"საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა"
საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
„დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. ოფისი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
Human Rights Watch-ი ადამიანის უფლებათა ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.
„20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის განცხადებით, პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, სხვა მხრივ შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა.
„მათ დაიწყეს გამოძიება და ბრალი წაუყენეს აქციის 19 მონაწილეს. პროკურატურამ დაზარალებულად აღიარა 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე. ბევრ დაშავებულ მომიტინგეს გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა. სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი ნოემბერში კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო,“- ნათქვამია ანგარიშში.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.
ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.
„სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა,“ - ნათქვამია ანგარიშში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი