დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დანაშაული მოინანია და აღიარა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ დანაშაული მოინანია და აღიარა.

გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობას ორი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა. როგორც თორნიკე ნადირაძე აცხადებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ბრალდების მხარეს ჯანაშიას ადვოკატმა მიმართა.

 

„დღეს განახლდება საქმის განხილვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარე წარმოადგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასევე მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ, ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა ნადირაძემ.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, არის თუ არა შესაძლებელი, აღნიშნულ საქმეზე სხვა პირებიც მიეცენ პასუხისგებაში, პროკურორი აცხადებს, რომ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებებზე ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს.

 

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

 

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გუგა ბარბაქაძე. მას სასჯელი დაუმძიმდა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ.

წაკითხვა 608 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.