"ყოველ ღამე მისი ტანსაცმელი მაქვს ჩახუტებული და ვეხვეწები, რომ დამესიზმროს“ – ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი „სხვა ნანუკას“ შოუში თავის განცდებზე საუბრობს.
„გახლეჩილი ვარ ორად. ფიზიკურად ბიჭთან ვარ, ფიქრებით გოგონასთან. სახლში არ ვტირი, არ მინდა გიორგიმ ინერვიულოს. რატომ ხდება ასე როცა დედაზე ადრე შვილი მიდის ამ ქვეყნიდან?!
ბოლო დღეებში ვატყობდი, რომ ნამტირალევი იყო. როცა ვეკითხებოდი, რა გჭირს-მეთქი, ასე მპასუხობდა, უკვე სრულწლოვანი ვარ, თვითონ მივხედავ ჩემს პრობლემებსო. ალბათ ბევრი განმიკითხავს, რატომ ვერ გაიგე რა სჭირდაო.
ვეცადე, მაგრამ არაფერი თქვა… გაივლიდა თუ გამოივლიდა მოვიდოდა და მკოცნიდა. საოცარი მოკითხვა იცოდა, რამე ხომ არ გინდათ, ხომ არაფერი გიჭირთო. თავის პრობლემაზე არასდროს ხმას არ იღებდა, აქეთ ცდილობდა დაგვხმარებოდა.
ახლა რომ ვფიქრობ, თითქოს გული უგრძნობდა, ყველაფრის მოსწრებას ცდილობდა. რატომ, რატომ?! ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. ნეტა ცოცხალი დაეტოვებინათ და ჩვენც გავყვებოდით სხვა ქვეყანაში და საერთოდ გავქრებოდით. მეც მინდოდა ჩემი შვილით მეამაყა… რამე მაინც გეთქვა დე, იქნებ მეშველა.
გაწერილი ჰქონდა ყველა გეგმა. ბავშვობიდან არ უყვარდა დროის კარგვა. გიორგი ახალი გაჩენილი მყავდა, რომ თამარი, ფურცლით და კალმით მოვიდოდა, მთხოვდა განტოლებები დამეწერა, რომ ამოეხსნა.
მისი თანატოლები ამ დროს თოჯინებით თამაშობდნენ. მთელ ფურცელს ვუვსებდი. ისე მალე მოჰქონდა ამოხსნილი განტოლებები, ხანდახან ვბრაზდებოდი ასე მალე როგორ ხსნის – მეთქი.
ძალიან საყვარელი გოგონა იყო. ბოლო პერიოდში ოჯახის შექმნაზე ვესაუბრებოდი. ფსიქოლოგისთვის უთქვამს, ჩემს თანატოლებს ოჯახები ჰყავთო. შვილი მაინც დარჩენოდა, იმას მაინც მოვეფერებოდით…
მენატრები დე, გაუსაძლისად მენატრები… თამუნაზე ფიქრით ვიღვიძებ. ყოველ ღამე მისი ტანსაცმელი მაქვს ჩახუტებული და ვეხვეწები, რომ დამესიზმროს, მაგრამ არ მესიზმრება.“ – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის