად ვვარჯიშობ და ვიკვებები ჯანსაღი საკვებით.

 

 

- როგორ გექცევიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და აწყდებით თუ არა რაიმე სახის პრობლემებს?

 

- მოგეხსენებათ, რომ ჩემი ამბავი იყო გახმაურებული და საზოგადოების ნაწილი იყო ნეგატიურად განწყობილი ჩემ მიმართ. მიუხედავად ამისა, გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები გაგებით მოეკიდნენ ჩემ სიტუაციას.

 

 

თავდაპირველად მქონდა სტერეოტიპული დამოკიდებულება ციხის მიმართ, მაგრამ საკანში მოხვედრის მომენტიდან გამიქარწყლდა ეს შეხედულება. დამხვდა მოწესრიგებული და მეგობრული გარემო. საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი წვდომა მაქვს დაწესებულების ბიბლიოთეკასთან, ადმინისტრაცია და სოცმუშაკი ხელს მიწყობენ სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღებაში. შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია.

 

 

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დაკავების დღიდან ამ დრომდე?

 

- საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნეგატიური განწყობიდან გამომდინარე, წელიწადნახევრის განმავლობაში არ მეძლეოდა საშუალება თავისუფლად გადაადგილებისა და შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლა-განათლების მიღებისა. ამის გამო, ფაქტობრივად სწავლის ერთი წელი დავკარგე. დაკავების დღიდან მომეცა საშუალება, სრულფასოვნად გამეგრძელებინა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღება. მაქვს ბევრი თავისუფალი დრო, რომელსაც ვიყენებ მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის კითხვაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ შემეცვალა შეხედულება გარკვეული საკითხების მიმართ, როგორიცაა სასამართლო სისტემა, პროკურატურა და მივხვდი, თუ რამდენი პრობლემა ყოფილა ჩვენს ქვეყანაში.

 

 

- დაკავების შემდეგ, ხომ არ ყოფილა ვინმეს მხრიდან თქვენზე რაიმე სახის ზემოქმედების მცდელობა?

 

- დაკავების დღიდან ჩემ მიმართ არ განხორციელებულა არანაირი სახის ზემოქმედება, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულება უზრუნველყოფს ჩემს უსაფრთხოებას.

 

 

- რა გაქვთ ახლა სათქმელი საზოგადოებისთვის?

 

- პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სხდომის გახსნა-დახურვასთან დაკავშირებით. ჩემი და ჩემი უფლებადამცველების ერთადერთი მტკიცე პოზიცია არის ის, რომ ჩემი პროცესები უნდა იყოს საჯარო და უნდა გაშუქდეს მასმედიით. მინდა, რომ ხალხმა ნახოს ის მტკიცებულებები, რითაც მებრძვის პროკურატურა - არაფრით, რადგან, რაც ბუნებაში არ მომხდარა, იმის მტკიცებულება ვერანაირად ვერ იარსებებს და სწორედ ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ ჩემი პროცესების დახურვა, რათა არ ნახოს ხალხმა, რომ მათ საქმის გამოძიებაში ძალიან ბევრი დარღვევაა და მათი წარდგენილი ბრალი არაფრით არ არის დასაბუთებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე არ მეძლევა საშუალება, რომ ჩემი სხდომები გავასაჯაროვო.

 

 

ასევე მინდა საზოგადოებას ავუხსნა, თუ რატომ პასიურობდა ჩემი ოჯახი მედიასთან ჩემს დაკავებამდე. ჩვენი ოჯახის ერთხმიანი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ მომხდარ ტრაგედიაზე მორალური პასუხისმგებლობა გვეკისრება და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ გვესაუბრა საჯაროდ ჩვენი პოზიციის შესახებ და არ გვემტკიცებინა საზოგადოებისთვის ჩვენი სიმართლე. ჩვენთვის ისიც საკმარისი იყო, რომ საგამოძიებო უწყებები იყვნენ ყველაფრის საქმის კურსში. ჩვენი ეს დუმილი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, ჩვენ ამით პატივს ვცემდით გარდაცვლილების ოჯახებსა და მათ სულებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი სათქმელი ჩვენ გვქონდა, რადგან ყველაზე მეტი ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ისმოდა, მაინც არ გვინდოდა ისედაც გაუბედურებული ოჯახები მედიაში ჩვენი გამოჩენით გაგვეღიზიანებინა.

 

 

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდა დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსების გარდა? მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური. იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილი არის, რომ მონეტას ორი მხარე აქვს.

 

 

- დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

 

- ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი.

 

 

- რა არის რასაც ნანობთ?

 

- ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

 

 

- რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს, სკოლის მოსწავლეებს, რომლებისთვისაც „ბიჭური გარჩევები“ შეიძლება უცხო არ იყოს?

 

- ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ ერთადერთი, გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს.

 

 

- თვლით, რომ მსხვერპლი ხართ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში?

 

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ.

 

 

- თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ მიიჩნევთ. გაქვთ ვერსია, ვის შეიძლება მოეკლა დავით სარალიძე?

 

- წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველდღიურად ირღვეოდა ჩემს მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რა ძნელია ეს, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამივე ეროვნული ინსტანცია არ არის დამთავრებული და საბოლოო განაჩენი ჯერჯერობით არ დამდგარა, არ მინდა ჩავიდინო ის ქმედება, რომელსაც მე პირადად ვგმობ და სწორედ ამიტომ ჩემი მხრიდან ამაზე ღიად საუბარი არ მიმაჩნია სწორად, რამეთუ არ მსურს აღმოჩნდეს სხვა ჩემნაირ მდგომარეობაში.

 

 

- და ბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ თქვენი საქმიდან? - განაჩენი წინაა...

 

- სამართლიან სასამართლოში აუცილებლად გავმართლდები, მაგრამ თუ ეროვნული ინსტანციები მოექცნენ პროკურატურისა და გავლენიანი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ, მაშინ ჩემს უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს სტრასბურგის სასამართლო და ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოება გაიგებს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის არასასიამოვნო სიმართლეს.

 

 

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კითხვებისთვის და იმისთვის, რომ მომეცით საშუალება ჩემი აზრი დამეფიქსირებინა.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 665 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.