„დღემდე ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია“
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა აქამდე ანტიკონსტიტუციური კანონპროექტებით იხელმძღვანელა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „დღემდე ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია“.
“საგანგებო ან საომარი მდგომარეობა არის განსაკუთრებული რეჟიმი და ის ჩვეულებრივი რიტმისგან განსხვავებულ მკაცრ რეგულაციებს მოითხოვს. თუკი ახალი შეზღუდვა წესდება, ის კონსტიტუციით უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დააწესოს, კერძოდ, კანონის მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანომ - პარლამენტმა. 21 მარტს პრეზიდენტის #1 დეკრეტი ჯერ კიდევ პროექტი იყო, როცა საჯაროდ ვთქვი, მასში 3.000 და 15.000-ლარიანი ჯარიმის ჩაწერა არაკონსტიტუციურია-მეთქი. დღემდე დეკრეტით ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია. დავუშვათ რაღაცები გამორჩათ და შემდეგ შეისმინეს საჯარო თუ პროფესიონალთა რჩევები. ახლა კანონში ჩაწერეს და ძალაში შევა 2 მაისიდან, ანუ კანონიერი იქნება, მაგრამ ეს დეკრეტი პრეზიდენტს შეაწმინდეს და მანამდე ამის საფუძველზე გამოწერილი ათასობით ჯარიმა ანტიკონსტიტუციურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
“თუ ვინმემ პრეზიდენტის დეკრეტის ეს ნაწილი ჯარიმასთან ერთად სასამართლოში ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ორგანო იტყვის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, რაც ნიშნავს დეკრეტის ამ ნაწილის ძალადაკარგულ აქტად ან არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ აქტად ცნობას. თუ ჯარიმა გადახდილია, მაშინ თანხა ბიუჯეტიდან ბოლო კაპიკებამდე უნდა დაბრუნდეს. ვინაიდან დეკრეტის ეს ნაწილი ანტიკონსტიტუციურია და ვინაიდან პრეზიდენტის დეკრეტი მთავრობის ინიციატივით გამოიცემა, უკვე არსებობს პრეზიდენტისა და პრემიერის მიმართ საგამოძიებო კომისიის შექმნისა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფორმალური საფუძველი. უბრალოდ, საგანგებო მდგომარეობის დროს იმპიჩმენტის პროცედურები არ იწყება”, - განმარტავს იურისტი და შეკითხვაზე - “კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ 6-წლიანი სასჯელი საგანგებო მდგომარეობის წესის ხელმეორედ დარღვევის გამო?” - პასუხობს:
“სასჯელი უნდა იყოს ქმედების, დარღვევის ადეკვატური და პროპორციული. თუ ეს არ არის დაცული, ანტიკონსტიტუციურია. კოდექსებში არსებობს რაღაც, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას ამ სანქციებისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მესმის, რომ სასჯელის ერთ-ერთი მიზანია ე.წ. მსუსხავი ეფექტის მოხდენა, რომ ეშინოდეს, ძრწოდეს ადამიანი, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს შიში არ არის ყველაზე კარგი დამხმარე ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. ხომ ვნახეთ, მარნეულში გამოსვლები? არადა, ყველაზე მკაცრ კარანტინში დღეს მარნეულია, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, თბილისში კი იმუშავა, სადაც უფრო ნაკლები სიმკაცრეა. დემოკრატია მხოლოდ კანონით მმართველობას არ ნიშნავს, ის პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მმართველობას ნიშნავს”.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში